„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 11 მოქალაქის უფლებების დასაცავად, სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 11 მოქალაქის უფლებების დასაცავად, სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს

12 აგვისტო, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაიგზავნება საჩივარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებს შეეხება.  

საჩივრით ჩვენ ვამტკიცებთ რომ, 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, კერძოდ,  მათ უკანონოდ წაათვეს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე. ყოველივე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით გარანტირებული უფლებების დარღვევას.  

ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოს 11 მოქალაქეს წარმოვადგენთ. ოფიციალური ინფორმაციით საოკუპაციო ხაზი 104 სოფელზე გადის. საჩივრის მოგების შემთხვევაში დადებითი შედეგით სარგებლობის უფლება შეეძლებათ ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა უფლებებიც დაარღვიეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა და რუსეთის სახელმწიფომ.     

სარჩელი რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა. მიგვაჩნია, რომ სახეზეა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა, კერძოდ:

  • ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას ადგენს.  

საკუთრების უფლების ხელყოფა პირდაპირ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელისუფლებო უფლებამოსილების განხორციელების შედეგად. მომჩივნები თვლიან, რომ მათი ქონება განადგურდა ან დატაცებულ იქნა მალევე მას შემდეგ, რაც ისინი აიძულეს დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები. დღემდე მათ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გამუდმებით უარს უცხადებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებაზე, რაც საკუთრების უფლებაში განგრძობად ჩარევას წარმოადგენს.

  • კონვენციის მერვე მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხება.

ყველა მომჩივანი ძირეულად დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიასთან, შესაბამისად მათ მყარად ჩამოუყალიბდათ კავშირი საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან. შესაბამისად რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარების შედეგად და ასევე მომჩივანებისთვის მათ საკუთრებაზე წვდომის აკრძალვით დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი.  

  • კონვენციის მეცამეტე მუხლი, რომელიც სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას შეეხება.

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპირების შემდეგ რუსეთის ფედერაცია საქრათველოს ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. შედეგად, მოსახლეობისთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს არც ერთი სამართლელბრივი დაცვის მექანიზმი, რაც მათი უფლებების ეფექტურად დაცვის საშუალებას უზრუნველყოფდა. ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობს არც ერთი არსებული მაგალითი საკუთრების და პირადი და საოჯახო უფლებიდან გამომდინარე, რომელიც ეთნიკურ ქართველს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ან თუნდაც რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებში წარმატებით დაესრულებინოს.

სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტური მექანიზმის უპერსპექტივობა ნათლად ჩანს თუნდაც იმ ფაქტით, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების საკითხი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მხარეთა ძირითად უთანხმოების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ადგილი აქვს და კვლავ გრძელდება კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა და ამ დარღვევისთვის პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საჩივრის სრულყოფილად მომზადებისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტის მოწოდებისთვის.  ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.