არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ

29 ოქტომბერი, 2012

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორიო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლა და გამოაქვეყნა.  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო.

ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ შიდაუწყებრივი მოკვლევა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების გათავისუფლების გარემოებების თაობაზე, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ გათავისუფებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირების გამოვლენა.

ჩვენის მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მოგაწოდოთ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა საქმის გარემოებების შესახებ.