არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტის წევრებს „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტის წევრებს „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

25 ივნისი, 2015

 

მოგმართავთ მთავრობის ინიციატივით პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის თაობაზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოების სამსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილება.

პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ პოზიტიურად ვაფასებთ საპოლიციო და უშიშროების სამსახურების გამიჯვნის ინიციატივას. თუმცა, ვფიქრობთ, რომ გამიჯვნა რეალურ შინაარსს უნდა ატარებდეს და ქმნიდეს არამხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფუნქციური გაყოფის საფუძველს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი აღნიშნულ გარანტიას ვერ ქმნის. ის მხოლოდ ფორმალურ გამიჯვნას წარმოადგენს და დამატებით უკავშირდება არაერთი ახალი საფრთხის წარმოშობას ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპის წინააღმდეგ. მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის არსებულ რედაქციას და ხელი შეუწყონ მსჯელობის გაგრძელებას კანონპროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების სამსახურებს უნარჩუნდებათ სამართალდაცვითი, საგამოძიებო და პრევენციული ფუნქციები. უშიშროების სამსახურებს ეძლევათ სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების უფლება, მოქალაქეთა თავისუფლებაში უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ქმნის როგორც ფუნქციათა დუბლირების, ისე უშიშროების სამსახურების მიერ უფლებამოსილებების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

უსაფრთხოების სამსახურები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სასამართლო კონტროლის გარეშე მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას და ამავე რეჟიმში (სასამართლო კონტროლის გარეშე) ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული ფოტო და კინო გადაღება, მაშინ როდესაც ანალოგიურ ღონისძიებებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით ავრცელებს სასამართლო კონტროლს. სამსახურებს აგრეთვე წვდომა აქვთ ფარული მიყურადების ტექნიკურ მოწყობილობებზე. ასეთ პირობებში უსაფრთხოების სამსახურებისთვის საგამოძიებო ფუნქციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია.

გასთავალისწინებელია, რომ სამსახურების საქმიანობა ნაკლები გამჭვირვალობით ხასიათდება, მასზე არ ვრცელდება საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმები (ნდობის ჯგუფის მანდატი შეზღუდულია). ამდენად ფაქტობრივად შეუძლებელია უსაფრთხოების სამსახურების მიერ წარმოებულ საგამოძიებო საქმიანობის შესაბამისი კონტროლი, ისევე როგორც იმის შემოწმება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ხომ არ ხდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დაბალი სტანდარტით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომელიც ნათლად ადგენს, რომ შიდა უშიშროების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი სამართალდამცავი უფლებამოსილების გატარების შესაძლებლობა, როგორიცაა გამოძიება და პირის დაკავება, რამდენადაც ეს წარმოშობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს. ეს უფლებამოსილებები ექსკლუზიურად პოლიციას უნდა ჰქონდეს, რათა მათ გამოყენებაზე ვრცელდებოდეს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმები. აღნიშნულ მიდგომას ადასტურებს იმ ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც უშიშროების სამსახურები პოლიციისგან დამოუკიდებლად არსებობს და მათი ფუნქციები ანალიტიკური საქმიანობით შემოიფარგლება.

აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის წევრების მიერ კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციისთვის პრინციპების დონეზე მხარდაჭერა გამორიცხავს შემდგომში კანონპროექტის არსებით გადამუშავებას, რაც შექმნის შეუქცევად საფუძველს ადამიანის უფლებებისთვის დამატებითი რისკების შესაქმნელად.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე აუცილებელია კანონპროექტის არსებითად გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით:

  • უშიშროების სამსახურების მანდატი უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ანალიტიკური მიზნებით და მას არ ჰქონდეს საგამოძიებო და სამართალდაცვითი ფუნქიები;
  • ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს უშიშროების სამსახურების მანდატი, მათი კომპეტენცია და ფუნქციები;
  • არ დარჩეს კითხვები და ბუნდოვანება იმ პრევენციულ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენების უფლებაც უშიშროების სამსახურებს ექნებათ;
  • ყველა მნიშვნელოვანი და უფლების შემზღუდველი საქმიანობის შესაძლებლობა კანონშივე ნათლად უნდა იყოს აღნიშნული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის წარმოდგენილ ვერსიას. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კანონპროექტის დახვეწაზე შემდგომი მუშაობა, რაც შეუძლებელი იქნება კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

print