„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)

15 ივნისი, 2014

 

ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თბილისში ჩვენ მიერ მოცულ ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროულად დაიწყო, რაც, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, დადებითად უნდა შეფასდეს. ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 6 მცირე და 11 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 5 საჩივარი. ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა. 

სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

  • ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა, უბანზე უცხო პირების მხრიდან ძალადობის შედეგად;
  • მარტვილის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ ხმას, რადგანაც მარკირების შესამოწმებელი ფარანი გაფუჭდა;
  • 4 უბანზე (ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #26 და #64, ასევე, მარტვილის საარჩევნო ოლქის #11 და #27 უბნები) ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც კანონით მხოლოდ ერთ წარმომადგენელს შეუძლია უბანზე ყოფნა;
  • ისნის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 14 ადამიანიდან 10 ადამიანის შესახებ არასწორი მონაცემები იყო შეტანილი და ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ყუთის დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ, საოლქო კომისიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთით კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ გასწორებული მონაცემებით;
  • დიდუბის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე 7-დან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები 7 საათამდე უკვე დასრულებული იყო;
  • ხონის საარჩევნო ოლქის #1 და #4 უბნებზე არ იყო გამოკრული საარჩევნო სუბიექტების სია.

მივესალმებით შსს-ს მიერ მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების გატაცების, ასევე, ფონიჭალაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებზე  გამოძიების დაწყებას.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები თბილისის მასშტაბით 373 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი და ათივე ოლქს ფარავენ. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 15 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს. თბილისის გარეთ ორგანიზაცია ქვეყნის 5 რეგიონის 29 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში 25 მობილური ჯგუფის მეშვეობით ადევნებს პროცესებს თვალს. ქვემო ქართლში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არჩევნების დაკვირვებაში დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა).

არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღის განმავლობაში კიდევ ორჯერ წარმოადგენს: პრესკონფერენციები გაიმართება 16 საათზე და 20 საათზე.