განცხადება სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით

20 დეკემბერი, 2012

2012 წლის 19 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ყოფილი ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის და სხვა პირთა დაკავების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე დაიდო სასამართლოს ბრძანებები, რომელთა თანახმად, სასამართლომ ნება დართო საგამოძიებო სამსახურს ფარული მიყურადება და ჩაწერა განეხორციელებინა გიორგი ნემსიწვერაძისა და კახა დამენიას ტელეფონებზე.

გავრცელებულ აუდიო მასალაში წარმოდგენილია ნიკა გვარამიასა და ვანო მერაბიშვილის, ასევე დევი კანდელაკისა და ალექსანდრე ხეთაგურის, სატელეფონო საუბარები. თუმცა, საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე დადებულ სასამართლო ნებართვებში აღნიშნული პირები ნახსენები არ არიან.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და სხვა შესაბამის ორგანოებს დაასაბუთონ მათი ქმედებების კანონიერება და დამატებითი განმარტება გააკეთონ, თუ რა საფუძვლით მოხდა ხსნებული პირების სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა.

ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით იხილეთ ასევე ჩვენი ორგანიზაციის ბლოგი "ტელეკომუნიკაციების უკონტროლო სისტემატური მეთვალყურეობა უნდა დასრულდეს".