ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა მოაგვაროს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა მოაგვაროს

02 აპრილი, 2014

უახლოეს მომავალში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა მომენტიდანაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა: კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა.

ამ საკითხების გარდა, გვინდა შევეხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის კვლავ აქტუალურია და გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

1. საარჩევნო კანონმდებლობა

როგორც აღვნიშნეთ, განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, დარჩენილია საკითხები, რომელებიც დახვეწას საჭიროებს, რაც მოახლოებულ არჩევნების ჭრილში პრობლემურია. საქართველოს პარლამენტში ამ წუთებშიც იხილება ცვლილებების პროექტი საარჩევნო კოდექსში, რომელიც მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის შედეგად საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე თამაშის წესების ცვლილების არდაშვებაა.

2. ამომრჩეველთა ერთიანი სია

განხორციელებული ცვლილებებით, აღარ მოხდება ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენას და სიებში არსებული უზუსტობების გამორიცხვას, რაც 2013 წლის ინერფრაქციული ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენდა. აღნიშნულის ნაცვლად, სახელმწიფო სერვისების სააგენტო მის ბაზაში არსებული სურათების შედარებას და გაორებების გასწორებას განახორციელებს. კერძოდ, სააგენტოს ბაზაში საარჩევნო უფლების მქონე პირის უახლესი ფოტოსურათი შეედრება ბაზაში არსებულ ყველა სხვა სურათს. სავარაუდო გაორების დადგენის შემთხვევაში, სააგენტო ინდივიდუალურად შეისწავლის ყოველ კონკრეტულ საქმეს და არასწორი მონაცემების გამოვლენისას მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, არჩევნების დღეს იგეგმება ფოტოსურათიანი სამაგიდო სიების დაბეჭდვა, რომ მოხდეს მოსული ამომრჩევლის შედარება სიაში არსებულ ფოტოსურათზე გამოსახულთან. ეს კი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ამომრჩეველთა ბიომეტრიულ რეგისტრაციას და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის მქონე ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენას. ამასთან, არჩევნების დღეს ფოტოსურათიანი სამაგიდო სიების ეფექტურად გამოყენება, ისე რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესის შეფერხება, დამოკიდებული იქნება ფოტოსურათების ხარისხზე, პარამეტრებსა და კომისიის წევრების უნარებზე.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი და მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ, რაც გარკვეულ საფრთხეებს აჩენს ამ ამომრჩევლების ხმების მანიპულირებასთან დაკავშირებით.

დაზუსტდა შსს-ს თანამშრომლების მიერ ხმის მიცემის საკითხი და იმ თანამშრომლებს, რომელთა სამსახურის პირობებიც მათ ყოფნას რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე მოითხოვს, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში და მაჟორიტარული სისტემითა და მერების/გამგებლების არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის და რეგისტრაციის ადგილი ერთმანეთს ემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელეული ცვლილება გარკვეული პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ვფიქრობთ, რომ შსს-ს თანამშრომლებს, რომელთა დისლოკაციის ადგილი არ ემთხვევა მათი რეგისტრაციის ადგილს, არც პროპორციული სისტემით განხორციელებულ საკრებულოს არჩევნებშიც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა და არ უნდა დააკომპლექტონ თვითმმართველობის ორგანოები პროპორციული წესითაც, რომლის ქვემდებარე ტერიტორიაზეც აღნიშნული პირები არ ცხოვრობენ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აღნიშნულმა პირებმა კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრაციიის ადგილის მიხედვით გაიარონ.

3. ოლქების საზღვრების დადგენა

საყურადღებოა, რომ ახალი თვითმმართველი თემების შექმნის საკითხი ჯერ არ გარკვეულა, ეს პროცესი საჯარო განხილვებისა და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად კვლავ გაურკვეველია ოლქების საზღვრები და სახელწოდებები, რაც პოლიტიკურ პარტიებს ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა/ჩატარებაში.

4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები

ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ვფიქრობთ, რომ ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

5. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის დაწყება

სამწუხაროდ, დღემდე არ შექმნილა უწყებათშორისი კომისია, რომელიც გასულ წლებში მნიშვნელოვანი პრევენციული ფუნქციის მატარებელი იყო. მიმდინარე წელს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისია შეიქმნება საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების ამოქმედება გამოქვეყნების მომენტიდან განისაზღვრა. კანონი კი 14 მარტს გამოქვეყნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უწყებათაშორისი კომისიას უკვე უნდა დაეწყო მუშაობა.

მიგვაჩნია, რომ კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა და უზრუნველყოს მისთვის კანონით მინიჭებული ფუნქციის შესრულება.

6. სახელმწიფოს სოციალური პროგრამები

ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე ისეთი სოციალური პროექტის დაწყების შესახებ გახდა ცნობილი, რომელთა განხორციელებაშიც საარჩევნო მოტივი შეიძლება დავინახოთ. საქმე ეხება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების გაწევის დაწყებას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე და თბილისში საკრებულოს მიერ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ პრობლემის გადაწყვეტის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს. კონკურენტული საარჩევნო გარემოს არსებობისთვის, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ასეთი პროგრამების ინიცირებისგან წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს, რადგანაც ასეთი ქმედებები თავისი არსით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. 

7. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების გათავისუფლება

ასევე, ძალზე პრობლემურია პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელე არჩევნების შედეგ მოვალეობის შემსრულებელი გახდება. ეს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებზე სერიოზულ ზეწოლად და საარჩევნო პროცესებში მათი იძულებით ჩაბმის მცდელობად აღიქმება, არამედ პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)