კოალიცია პრემიერისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას დადებითად აფასებს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი კოტე კუბლაშვილის შეხვედრას. ჩვენ დადებითად ვაფასებთ აღნიშნული შეხვედრის ჩატარების ფაქტს და ვფიქრობთ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყანაში მართლსმაჯულების რეფორმის უმტკივნეულოდ ჩატარებისთვის. ასევე ვთვლით, რომ ამ პროცესში აუცილებელია სასამართლოს მაქსიმალური ჩართულობა, რათა რეფორმა ეფექტურად დასრულდეს. ვთვლით, რომ სასამართლოს სიტემის რეფორმირება არ უნდა მიმდინარეობდეს კონფლიქტურ გარემოში და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის გარეშე, რადგან საზოგადოების უმთავრესი ინტერესი სწორედ მიუკერძოებელი და ეფექტური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაა.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ადრეც საუბრობდა კონსტრუქციული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაზე. მივესალმებით ორივე მხარის განცხადებას სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე იმ ფაქტს, რომ საკითხთა უმრავლესაბაზე მხარეთა თანხმობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ვენეციის კომისიისთვისაც, იმის გათვალისწინებით რომ მან უახლოს პერიოდში საზოგადოებას სასამართლოს რეფორმირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულო კანონპროექტის მიმართებაში საკუთარი რეკომენდაციები უნდა წარუდგინოს.
მიგვაჩნია, რომ დღეს მხარეებმა იმოქმედეს საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავის მხრივ იმედოვნებს, რომ აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ ინიციატივასა და პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას.