რეესტრის დამცავი კოდი ზღუდავს საჯარო მონაცემებზე წვდომას და ანალიზს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეესტრის დამცავი კოდი ზღუდავს საჯარო მონაცემებზე წვდომას და ანალიზს

16 ოქტომბერი, 2014

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მონაპოვარია, რაც ხელისუფლების ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას უწყობს ხელს, ხოლო  მოქალაქეებს კი საშუალებას აძლევს აკონტროლონ ხელისუფლების საქმიანობა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო და უფრო მარტივი ხდება მოსახლეობისთვის ღია მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა და, შესაბამისად,  ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ისწრაფოდეს, რომ უკეთ განავითაროს მოქალაქეებისათვის ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა. 

რამდენიმე კვირის წინ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის კომპანიების ძიების განყოფილებას დაემატა ე.წ. “დამცავი კოდი” (captcha), რომელიც მომხმარებელს სთხოვს მონაცემების ნახვამდე სპეციალურ გრაფაში რამდენიმე სიმბოლო შეიყვანოს. ამ ბარიერის გადალახვა მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც ეკრანზე გამოხატულ სიმბოლოებს ხედავენ. შედეგად, საიტზე წვდომა შეუძლებელი გახდა სხვადასხვა პროგრამებისათვის, რომელთა მეშვეობითაც ხდება ვებგვერდზე არსებული მონაცემების ავტომატურად ჩამოტვირთვა და დამუშავება. აღნიშნული შეზღუდვა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.  

მიგვაჩნია, რომ ვებგვერდზე განხორციელებული ეს ცვლილება საზოგადოებას საჯარო რეესტრის მონაცემებზე წვდომის კუთხით მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს. მედიისა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ მონაცემებს ხშირად იყენებ და ამუშავებენ (მათ შორის, ავტომატური საშუალებებით) ხელისუფლების წარმომადგენლებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. მაგალითისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ოპერირებას უწევს ვებგვერდს www.companyinfo.ge, რომელიც ინფორმაციას საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან სწორედ ავტომატური პროგრამის საშუალებით ტვირთავს და ამუშავებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წერილით მიმართა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე „დამცავი კოდის” ჩამოშორების თხოვნით, თუმცა არც ერთ ამ უწყებას ჯერ-ჯერობით წერილზე პასუხი არ გაუცია.

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანაა. OGP-ში მიღწეული წარმატებების გამო, საქართველო 2014 წლის სექტემბერში არჩეულ იქნა OGP-ის მმართველ კომიტეტში 2 წლის ვადით, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანეს შედეგად და საერთაშორისო აღიარებად უნდა ჩაითვალოს საქართველოში ღია მმართველობის განვითარების კუთხით. ამ ინიციატივის მთავარ პრინციპებს სწორედ რომ ინფორმაციის თავისუფლება, მონაცემთა ღიაობის უზრუნველყოფა და ამისთვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება წარმოადგენს.   სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მარტივად იყოს ხელმისაწვდომი და, ასევე, მარტივი იყოს ამ მონაცემების ნებისმიერი საშუალებით დამუშავება. რეესტრის მიერ საკუთარ ვებგვერდზე დამცავი კოდის დამატება კი, პირიქით, საჯარო მონაცემების დამუშავებას ართულებს.

მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, საჯარო რეესტრის ვებგვერდს ჩამოაშოროთ დამცავი კოდი, რომელიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კვლევებისათვის აუცილებელ მონაცემებზე წვდომას უზღუდავს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ჯამპსტარტ ჯორჯია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სტუდია „მონიტორი“

print