საპასუხო განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის კვლევის ანგარიშთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპასუხო განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის კვლევის ანგარიშთან დაკავშირებით

13 აგვისტო, 2013

 

ვეხმაურებით საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის შესახებ ჩვენი კვლევის ანგარიშის თაობაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე 9 საათიან კურიერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ გათავისუფლების მიზეზთა შორის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოტივი იყო. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი რამ ჩვენს კვლევაში მითითებული არ არის. ანგარიშში საუბარია ცალკეულ რამდენიმე შემთხვევაზე, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ გამოთქვა ეჭვი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანთა გათავისუფლება პოლიტიკურად შეიძლება ყოფილიყო მოტივირებული.

გარდა ამისა, ამავე სიუჟეტში რამდენიმე მინისტრმა ცალსახად უარყო მისი უწყებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტები და ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანა. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კვლევაში მოცემული სტატისტიკა, სწორედ მათი სამინისტროების მიერ არის მოწოდებული. შესაბამისად უცნაურია, რატომ უარყვეს მინისტრებმა კვლევაში მოცემული ციფრები. სიუჟეტში მოყვანილი 4 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.

ასევე ვეხმაურებით იმ განცხადებას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ  ჩვენი კვლევის საპასუხოდ დღეს გააკეთა და გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს სამინისტრო იყო იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად მოგვაწოდა. საპასუხო წერილს, რომელშიც გათავისუფლებულ და დანიშნულ პირთა საერთო რაოდენობა იყო მითითებული, თან ერთვოდა ინფორმაცია, მათ შორის, მოსამსახურეების დანიშვნისა და გათავისუფლების ყველა ბრძანების ასლი, ასევე კონკურსის მიმდინარეობის დეტალები და კანდიდატის შეფასების დოკუმენტაცია (1960 გვერდი).  თუმცა კრებსით დოკუმენტში არსად იყო მითითებული დათქმა იმასთან დაკავშირებით, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ერთი უწყებიდან მეორეში გადაინიშნა. ჩვენ ვუშვებთ ალბათობას, რომ არსებულ ასეულობით დანიშვნა/გათავისუფლების ბრძანებაში (სადაც იუსტიციის სამინისტროს გარდა პირების სხვა უწყებებში დანიშვნის ბრძანებებიც იყო) შესაძლებელია ერთი და იგივე პირები ფიგურირებდნენ. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციისთვის შეუძლებელი იყო ყველა იმ პირთა სრული იდენტიფიკაცია, რომლებიც ნახსენები არიან როგორც დანიშვნის ასევე – გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში. მიზანშეწონილი იქნებოდა, სამინისტროს პირდაპირ მიეთითებინა წერილში, რომ მოხდა მოსამსახურეთა გარკვეული რაოდენობის გადანიშვნა. აღნიშნული ინფორმაციის მითითების შემთხევაში, ის ნამდვილად აისახებოდა ჩვენს ანგარიშში, რომლის სიზუსტეშიც სამინისტრომ დღეს ეჭვი შეიტანა. მადლობას ვუხდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებისთვის, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევაში აუცილებლად ასახავს.

print