„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით

03 მარტი, 2017

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილები ქიბარ ხალვაშსა (60%) და შპს „პანორამას” (40%) მიეკუთვნა. საქმის განხილვაზე დაკვირვება და მიღებული შედეგი საშუალებას გვაძლევს პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით განხილული დავა. „რუსთავი 2”-ის საქმე ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიის ხარისხს საქართველოში.

ამ დროისათვის გამოქვეყნებულია გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, „რუსთავი 2”-ის საქმის ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებებზე, რაც კითხვებს აჩენს სამივე ინსტანციაში წარმართულ პროცესთან და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

  • საქმის განხილვის ყველა ეტაპზე საზოგადოებაში არსებობდა კითხვები მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველ ინსტანციაში  გამოითქვა ეჭვი, რომ „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მასზე ზეწოლისათვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. „რუსთავი 2”-ის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოშიც. ასევე, საქართველოს პროკურატურა იძიებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის „რუსთავი 2”-ის ეთერიდან გახდა ცნობილი. გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას წინ უძღოდა ინტერნეტის საშუალებით წარმოებული კამპანია და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეებზე ზეგავლენის მცდელობასთან დაკავშირებით. მოვლენების ამგვარი განვითარება მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედებები შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი მიმართულებით ფორმირებას ემსახურებოდა.

  • დიდმა პალატამ გადაწყვეტილება უკიდურესად მოკლე ვადაში მიიღო. 2016 წლის 22 ნოემბერს „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილვევლმა პალატამ საქმე  განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. დიდი პალატის შემადგელობა მხოლოდ 3 დღის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდამდე დიდი პალატის შემადგელობა განსაზღვრული არ იყო, რაც გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა.  გაუგებარია, როგორ მოახერხა ახლად შექნილმა შემადგენლობამ მრავალტომიან საქმეზე გადაწყვეტილების მიღება სამ დღეში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საფუძველი სწორედ მისი სირთულე გახდა და ის, რომ  საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ან დიდი პალატის შემადგენლობა მის გამოცხადებამდე გაცილებით ადრე იყო ცნობილი და მოსამართლეებს საქმის მასალები გადაცემული ჰქონდათ ან/და გადაწყვეტილება წინასწარ იყო მომზადებული გამოსაქვეყნებლად.

  • საქმის განხილვის დაწყების დღიდან არსებობს კითხვები საქმის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით. ვერ გაიფანტა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტთან მიმართებით არსებული ეჭვები. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ. განსაკუთრებით შემაშფოთებლად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. არსებობს კითხვები როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან, ასევე სასამართლო პროცესების წარმართვის უკიდურესად სწრაფ ტემპთან დაკავშირებით.

  • მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობაშია თავად უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან. დიდი პალატის გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს საქმეზე(№ას-1224-1149-2015) უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 20 მაისის პრეცედენტული გადაწყვეტილებისგან. დღევანდელი განსხვავებული მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საქმის მიმართ არსებულ შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით.  აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ დაასაბუთებს სასამართლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ კერძო ტელეკომპანიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენლები ნეგატიურ განწყობას არ მალავდნენ. „რუსთავი 2”-ის მაღალი რეიტინგი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა საქმეში ხელისუფლების პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ყურადღებით აკვირდებოდა სასამართლო პროცესებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის შემცირებისა და  პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მიღებული დაუსაბუთებელი განჩინებების შესახებ.  ჩვენ ასევე შევისწავლით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ რაც ის გასაჯაროვდება და წარმოგიდგენთ შეფასებას მისი საფუძვლიანობის შესახებ.

2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არხის სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილება შესაძლოა გადამწყვეტი დარტყმა აღმოჩნდეს თავისუფალი მედიისთვის. მოვლენათა ასეთი განვითარება აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს. ეს, თავის მხრივ, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, შელახავს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს.

print