გზა დიქტატურისკენ: “ქართული ოცნების” რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში
(2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის მარტი)
2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისკენ ან სულაც მოსპობისკენ და ქმნის საკანონმდებლო ბაზას ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.
ამ ცვლილებებით, ხელისუფლებამ გაამკაცრა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. შემოღებულ იქნა არაპროპორციულად მკაცრი სანქციები, მათ შორის, პრევენციული დაკავება, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის პატიმრობა, სპონტანური შეკრებების შეზღუდვა, დემონსტრანტების წინააღმდეგ გაზრდილი, არაპროპორციული ჯარიმები და პატიმრობის ვადები.
სხვა შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში მიიღო “ქართულმა ოცნებამ” “აგენტების” კანონის მორიგი ვერსია, ამჯერად, ვითომდაც ამერიკული FARA-ს ანალოგი, რომლის მიღების აუცილებლობა, მისივე აღიარებით, 2024 წლის მაისში მიღებული კანონის არაეფექტურობით არის განპირობებული და, რომლის წყალობითაც “ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად.
ამავე დროს, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო სამაუწყებლო მედიის შემზღუდავი ახალი კანონმდებლობაც, რომელიც კრიტიკულ ტელეარხებს საერთაშორისო დონორების დაფინანსების გარეშე ტოვებს.
ასევე წარადგინეს ახალი წესები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კუთხით, რამაც შეიძლება შედეგად მოიტანოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაქრობა და პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო გაუქმება ქვეყანაში.
ქვემოთ მიმოხილულია ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც უმოკლეს დროში, მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში იქნა ინიცირებული ან/და მიღებული.
2024 წლის 13 დეკემბერს “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული ზომების გამკაცრებას[1]. ცვლილებები რეალურად მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიების გატარებას ემსახურება და არსებითად უსპობს მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული დრაკონული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან.
ცვლილებები შეეხებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას, რათა მომავალში თავი შეიკავონ შეკრების უფლებით სარგებლობისაგან.
ერთ-ერთ ასეთი დრაკონულ ცვლილებას „პრევენციული დაკავების“ მექანიზმის შემოღება წარმოადგენს. კერძოდ, პირი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დააკავონ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ამ ცვლილებებით უხეშად ილახება სამართლის ძირითადი პრინციპი, რომ პირი არ შეიძლება დაისაჯოს ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პარალელურად, ამით ასევე ხდება შეკრებისა და მანიფესტაციის საყოველთაო უფლების ხელყოფა. მსგავსი რეპრესიული ღონისძიებები დამახასიათებელია მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, წინააღმდეგობაშია სამართლის ძირითად პრინციპებთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.
ვენეციის კომისიამ ღრმა შეშფოთება გამოხატა პრევენციული დაკავების წესის შემოღებასთან დაკავშირებით.[2] კომისია მიუთითებს, რომ ეს მექანიზმი არღვევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან პრევენციული დაკავება ჩვეულებრივ გათვალისწინებულია მხოლოდ მძიმე დანაშაულებისთვის და არა მცირე ადმინისტრაციული დარღვევებისთვის.[3] კომისია იმოწმებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR), რომელმაც დაადგინა, რომ ასეთი ფართო პრევენციული დაკავების უფლებამოსილებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს, თუ ხელისუფლება ვერ წარმოადგენს კონკრეტულ მტკიცებულებას გარდაუვალი, კონკრეტული და სერიოზული დანაშაულის შესახებ.[4] აღნიშნული ცვლილება ასევე გამორიცხავს ისეთ დამცავ მექანიზმებს, როგორიცაა დაკავების შემთხვევაში სასამართლო კონტროლის განხორციელება ან, რეალურ საჭიროებაზე დაყრდნობით, მკაცრი დროითი შეზღუდვის დაწესება.[5] კომისია მტკიცე რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, რომ პრევენციული დაკავების დებულება გაუქმდეს ან მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.[6]
ცვლილებების პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციების მკვეთრად გამკაცრებას იმ სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც აქტიურად გამოიყენება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. კერძოდ, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შედეგად გამოიწვევს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან 15 დღემდე პატიმრობას. ამ ქმედების „ორგანიზატორს” კი ემუქრება 15 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. მანამდე არსებული წესით, ჯარიმა მონაწილისთვის 500, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო.
ამ ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთხელ უკვე დაედო სახდელი, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით; ხოლო, თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ცხადია, რომ ფინანსური ჯარიმების გაზრდა ხალხის დაშინებას ემსახურება. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევა და იქონიოს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს, თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.
სანქცია გამკაცრდა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვისაც, რისთვისაც სახდელის სახით დაწესდა მართვის მოწმობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერება და მძღოლის დაჯარიმება 1 000 ლარით. უწინ ამ ქმედებისთვის მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.
რეპრესიული ცვლილებებით მორიგი შემაშფოთებელი სტანდარტი დადგინდა არასრულწლოვნების მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. კერძოდ, არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო მშობელი დაჯარიმდება 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით. ამ ნორმის შემოღება უკავშირდება იმ გზავნილებს, რომლებსაც ხელისუფლების პროპაგანდისტული საშუალებები აქტიურად ავრცელებენ აქციის პერიოდში, თითქოს მშობლები არასრულწლოვნებს აქციებში მონაწილეობას აძალებენ. ამ პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში შსს მინისტრის მოადგილეც ჩაერთო.
რეპრესიული კანონით 20-ჯერ გაიზარდა ჯარიმები ფასადებზე წარწერებისა და პლაკატების გაკეთებისთვის. მინიმალური ჯარიმა 50 ლარიდან 1 000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 2 000-დან 3 500 ლარამდე გაიზარდა.
2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება. გაუგებარია, რა ტიპის საშუალებაზეა აქ საუბარი და ვინ განსაზღვრავს, რამდენად “მკვეთრია” გამოსხივება. ამ ლოგიკით პირი შესაძლოა ადმინისტრაციული წესით ფანრის ან სულაც მობილური ტელეფონის გამოსხივების გამო დაისაჯოს. ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ეს აკრძალვა იმის გამო, რომ ის ზედმეტად ბუნდოვანია და სამართალდამცავ ორგანოებს გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს.[7] კომისიის აზრით, დებულება არ განსაზღვრავს, რა ითვლება „მკვეთრ გამოსხივებად“ ან რა დონეზე მიიჩნევა ის ხელშემშლელად. პროტესტის მონაწილეებისთვის რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა არის აკრძალული. კომისია ხაზს უსვამს, რომ ასე ფართოდ ფორმულირებული აკრძალვები შეიძლება გამოყენებულ იქნას შერჩევითად, რაც ძირს უთხრის სამართლებრივ სიცხადეს და არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას.[8]
ცვლილებებით სრულად აიკრძალა სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვაც. ჯარიმა ამ შემთხვევაშიც 2 000 ლარია. აქციის დროს ადამიანები ხშირად სახეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იფარავენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა აქციების დაშლა ცრემლსადენი და მხუთავი გაზის გამოყენებით, აქციის მონაწილეები კი სწორედ სახის დაფარვის გზით ახერხებდნენ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ამ აკრძალვებით, ადამიანებს მართლზომიერად თავის დაცვა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები ამოქმედდა იმ გარემოების ფონზე, რომ პოლიციელები და სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს სახეების დასაფარად, რაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. ეს გარემოება კი კიდევ უფრო აბსურდულს ხდის მიღებულ ცვლილებებს და კარგად წარმოაჩენს იმ ზოგად ფონს, რომ სახელმწიფო გადაქცეულია რეპრესიულ მანქანად, რომლის მიზანი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების დასჯაა.
აღსანიშნავია, რომ სახის დაფარვის სრულად აკრძალვა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამაც. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ სახის ნიღბებისა და სხვა სახის საფარველების აკრძალვა შეკრებებზე წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.[9] კომისიამ აღნიშნა, რომ სახის დაფარვას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ლეგიტიმური მიზანი, მათ შორის რეპრესიებისგან დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების გამოხატვა და, რაც მთავარია, ცრემლსადენი გაზისა და სხვა საპოლიციო ზომებისგან თავდაცვა. კომისია მიუთითებს, რომ დებულება ძალიან ფართოდ არის ჩამოყალიბებული და არ შეიცავს საჭირო განმარტებებს იმის შესახებ, თუ როდის არის ნებადართული ან აკრძალული სახის დაფარვა.[10] განსაკუთრებით პრობლემურია მითითება „ნებისმიერ სხვა საშუალებაზე“ სახის დასაფარავად, რადგან ეს აღსრულებას მთლიანად პოლიციის დისკრეციაზე ტოვებს და ქმნის რისკს იმისა, რომ სამიზნეში მოექცეს შარფები, სამედიცინო ნიღბები ან დამცავი აღჭურვილობაც კი. კომისია ასევე ხაზს უსვამს კანონის აღსრულებაში ორმაგ სტანდარტს, როდესაც პოლიციელები ხშირად ატარებენ სახის საფარველს, მაშინ როცა პროტესტის მონაწილეებს ეკრძალებათ იგივე დაცვის საშუალება.[11]
დამატებით აიკრძალა შსს ფორმის, ატრიბუტიკის და მიმსგავსებული შემოსვა/ ატრიბუტიკის გამოყენება, ამისთვის კი ჯარიმად 2 000 ლარი დაწესდა. ეს ცვლილება მრავალმხრივ არის პრობლემური. ყველაზე მთავარი კი მისი ბუნდოვანებაა, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს აკრძალვის მიზანს - კანონის შერჩევითად აღსრულებას და მის სადამსჯელო მიზნებისთვის გამოყენებას. ვენეციის კომისია ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიციის ფორმის არაავტორიზებული ტარების აკრძალვა ლეგიტიმურია, თუმცა დებულების ფორმულირებას საშიშად და ბუნდოვანად მიიჩნევს.[12] კანონი ვერ აზუსტებს, რა შეიძლება ჩაითვალოს „პოლიციის ფორმის მსგავსად“, რაც აღსრულებას მეტად სუბიექტურს ხდის. ამით ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, დასაჯოს პირები ტანსაცმლის არჩევანის თვითნებური ინტერპრეტაციის საფუძველზე, რაც შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკს ქმნის.[13]
პიროტექნიკა და ლაზერები დემონსტრაციაზე აკრძალული ნივთების სიას დაემატა და ამით პიროტექნიკის გამოყენება აქციაზე ასაფეთქებელი, რადიოაქტიული, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებას გაუთანაბრდა. ხოლო, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაულად გამოცხადდა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯას დაექვემდებარა. ამგვარი ცვლილება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა ისედაც დასჯადია, ხოლო სხვა რა შეიძლება იგულისხმებოდეს მძიმე შედეგში, გაუგებარია. ეს ცვლილებები დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების სპეციფიკის პირდაპირი გამოძახილია. ვენეციის კომისიამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროტესტებზე პიროტექნიკის რეგულირება შეიძლება გამართლებული იყოს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა აღსრულება უნდა იყოს პროპორციული.[14] მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი ნათელი მტკიცებულება ან შეფასება, რომელიც ასეთი აკრძალვის აუცილებლობას გაამართლებდა. ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ამ ზომის აღსრულება არ გამოიწვევს პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დევნას.[15]
ცვლილებების თანახმად, აიკრძალა დახურულ სივრცეში, შენობაში აქციის ჩატარება მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთანავე, აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. აშკარაა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამს ნებიმიერი ტიპის კრეატიულ იდეას პროტესტთან დაკავშირებით. როგორც უკვე ითქვა, რომ 2024 წლის დეკემბერში სწორედ აქციების შემდეგ აკრძალეს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება, რადგან ამ საშუალებებს აქტიურად იყენებდნენ პროტესტის მონაწილეები. ამჟამად, როდესაც აქციის მონაწილეები აქტიურად მიმართავენ პროტესტისათვის საუნივერსიტეტო სივრცეებს, რეჟიმის მთავარი მიზანი შეკრების ადგილების შეზღუდვაა.
აქციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალური ხელისუფლების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს. ამასთანავე, ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნასთან ერთად დასჯადი ხდება აქციის მონაწილეების მიერ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნაც.
აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი ცვლილებები Amnesty International-მა შეაფასა როგორც „ახალი დრაკონული კანონები, რომელსაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“.[16]
ბოლო თვეებში მიღებული ცვლილებებით არა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების გამკაცრება განხორციელდა, არამედ კიდევ უფრო შემზღუდველი გახდა თვითონ შეკრებისა და მანიფესტაციების წესები.
პირველ რიგში, შეიცვალა შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორის განმარტება და ამიერიდან ასეთად მიიჩნევა მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს აქციის ჩატარებას. ამასთან, თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა შეიტანოს პასუხისმგებელმა პირმა/აქციის ორგანიზატორმა. „აქციის სხვაგვარად ორგანიზება” იმდენად ფართო ტერმინია, რომ აქციის ანონსის გაზიარებაც შესაძლოა ამ განმარტების ქვეშ მოექცეს.
ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებისას ხელისუფლებისთვის რთული იყო აქციების ორგანიზატორების იდენტიფიცირება, რადგან ხშირად ამ აქციებს სპონტანური ხასიათი ჰქონდა. ამ ცვლილებებით კი ორგანიზატორად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, ვისაც შემხებლობა აქვს აქციებთან და ავრცელებს აქციების შესახებ ინფორმაციას. ორგანიზატორის დავალდებულება პირადად შეიტანოს განცხადება მუნიციპალიტეტში, ემსახურება აქციის ორგანიზატორის მარტივ გამოვლენასა და დასჯას.
ცალკე საკითხია ე.წ. “სპონტანური” შეკრებისას ხელისუფლებისათვის შეტყობინების ვალდებულების შემოღება. ამიერიდან, თუ შეკრება ან მანიფესტაცია, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო, დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება, აქციის ორგანიზატორებს მაინც აქვთ ვალდებულება გააფრთხილონ მუნიციპალიტეტი. ეს წესი მოქმედებს მაშინ, თუ აქცია ტრანსპორტის სავალ ადგილზე იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
ამგვარი წესი ფაქტობრივად სრულად აუქმებს სპონტანური პროტესტის კანონიერად ჩატარების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან. ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა კანონის ეს მოთხოვნა.[17] კომისიის განმარტებით, სპონტანური შეკრებები არ უნდა დაექვემდებაროს შემზღუდავ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რადგან ისინი დემოკრატიული საზოგადოებების მახასიათებელია და ხშირად გადაუდებელ მოვლენებზე რეაგირების შედეგად იქმნება.[18] გარდა ამისა, კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები მუნიციპალიტეტებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას შეტყობინების პროცედურების განსაზღვრაში, რაც სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის და გზას უხსნის თვითნებურ შეზღუდვებს. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დააწესოს ერთიანი და პროგნოზირებადი შეტყობინების პროცესი, რომელიც არ დაამძიმებს ან ხელს არ შეუშლის სპონტანურ პროტესტებს.[19]
აიკრძალა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციის (მაგ. კარავის გაშლა, სცენა) მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება პროტესტი ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
შეკრების მონაწილეები ხშირად იყენებენ აქციებზე სხვადასხვა კონსტრუქციებს. მაგალითად, აწყობენ სცენას ან დგამენ კარავს, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. გამოხატვის ფორმის განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამ უფლების ჩამორთმევით „ქართულ ოცნებას” სურს დაამყაროს სრული კონტროლი აქციის ფორმაზე და შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
კანონის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ დემონსტრანტთა რაოდენობა ამას არ მოითხოვს. პოლიცია და სასამართლოები ამ დებულებას აქციის მონაწილეების მასობრივად დაჯარიმების მიზნით იყენებენ. 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში გამართული პროტესტის გამო ასობით ადამიანი იყო სასამართლოში დაბარებული, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ეპიზოდის გამოც.[20] ამ მხრივ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა კანონმდებლობაში შეტანილი 2025 წლის თებერვლის ცვლილებების შემდეგ, როცა დაჯარიმებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ათასს გადაცდა.
ეგრეთ წოდებული „უკანონო გზების ბლოკირების“ ბრალდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში მრავალი დარღვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო არასათანადოდ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ჭარბი რაოდენობით და პროცედურების დარღვევით.[21]
წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, ფაქტიურად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ, რათა ამ გზით, დაასრულოს მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღა და მოახდინოს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია.
ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, “ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა პარლამენტმა კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებიც შეიტანა, რომლებიც არსებითად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასაც.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტანილი ცვლილების თანახმად, „წვრილმანი ხულიგნობა“ ახლა უკვე განმარტებულია, როგორც „საჯარო სივრცეში” ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ამ მუხლის უწინდელი რედაქციით, „წვრილმანი ხულიგნობის“ ჩადენა შესაძლებელი იყო მხოლოდ „საზოგადოებრივ ადგილებში“.
განსხვავება ტერმინებში შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს იმგვარად, რომ პირი დაისაჯოს არა მხოლოდ გარე სივრცეში “ლანძღვა-გინებისთვის, მოქალაქეებზე ფიზიკურად შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს”, არამედ როდესაც იგი ამგვარ მოქმედებას ახორციელებს ვირტუალურ სივრცეში, მაგალითად სოციალურ ქსელებში. აკრძალული ქმედების ამგვარი გაფართოვება გაუმართლებელია, რადგან თუ ფიზიკურ სივრცეში დებოშის ატეხვა შეიძლება მართლაც არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გაუგებარია, როგორ შეიძლება იგივე შედეგის მომტანი იყოს თუნდაც ლანძღვა-გინება და შეურაცმყოფელი გადაკიდება ვირტუალურ სივრცეში.
ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დაწესებული სანქციებიც, რაც ასევე შეუსაბამოა პროპორციულობის პრინციპთან. თუ 2024 წლის 13 დეკემბრის ცვლილებებამდე პირს ამგვარი ქმედებისთვის შეიძლებოდა დაკისრებოდა ჯარიმა 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის - ჯარიმა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღიდან 15 დღემდე ვადით, ახლა უკვე ამ შეცვლილი სამართალდარღვევის პირველად ჩადენა ისჯება ჯარიმით 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 20 დღემდე ვადით თუ პირს სამართალდარღვევა პირველად აქვს ჩადენილი, და 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 5 დღიდან 60 დღემდე ვადით, თუ პირი წინათ უკვე ცნობილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
ხულიგნობის დეფინიციის შეცვლა და ამ სამართალდარღვევისთვის სანქციების გამკაცრება მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის” არასასურველი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და დასჯას, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, სადაც ძალადობრივი რეჟიმის კრიტიკა განსაკუთრებით გავრცელებულია. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, რომელიც თანამდებობის პირების “სიმშვიდეს დაარღვევს” ხულიგნობად შეფასდება.
ამასთანავე, კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება 6 000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღიანი პატიმრობით დაისჯება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის შემოღება მეტად პრობლემურია და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუთავსებელია.[22] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ საჯარო მოხელეების კრიტიკა დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მაშინაც კი, როცა ის მკაცრი ან შეურაცხმყოფელია. კომისია ხაზს უსვამს, რომ ეს დებულება შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური დისიდენტობის ჩასახშობად და მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად.[23] ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, რომ კანონი გაუქმდეს ან, სულ მცირე, გადაიხედოს მაინც, რათა დასჯადი იყოს მხოლოდ პირდაპირი მუქარა ან ძალადობისკენ წაქეზება და არა უბრალოდ კრიტიკა ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.[24]
ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და უკანონო დაპატიმრების გამო მოქალაქეები მწვავედ აკრიტიკებენ რეჟიმს, რაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. პოლიტიკური შინაარსის კომენტარი და საჯარო კრიტიკა, რომელიც თანამდებობის პირების საქმიანობას უკავშირდება, მმართველმა რეჟიმმა შესაძლოა შეურაცხყოფად მიიჩნიოს და ადამიანი პატიმრობით დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. აშკარაა, რომ ცვლილების მთავარი მიზანი მოქალაქეების გაჩუმება და დაშინებაა.[25]
სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის” პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4 500 ლარიდან 6 000 ლარამდე იზრდება. მანამდე მოქმედი კანონით, დასჯადი იყო პოლიციელის შეურაცხყოფა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ცვლილებებით კი ნებისმიერი შეურაცხყოფა და „ლანძღვა-გინება” სამართალდამცავის მისამართით, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, დასჯადი ხდება.
ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს არაპროპორციულ ჯარიმებსა და ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობას შეკრებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.[26] კომისიის დასკვნით, ზედმეტად მაღალმა ჯარიმებმა შეიძლება შექმნას მსუსხავი ეფექტი, რაც ხალხს ფინანსური განადგურების შიშით აიძულებს, თავი შეიკავონ მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეობისგან და შესაბამისად, მათი მიერ გამოხატვისა და შეკრების უფლებით სარგებლობისგან.[27] განსაკუთრებით საგანგაშოა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდა 15 დღიდან 60 დღემდე, რადგან კომისია ასეთ სანქციებს შეუფერებლად მიიჩნევს.[28] კომისია აღნიშნავს, რომ პრინციპში, მშვიდობიანი დემონსტრანტები საერთოდ არ უნდა დაექვემდებარონ სისხლის სამართლის სასჯელებს ან პატიმრობას.[29]
3. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაშინების მიზნით
საზოგადოების კიდევ უფრო დაშინების მიზნით არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების გაუმართლებლად შეზღუდვას იგი არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითაც აპირებს.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით მკაცრდება სასჯელი ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ მას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. აღნიშნული ქმედება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაული თავისუფლების აღკვეთას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზება 2015 წელს „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა, თუმცა ამ ქმედებისთვის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იყო გათვალისწინებული.
შეიცავს თუ არა გამოხატვა ძალადობისკენ მოწოდებას, ამას ის რეჟიმი შეაფასებს, რომელიც თავად მოქალაქეებზე ძალადობს და კრიტიკული აზრისთვის აქციის მონაწილეებს მასობრივად უკანონოდ აკავებს. როგორც წესი, ავტოკრატიული რეჟიმები “ძალადობრივი ქმედებისათვის საჯარო მოწოდებად” მიიჩნევენ მათ წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდებასაც კი. ამ მხრივ, დიდი ალბათობით, არც “ქართული ოცნების” რეჟიმი იქნება გამონაკლისი. ცხადია, რომ აღნიშნული ნორმა გამოყენებული იქნება პროტესტის ლიდერებისა და აქტივისტების დასაშინებლად და დასასჯელად და ექნება მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე.[30]
კიდევ ერთი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი 3532 მუხლი, რომლითაც კრიმინალიზებულია საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა ან მასზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა, რომელიც ჯარიმით ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, იგივე ქმედება ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
ამ ცვლილებამდე თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე მუქარა ცალკე შემადგენლობად გამოყოფილი არ იყო და საერთო წესით ისჯებოდა. ამ ახალი წესით თანამდებობის პირები სხვა მოქალაქეებზე პრივილეგირებულები ხდებიან. გარდა ამისა, რეპრესიული რეჟიმის პირობებში აღნიშნული წესი მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია პოლიტიკური გამოხატვისათვის. ის მიმართულია მოსახლეობაში შიშის დანერგვისაკენ და რეპრესიული რეჟიმის ხელში ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ საშიშ იარაღად იქცევა.
ამ ახალი დანაშაულის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად ბუნდოვანია თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „ძალადობის მუქარა“. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი უკვე შეიცავს დანაშაულს, სახელწოდებით „მუქარა“, რომელიც განმარტებულია, როგორც „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.
უპირველეს ყოვლისა, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განსხვავებით, ახალი სპეციალური მუხლი დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებად არ მოითხოვს „სიცოცხლის მოსპობის“ ან „ჯანმრთელობის დაზიანების“ ანდა „ქონების განადგურების“ მუქარას, როდესაც „იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. შესაბამისად, გამოდის, რომ ნებისმიერ „მუქარა“, თუნდაც სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან „ქონების განადგურებით“ დამუქრების გარეშე, განურჩევლად იმისა, რამდენად რეალურია ამგვარი მუქარის შესრულების საფრთხე, რამდენად მართლაც შესაძლებელია, რომ მუქარის ადრესატს გასჩენოდა საფუძვლიანი შიში, მუქარა მაინც დასჯადია.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველი მოქმედება ისჯება ბევრად უფრო მკაცრი სასჯელით, ვიდრე 151-ე მულით გათვალისწინებული სასჯელია. ამის მიზეზი მხოლოდ „დანაშაულის“ ობიექტია. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბევრად უფრო შემწყნარებელი უნდა იყოს ე.წ. პოლიტიკური გამოხატვის მიმართ. პოლიტიკური გამოხატვის ადრესატი კი, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ კი ეს ცვლილება უფრო მკაცრად დასჯადს ხდის სწორედ პოლიტიკურ გამოხატვას.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის დასაშინებლად დაანონსა, იყო სისხლის სამართლის კოდექსში “ღალატის” დანაშაულის აღდგენა. კერძოდ, მათი განცხადებით, ისინი აპირებენ აღადგინონ დებულებები, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2007 წლის აპრილში ამოიღო. მდინარაძემ ეს ინიციატივა პარტიის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, 17 თებერვალს გააჟღერა.[31] ინიცირებული ცვლილება[32] ითვალისწინებს შემდეგს: „1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ კოდექსის 308, 309, 310, 311, 312, 313, 314, 315, 318 ან 319 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენა ითვლება ღალატად. 2. ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“.
ცვლილების ტექსტიდან ნათელია, რომ „ღალატის“ სიაში შეტანილი ყველა ქმედება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლის „ღალატი“ დაბრუნება არავითარ დამატებით პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ის იქნება მხოლოდ იარაღი, რომელსაც “ქართული ოცნება” ოპონენტების მოღალატეებად შერაცხვისთვის გამოიყენებს. მათი მთელი ნარატივი სწორედ იმაზეა აგებული, რომ კრიტიკული ადამიანები საზღვარგარეთიდან არიან მართულები, ამაში ფულს იღებენ და საკუთარ ქვეყნის ინტერესებს ყიდიან. სწორედ ასეთი სტიგმის დამკვიდრებით სურთ საკუთარი პროპაგანდის გავრცელება. შესაბამისად, ამ დებულების ერთადერთი დანიშნულებაც ეს იქნება.
1 აპრილს “ქართული ოცნების” პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო.[33]
4. პოლიციის გაზრდილი უფლებამოსილებები
შეიცვალა პოლიციის მიერ პირის პირადი გასინჯვის წესიც. ამიერიდან, პირადი გასინჯვის დროს მოწმის დასწრების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს. აქამდე არსებული წესით, გასასინჯ პირს უფლება ჰქონდა გასინჯვისას ორი პირის დასწრება მოეთხოვა. ამ უფლების შეზღუდვა კი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში იყო დაშვებული, როდესაც არსებობდა მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. ცვლილებებით ეს გარანტიები გაუქმდა და გასინჯვა შესაძლოა ჩატარდეს ერთი დამსწრის თანდასწრებით, ისიც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში.
ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ მასობრივად ირღვევა კანონით დადგენილი წესები, როგორც პირის პირადი გასინჯვის, ისე ჩხრეკის დროს. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც აქციაზე პირის პირადი გასინჯვა უკანონოდ ხდებოდა. ცვლილებებით პოლიცია იმარტივებს აქტივისტების პირადი გასინჯვის პროცედურას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების უფლებას დაიცვან თავი პოლიციის თვითნებობისაგან.
ასევე შეიცვალა ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის პროცედურებიც. მაგალითად, შსს-ს წარმომადგენლებს ენიჭებათ უფლებამოსილება პირდაპირ დააკისრონ ადმინისტრაციული ჯარიმები დემონსტრანტებს გზების სავარაუდოდ „ხელოვნური“ ბლოკირებისთვის.
2025 წლის 5 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” რეპრესიული ინიციატივების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა. მათი თქმით, მმართველი პარტია გეგმავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ უფრო შემზღუდველი კანონის მიღებას. მათივე განცხადებით, აგენტების შესახებ კანონი იქნებოდა აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) „ზუსტი ასლი“.[34]
24 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის ბიუროში მართლაც დარეგისტრირდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი."[35] კანონპროექტი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მისი დებულებების შეუსრულებლობისთვის, ხოლო, თანმდევი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას აწესებდა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების განმარტებით, „თუ დღეს მოქმედი გამჭვირვალობის ქართული კანონი მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. ფიზიკური პირი შეიძლება ჩაითვალოს როგორც უცხოურ ძალად, ისე აგენტად. კანონი ვრცელდება ნებისმიერ კორპორაციაზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ორგანიზებული იგი - იქნება ეს შპს, რომელიმე სხვა სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, თუ პირების გაერთიანება იურიდიული პირის სტატუსის გარეშე.[36]
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღწერილი იყო მისი ინიციირების მოტივები. კერძოდ, განცხადებულ იქნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი (რუსული კანონი) ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და მის განზრახულ პრევენციულ ფუნქციას“. ასევე აღნიშნულ იქნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც მნიშვნელოვან უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უარს აცხადებენ დანიშნულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამის ნაცვლად ირჩევენ სამართლებრივი სანქციების მიღებას. შედეგად, მოქმედი კანონი არაეფექტურად ითვლება კანონმდებლის განზრახვის აღსრულებაში.[37] შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსამთავრობო ორგანიზაციები არ არიან ამ კანონის ძირითადი სამიზნე, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს კანონი სწორედ ამ მიზნით იქნება გამოყენებული.
2025 წლის 1 აპრილს “ქართული ოცნების” პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.[38]
კანონში კვლავ ფიგურირებს სიტყვა „აგენტი", რომელიც 2022 წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული „რუსული კანონის" პირველად ვერსიაში იყო (კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“) და რომელსაც შემდეგ სახელი გადაერქვა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ ეწოდა.
კანონის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც: 1) განზრახ არღვევს აღნიშნული კანონის რომელიმე მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს, ან 2) ნებისმიერ სარეგისტრაციო განცხადებაში, დამატებით დოკუმენტაციასა ან ნებისმიერ სხვა სახის დოკუმენტში, რომელიც წარდგენილია ან მიწოდებულია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წინამდებარე კანონის შესაბამისად და მასში განზრახ არის არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაცია ჩაწერილი ან განზრახ არის გამოტოვებული ნებისმიერი ფაქტი, ან არ არის წარდგენილი იმ დოკუმენტთა ასლები, რომელიც უნდა იყოს მითითებული მასში, ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 5 წლის ვადით, ან შესაძლოა ორივე ერთად.
კანონის თანახმად, გამონაკლისები ვრცელდება სამაუწყებლო საშუალებებზე, დიპლომატიურ/საკონსულო პერსონალზე, უცხო ქვეყნის ოფიციალური პირებზე, მათთვის საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, ლობიზმის რეესტრში დარეგისტრირებულ პირებზე. ასევე, გამონაკლისი იქნება სამეცნიერო, აკადემიური, რელიგიური, სასწავლო, სახელოვნებო საქმიანობა. გამონაკლისი იქნება კერძო და არაპოლიტიკური საქმიანობა (რომელიც გულისხმობს მომგებიანი/ვაჭრობის განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას, ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქმიანობას, ან სხვა არაპოლიტიკურ საქმიანობას). თუმცა, მოსალოდნელია, რომ გამონაკლისებში ონლაინ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არც ადმინისტრაციული ორგანოები და არც სასამართლო არ მოიაზრებენ.[39]
საინტერესოა, რომ 2023 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ FARA-ს „სრული კატასტროფა“ უწოდა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ასეთი კანონი საქართველოში მიუღებელი იქნებოდა.[40]
როგორც თავად „ქართული ოცნებაც“ მიუთითებს, ეს კანონი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და მთავარი იარაღი იქნება დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ მიმსწრაფი ხელისუფლების ხელში. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, როგორც კრიტიკული ხმა, დიდი ხანია „ქართული ოცნების“ სამიზნეს წარმოადგენენ. სწორედ მათი რეპრესირების და საბოლოოდ მათი სრულად გაუქმების სურვილით დააინიცირეს რუსული კანონის პირველი ვერსია 2023 წლის გაზაფხულზე, ხოლო მეორე ვერსია 2024 წლის გაზაფხულზე. აღნიშნული სახით ამ კანონის შემოღება მხოლოდ ამ გზის გაგრძელებას წარმოადგენს.
6. არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სავალდებულო მონაწილეობის გაუქმება
“ქართულმა ოცნებამ” და ფსევდოოპოზიციურმა პარტია „ხალხის ძალამ“ კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი დააინიცირეს და მიიღეს,[41] რომლის საფუძველზეც გაუქმდა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პაკეტი მოიცავს ცვლილებებს 14 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას.”[42] ამასთან, “არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს.”[43]
სხვა შეზღუდვებთან ერთად, საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, პარლამენტს წარუდგინონ საპროკურორო საბჭოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან უფლებამოსილი, მონაწილეობა მიიღონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელების შესარჩევად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიებში. ისინი ასევე გამოირიცხებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და სხვა ორგანოების წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესიდან.
1 აპრილს “ქართული ოცნების” პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.[44]
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამომრჩევლების მიმართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და მისი მეშვეობით “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ველიდან გაქრობა იყო.[45]
მართალია, არჩევნების შედეგების მასობრივად გაყალბების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა, “ნაციონალური მოძრაობის” და, მასთან ერთად, მთელი ოპოზიური სპექტრის გაქრობა მის გეგმებში, როგორც ჩანს, კვლავაც რჩება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება, სხვა ზომებთან ერთად, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილება[46], რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს, გარდა იმისა, რომ შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება”, რისი უფლებამოსილებაც მას მანამდეც ჰქონდა, ახლა უკვე ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, “რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).” ამგვარ დეფინიციაში კი შეიძლება მოექცეს ნებისმიერი პარტია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მოისურვებს.
გარდა ამისა, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილების თანახმად, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში იმ პარტიის მიმართ, რომელიც “არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს” - 14 დღეს.
8. მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები
2025 წლის 1 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორ პაკეტს დაუჭირა მხარი, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
პირველი მათგანის ამოცანაა გადაუკეტოს კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების წყაროები[47] იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.
მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები[48], რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.
მიღებული ცვლილებით თითქმის გაუქმების დონემდე მცირდება მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმის როლი. ისეთ საკითხებს როგორიცაა, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ფაქტების სიზუსტე და მიუკერძოებლობა, უმეტეს წილად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს.
როგორც აღინიშნა, ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
ზემოაღნიშნული გამონაკლისის გარდა, ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
„უცხოური ძალა“ განმარტებულია, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი.
„მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდას და საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა საკითხებზე საჩივრის შეტანა შეიძლება როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში. ეს კი ნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტიურად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
ამასთანავე, ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფართოვდება მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში.
ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“
ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. მათი მთავარი მიზანია, დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით.
ამ რეპრესიული წესების მიზანია, მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები.
ეს ცვლილებებიც 1 აპრილს მესამე მოსმენით იქნა მიღებული.[49]
9. საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები
ქართულმა ოცნებამ” 2024 წლიდან დეკემბრიდან დღემდე, უკვე ოთხჯერ დააინიცირა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, რომელიც საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. პირველი ეტაპის ცვლილებები დეკემბერში, 5 დღიანი განხილვის შედეგად, დაჩქარებული წესით მიიღეს; მეორე ეტაპის ცვლილებები, ასევე დაჩქარებული წესით, - 6 თებერვალს; მესამე პაკეტის ცვლილებებს 2025 წლის 20 თებერვალს დაუჭირეს მხარი, ხოლო მეოთხე ეტაპის ცვლილებებს - 2025 წლის 1 აპრილს.
ახალი წესები არსებითად აუარესებს საჯარო მოსამსახურეების უფლებებს, და ემსახურება საჯარო სამსახურის „ქართული ოცნებისთვის“ საბოლოო დაქვემდებარებას.
ჯერ კიდევ პირველი „რუსული აგენტების კანონის“ ინიცირების დროიდან მოყოლებული, ბევრი საჯარო მოხელე ღიად გმობდა “ქართული ოცნების” როგორც საშინაო პოლიტიკას, ისე ქვეყნის მიერ აღებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.[50] კრიტიკული განცხადებებების სიმრავლემ და ინტენსივობამ იმატა “ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდგომ, რითაც მან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერება დაანონსა.[51] “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ამ კრიტიკული ხმების ჩასახშობად მიიღო რეპრესიული ცვლილებები, რომლებზეც უფრო დეტალურად ქვემოთ არის საუბარი.
აღნიშნული ცვლილებით, „ქართულმა ოცნებამ” სულ რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანა საჯარო მოხელეების მისამართით გამოთქმული მუქარა, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას „რეაგირება მოყვებოდა”. კერძოდ, 2024 წლის 3 დეკემბერს, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო მოხელეების პროტესტთან დაკავშირებით აღნიშნა: „ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება“.[52] ხოლო, თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მერიის თანამშრომლების პროტესტს შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ჩვენ წინა კვირას მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.[53]
ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე რჩებიან. ცვლილებები მთლიანად აბათილებს საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და, რომელიც, თავის დროზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. ამ ცვლილებებით ისპობა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის იდეა, რადგან “ქართულ ოცნებას” სჭირდება არა პროფესიული, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ერთგული საჯარო სამსახური, არამედ ისეთი, რომელიც მთლიანად მისი პარტიული ინტერესების უსიტყვო შემსრულებელი იქნება. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს მიტაცებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.[54]
მიღებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი. კერძოდ, შუა რგოლის თანამდებობის პირები - დეპარტამენტის და სამსახურის მოქმედი უფროსები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად. ამიერიდან ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევიან და უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოსაზრებით შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს საჯარო მოხელე სამსახურიდან. გარდა ამისა, უწყების ახალი ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ავტომატურად ტოვებს თანამდებობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და ხელმძღვანელების მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ შესაბამისი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია. ეს ცვლილება საჯარო მოხელეების დაშინებას ემსახურება და პირდაპირი გზავნილია, რომ თუ ისინი კვლავ იქნებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები, ნებისმიერ დროს დაკარგავენ სამსახურს და საჯარო მოხელეების გარანტიები მათ ვეღარ დაიცავთ.
შრომითი გარანტიების ამგვარად მოსპობა მთლიანად უგულებელყოფს იმ იდეებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს პროფესიული საჯარო სამსახური. გარდა ამისა, ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ე.წ. ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას, რადგან მუდმივად ცვალებადი კადრები ვერ შეიძენენ და დააგროვებენ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისთვის აუცილებელ ცოდნას და გამოცდილებას. დეპარტამენტის უფროსების საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ებმოდეს ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნა-გათავისუფლებას, ან მათ მიერ მიღებულ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. საჯარო სამსახურის ამგვარი მოწყობა პირდაპირ მიმართულია იმგვარი სისტემის ჩამოყალიბებისკენ, სადაც შუა რგოლის თანამდებობის პირები მთლიანად იქნებიან დამოკიდებული მათი ხელმძღვანელების ნება-სურვილზე, რაც ძირს უთხრის საჯარო სამსახურში დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად საქმიანობის გარანტიებს.
ცვლილებებით ასევე ბრუნდება საჯარო მოხელის უკონკურსოდ დანიშვნის წესი. ახალ ხელმძღვანელებს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და ა.შ.) ხელშეკრულებით, უკონკურსოდ, დანიშნონ პირები მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადით. ეს ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს.
კიდევ ერთი ცვლილება საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემას შეეხება. კერძოდ, საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ და 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. ამასთანავე, დაწესებულების უფროსს შეუძლია შეცვალოს საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება, რაც შეიძლება ამ პირის გათავისუფლებისა ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის საფუძველი გახდეს. აღნიშნული ცვლილების მიზანიც ის არის, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი მოისურვებს მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას, მისთვის მოცემული მოხელის უშუალო ხელმძღვანელის დადებითი შეფასება აღარ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ მისთვის არასასურველი, თუნდაც მაღალკვალიფიციური კადრი თანამდებობიდან გაუშვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაშიც კი სამსახურში აღარ აღადგენენ და რეზერვში ჩარიცხავენ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხელეები უკანონოდ გათავისუფლდებიან, რაც ზემოთ აღწერილი ცვლილებებზე დაყრდნობით უკიდურესად მარტივი ხდება, და ამას ისინი სასამართლო წესით დაასაბუთებენ, უსამართლობას მაინც ვერ აღმოფხვრიან და სტატუსქვოს ვერ აღიდგენენ.
რეპრესიული კანონით ფაქტიურად უქმდება თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
თუკი სასამართლომ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, გათავისუფლებულ პირს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება და მას 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით მხოლოდ 1 თვის განაცდურს აუნაზღაურებენ.
2024 წლის 13 დეკემბრის ცვლილებებით, მხოლოდ ერთი თვით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება დაწესდა. 2025 წლის თებერვალში ამ მუხლში კვლავ შევიდა ცვლილება და სამი დღით ადრე გაფრთხილება და ორი თვის კომპენსაციის ვალდებულება დადგინდა. 2025 წლის 1 აპრილს “ქართული ოცნების” წევრებმა კვლავ დააინიცირეს ცვლილება, რომლითაც ორი თვის კომპენსაცია ერთი თვის კომპენსაციით შეცვალეს.
2025 წლის 1 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ცვლილებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში და ამ ცვლილებებით საჯარო მოხელეებს, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა შეუზღუდა. საერთო სასამართლოების მოსამართლის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა ჭირდება სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობის განსახორციელებლად.
საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ.
ამ წესიდან გამონაკლისს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრი წარმოადგენს.
საჯარო მოხელეებისათვის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვა მიზნად ისახავს არა მხოლოდ საჯარო მოსამსახურეების უფლებების შეზღუდვას, არამედ აკადემიური სივრცის კონტროლს.
ყველა ეს ცვლილება, გარდა იმისა, რომ უკიდურესად პრობლემურია ყოველი ცალკეული საჯარო მოხელისათვის, ასევე საზიანოა მთლიანად სახელმწიფოსთვის, რადგან ამ ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ პროფესიონალიზმისა და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური პარტიული მორჩილების ინსტრუმენტად აქცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს მაღალკვალიფიცური, პროფესიული კადრების ნაკლულობის პრობლემას შეუქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ დრაკონული ცვლილებების შედეგები უკვე სახეზეა და ისინი აქტიურად გამოიყენება სწორედ კრიტიკული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ბოლო ხანებში სამსახურებიდან მასობრივად დაითხოვეს სწორედ ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში ან/და საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში, გმობენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.[55]
დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის სამსახურებიდან, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, თავდაცვის სამინისტროდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან.[56]
საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისთვის უფრო მეტად დაქვემდებარებას. ამგვარი პოლიტიკური რეპრესიების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა - მოხელეებმა და ხელშეკრულებებით დასაქმებულმა პირებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაზე, ან აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობაზე.
აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკანონო და არაკონსტიტუციური ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის წარმოების წესებში, რითაც დიპლომატიური სამსახური სრულად დაუქვემდებარა პარტიულ ინტერესებს.[57] რეპრესიული ცვლილებები არის პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ “ქართული ოცნების” ქმედებების ღია კრიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გაგრძელებას.
10. საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება
2025 წლის 1 აპრილიდან გაუქმდა და აღარ იფუნქციონირებს საჯარო სამსახურის ბიურო. ამის შესახებ თებერვლის დასაწყისში განცხადება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციამ.[58]
ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისათვის“.[59]
ბიუროს ლიკვიდაციის საფუძვლად “მართვის რაციონალიცაზიისა” და “ხარჯების ოპტიმიზაციის” მიზნებია მითითებული. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის. ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათი პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქცია საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება იყო. საჯარო სამსახურის ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.[60]
ნიშანდობლივია ისიც, რომ არალეგიტიმურმა მთავრობამ ქვეყნისთვის ეს მეტად საზიანო გადაწყვეტილება საზოგადოების ზურგს უკან, ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე მიიღო. ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაც კი არ შეატყობინეს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ მისი შედეგები. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის წინააღმდეგ და ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების მიმართ, რომელიც კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებისა და ევროპული მომავლისაგან.
11. საჯარო მოხელეების პროფკავშირის რეგისტრაციაზე ხელისუფლების უარი
2024 წლის ნოემბერში 20-მდე სახელმწიფო და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის დაფუძნება. ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, საჯარო სამსახურის ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები.
2024 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაფუძნდა „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ასევე საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური რეპრესიები, რომლებიც ხმამაღალი პროტესტით გამოეხმაურნენ ამ გადაწყვეტილებას.
2024 წლის 25 დეკემბერს პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით. წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება, რათა სწორად წარმოედგინათ დოკუმენტები.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა სხვა პროფესიული კავშირების რეგისტრაციისთვის, მათ შორის, „საქართველოს მენეჯერთა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირისა“ და „კოშკურა-ამწეს ოპერატორების პროფესიული კავშირისთვის“, საჯარო რეესტრმა 2024 წლის 26 დეკემბერს შეაჩერა პროფკავშირის რეგისტრაციის პროცესი, მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო საბოლოოდ, 2025 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება.
პროფკავშირმა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო საჯარო რეესტრის მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში, 2025 წლის 18 თებერვალს ხელახალი განცხადება შეიტანა რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ამჯერად პროფკავშირის სახელწოდება არ მოიწონეს და რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერდა.
ამ ყველაფრის ფონზე აშკარა ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა, რადგან მისი არსებობა ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიზანს – შექმნას პოლიტიკურად მორჩილი საჯარო სამსახური, რომელიც ხელისუფლების უკანონო დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.
პროფკავშირის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამ კონვენციას (N87, N98 და N151), რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული კავშირების თავისუფლებას.
ამიტომ, 26 თებერვალს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ საჩივარი შეიტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
12. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საიტის დაბლოკვა
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ანტიკორუციულ ბიუროს, სწორედ იმ უწყებას, რომელმაც უნდა აღასრულოს “აგენტების” კანონის ახალი ვარიანტი, დე ფაქტო დაბლოკილი აქვს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საიტი. 15 წლის განმავლობაში, რაც ეს საიტი არსებობდა, ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, ცხადია კორუფციასთან ბრძოლის პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, როგორც არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია ნებისმიერი თანამდებობის პირის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო შეემოწმებინა თითოეული თანამდებობის პირის შემოსავლებისა და ხარჯების კანონიერება და შესაბამისობა.
საიტის დაბლოკვით, ისედაც დახურული სახელისუფლო სისტემა, რომლის კორუმპირებულობის თაობაზე მუდმივად აპელირებენ დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, კიდევ უფრო დახურული და კორუფციული სქემების მიმართ მოწყვლადი გახდა. ნიშანდობლივია, რომ ეს უკიდურესად ანტიდემოკრატიული ზომა გატარდა იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც დაეკისრა “ქართული ოცნების” მიერ სამოქალაქო საზოგადოების განადგურების მისია.
13. ცვლილებები „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში
2025 წლის 1 აპრილს ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა , „ქართული ოცნების“ და ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს[61], რომელიც მიზნად ისახავს თეატრის მართვის სისტემის რეფორმირებას ორსაფეხურიანი ხელმძღვანელობის მოდელის გაუქმებით. ამჟამად, სამხატვრო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გაყოფილია სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის დირექტორს შორის. ახალი კანონმდებლობა გააერთიანებს ამ როლებს, ერთპიროვნულ ხელმძღვანელობას მიანიჭებს თეატრის დირექტორს, რომელიც გააკონტროლებს როგორც შემოქმედებით, ისე ოპერაციულ საკითხებს. კანონის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ არსებული სისტემა მოძველებულია და არამოქნილი, რაც ხელს უშლის თეატრებს თანამედროვე გამოწვევების ეფექტურად გადაჭრაში.[62]
მიღებულს ცვლილებებსასევე შემოაქვს მნიშვნელოვან ცვლილებებს თეატრის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში. ერთი მხრივ, ის თითქოს ადგენს კონკურენტულ შერჩევის პროცესს ნიჭიერი ახალგაზრდების მოსაზიდად, მაგრამ, მეორე მხრივ, ანიჭებს კულტურის მინისტრსა და მუნიციპალური მერებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს თეატრის დირექტორების დანიშვნაში.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ასპექტია კანონის ამოქმედებისთანავე ყველა მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრის დირექტორის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. გათავისუფლებულ დირექტორებს ექნებათ ათი დღე, რომ მიმართონ ხელახალი დანიშვნისთვის, მაგრამ თუ პოზიცია არ იქნება ხელმისაწვდომი, ისინი მიიღებენ კომპენსაციას სამი თვის ხელფასის ოდენობით. კრიტიკოსები ამ ზომებს აღიქვამენ, როგორც თეატრებზე პოლიტიკური კონტროლის კონსოლიდაციის და სამხატვრო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობას.[63]
აღსანიშნავია, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი გაიფიცა მას შემდეგ, რაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით პრო-ევროპულ დემონსტრაციაზე ყოფნის გამო.[64] საპასუხოდ, ქართველმა არტისტებმა 23 იანვარს წარმოადგინეს პერფორმანსი, სადაც გამოაქვეყნეს მანიფესტი და გამოაცხადეს საქართველოს მასშტაბით ტური თავისუფლების მხარდასაჭერად და მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის. მათ უკვე იმოგზაურეს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში და გორში, დისკუსიების გასამართად და ცნობიერების ასამაღლებლად.[65]
14. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
ზემოაღნიშნული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსშიც.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სპიკერმა, სტიუარტ დიქსონმა (გაერთიანებული სამეფო, ILDG), აღნიშნა: „მე შეშფოთებული ვარ საარჩევნო კოდექსში შეთავაზებული ცვლილებებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული პროცედურით განიხილება. თუ მიღებულ იქნება, ეს ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში განსახორციელებლად, შეამცირებს პროპორციული სისტემით არჩეული მუნიციპალური საბჭოს წევრების წილს, ხოლო გაზრდის მაჟორიტარი წევრების რაოდენობას, რითაც ნაწილობრივ დაბრუნდება 2017 წლის მდგომარეობა“.[66]
ამ ცვლილებებით ქართული ოცნების პარტია აუქმებს მუნიციპალურ საარჩევნო სისტემაში 2021 წელს მიღებულ ყველა ცვლილებას, რომლებიც მიღებული იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით.[67] ქართულმა ოცნებამ აქამდეც არაერთხელ დაარღვია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისს ერთხელ უკვე გადაარჩინა. „ქართული ოცნება“ კი ყველა ფასის სანაცვლოდ არის მზად მიიღოს მისთვის სასიკეთო ცვლილებები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
2024 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული წერილით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა მოითხოვა ვენეციის კომისიის დასკვნა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსშო“ შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს.[68]
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალური არჩევნების (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნები) თარიღად 2025 წლის 4 ოქტომბერი გამოაცხადა.[69]
15. „გენდერის“ გაქრობა საკანონმდებლო სივრციდან
24 თებერვალს „ქართული ოცნების“ წევრებმა, ფსევდოოპოზიციურ პარტია „ხალხის ძალასთან“ ერთად, წარადგინეს კანონპროექტი[70], რომელიც მიზნად ისახავს ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ქართული კანონმდებლობიდან. საკანონდებლო პაკეტს “ქართული ოცნების” პარლამენტმა 2 აპრილს დაუჭირა მხარი. მიღებული ცვლილებებით „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის“ სახელი შეიცვალა „ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის შესახებ კანონით“. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გენდერი აღწერილია როგორც „ხელოვნურად შექმნილი ტერმინი,“ რომელიც ქართულ კანონმდებლობაში შემოღებულ იქნა უცხოური გავლენისა და ლობირების შედეგად.
საკანონმდებლო სივრცეში ტერმინ „გენდერის“ გაქრობა სახელმწიფოს უთანასწორობის პოლიტიკის ნაწილია, რაც არადემოკრატიული, უკანონო ქმედებაა, რომელიც მიმართულია საზოგადოების განვითარების წინააღმდეგ. ეს ცვლილება ძალზედ საზიანოა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და საქართველოში თანასწორობის უფლების გარანტირების თვალსაზრისით.[71]
კანონმდებლობიდან გენდერთან დაკავშირებული ტერმინებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების ამოღება გააუარესებს ქალთა უფლებების სტატუსს, ხოლო ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად არაკონფორმული პირები სრულიად დაუცველნი დარჩებიან დისკრიმინაციის, ძალადობისა და სოციალური გარიყვისგან.[72] აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის თუ რა მკვეთრად შეცვალა სახელმწიფოს განვითარების კურსი „ქართულმა ოცნებამ“ და ნელ-ნელა აუარესებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც წლების განმავლობაში დაინერგა საქართველოს ევროპულ გზაზე.
ეს ცვლილებებიც 2 აპრილს მესამე მოსმენით იქნა მიღებული.[73]
[2] Venice Commission, Urgent Opinion on Amendments to the Code of Administrative Offences and the Law on Assemblies and Demonstrations of Georgia, Opinion No. 1226/2024, CDL-PI(2025)004, სტრასბურგი, 3 მარტი 2025, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2025)004. (Venice Opinion), პარაგრაფი 43.
[3] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 44.
[4] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 43.
[5] Venice Opinion, პარაგრაფი 44.
[6] Venice Opinion, პარაგრაფი 45.
[7] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 30.
[8] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 31.
[9] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 32.
[10] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 33.
[11] იქვე.
[12] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 34.
[13] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 35.
[14] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 29.
[15] იქვე.
[16]https://www.amnesty.org/en/latest/news/2025/01/georgia-authorities-using-draconian-new-laws-to-crack-down-on-dissent/.
[17] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 36.
[18] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 37.
[19] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 38.
[22] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 47.
[23] იქვე.
[24] იქვე.
[25]https://transparency.ge/ge/post/shekrebisa-da-gamoxatvis-tavisuplebis-gaukmebisken-mimartuli-represiuli-cesebi
[26] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 46.
[27] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 49.
[28] Venice Commission, Urgent Opinion, პარაგრაფი 47.
[29] Venice Opinion, პარაგრაფი 48.
[30] იქვე.
[42] იქვე.
[43] იქვე.
[45] https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90/33089038.html.
[50] https://publika.ge/sakonstitucio-sasamartlos-sajaro-mokheleebi-kanonis-migheba-ewinaaghmdegeba/.
[56] იქვე.
[57]https://gyla.ge/en/post/diplomatiuri-samsaxuri-represiebi?fbclid=IwY2xjawIJoq9leHRuA2FlbQIxMAABHXj09cZHjIqqICyyGlv4TRuXm3I1Qabt0hzGqumdw2N1stjPk8c0AZw0Fw_aem_nsscRymyx6oEvlToFyDOQg
[59]https://transparency.ge/ge/post/sajaro-samsaxuris-biuros-likvidaciis-gadacqvetileba-sajaro-samsaxurshi-represiebis-gagrzelebaa.
[60] იქვე.
[63] იქვე.
[65]https://www.interpressnews.ge/en/article/137315-protest-manifesto-of-vaso-abashidze-new-theatre-underway-in-europe-square-in-batumi/.
[66]https://www.coe.int/en/web/congress/-/proposed-amendments-to-the-electoral-code-in-georgia-statement-by-the-council-of-europe-congress.
[69]https://www.interpressnews.ge/en/article/136995-cec-the-next-elections-for-the-municipalitys-representative-body-will-be-held-october-4-2025/.
[71]https://www.facebook.com/coalitionforequality/posts/pfbid0backwSDNbR1YNKf5vhSApe5dJ2xcPfpKtiVmdFzKqHzGbSoS4JQQW4qJ9SqbYh8bl?rdid=QqXe9TKUBSD86PFV#.
