„კლეპტოკრატიის“ თავიდან ასაცილებლად საქართველოს კვლავ სჭირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო ანტიკორუფციული სააგენტო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„კლეპტოკრატიის“ თავიდან ასაცილებლად საქართველოს კვლავ სჭირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო ანტიკორუფციული სააგენტო

06 დეკემბერი, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოგიდგენთ პოლიტიკის დოკუმენტს სახელწოდებით „რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო?“, რომელიც მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტის ფარგლებში.

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, დაასაბუთოს ქვეყანაში კონკრეტულად მაღალი დონის კორუფციასთან მებრძოლი დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის ჩამოყალიბების აუცილებლობა. დოკუმენტში განხილულია ის მიზეზები, რის გამოც დღეს მოქმედი ანტიკორუფციული სისტემა ვერ/არ ებრძვის მაღალი დონის კორუფციას და წარმოადგენს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობილ გამოსავალს ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.

მაღალი დონის კორუფცია საქართველოში მზარდი პრობლემაა. ბოლო წლებში დაგროვდა ათობით გამოუძიებელი სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანები მონაწილეობენ. უფრო კონკრეტულად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ დრომდე შეგროვებულ 91 საქმეში 110 თანამდებობის პირი ფიგურირებს და ეს რაოდენობა მონიტორინგის მიმდინარეობასთან ერთად მუდმივად იზრდება.

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე.

ის ფაქტი, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა იერარქიაში სულ უფრო ზევით მიიწევს დასტურდება მათ შორის იმითაც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ წინაპირობად ევროკომისიამ საქართველოს სწორედ მაღალი დონის კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუციის ჩამოყალიბება განუსაზღვრა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ წინაპირობის შესრულების ფარგლებში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ანტიკორუფციული ფუნქციების გამაერთიანებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას. ფუნქციების ამგვარი გაერთიანება მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია (იხილეთ ჩვენი შეფასება სრულად). ამ ნაწილში ის ასევე თანხვედრაშია წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილ მოდელთან.

თუმცა, ახალი ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციის შეკავებას, რადგან მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები და არ არის აღჭურვილი შესაბამისი (საგამოძიებო) უფლებამოსილებით. შესაბამისად, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი პრობლემა და მისი გადაჭრის გზა – დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების შექმნა – აქტუალური რჩება.

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“. ტექსტისა და კომენტარების ავტორის მიერ გამოხატული შეხედულებები, მოსაზრებები და განცხადებები მხოლოდ მას ეკუთვნის და არ გამოხატავს ფონდის მოსაზრებას. შესაბამისად, ფონდი მასალის შინაარსზე პასუხს არ აგებს.