კრიტიკული ჟურნალისტების დევნა და შევიწროება აჭარის ტელევიზიაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კრიტიკული ჟურნალისტების დევნა და შევიწროება აჭარის ტელევიზიაში

01 სექტემბერი, 2021

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში (აჭარის ტელევიზია) მიმდინარე პროცესებმა, მათ შორის მენეჯმენტის მიერ განხორციელებულმა დისკრიმინაციულმა და სადაო საკადრო გადაწყვეტილებებმა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. წინამდებარე ანგარიში ძირითადად 2019 წლის აპრილის თვიდან, მაუწყებლის იმჟამინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის შემდეგ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს. კვლევაში მიმოვიხილავთ თუ როგორ დაიწყო და განვითარდა კრიზისი ტელევიზიაში. კერძოდ, საუბარია მმართველ პარტიასთან აფილირებული ხელმძღვანელობის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ან შევიწროებული ათობით კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლის საქმეზე.

კვლევა ეყრდნობა მედიაში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მრჩეველთა საბჭოს სხდომებს, მაუწყებლის კვარტალურ ანგარიშებს, მაუწყებლიდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და სხვა საჯარო წყაროებს.

ძირითადი მიგნებები

  • გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მისი საკადრო გადაწყვეტილებები მიმართული იყო არხზე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვებისა და შევიწროებისკენ. მათ შორის არიან პროფკავშირების წევრები და თავმჯდომარე.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ პროცესებს; სახალხო დამცველმა მოქმედი და ყოფილი რამდენიმე თანამშრომლის უფლებების დარღვევისა და ასევე დისკრიმინაციის ფაქტები დაადგინა.
  • მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა სათანადოდ არ რეაგირებს ტელევიზიაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, ვერ უზრუნველყოფს მენეჯმენტის ეფექტურ კონტროლს.