ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება
01 ივლისი, 2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეაფასა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (შემდეგში ქუთაისის საკრებულო) საქმიანობა.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს და მოიცავს პერიოდს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით.
ძირითადი მიგნებები
კონტროლის ფუნქციის განხორციელება
- ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური ხასიათის იყო;
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუწვევია კერძო აუდიტი საკრებულოს საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩასატარებლად.
სამართლებრივი აქტების მიღების პროცესი:
- ქუთაისის საკრებულომ გამართა 37 სხდომა, აქედან 10 რიგგარეშე იყო.
- საანგარიშო მონაკვეთში მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ მოიწვია ორი სპეციალისტი 1 წლის ვადით.
- ქუთაისის საკრებულომ 134 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 110 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ქუთაისის მერია იყო, 23-ის - საკრებულო, 1-ისა კი - გენდერული თანასწორობის საბჭო;
- ქუთაისის საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივით საკრებულოს ხუთივე ფრაქციამ მიმართა. ფრაქციებს საანგარიშო პერიოდში 24 ინიციატივა ჰქონდათ;
- ქუთაისის საკრებულოში მოქმედმა გენდერული თანასწორობის საბჭომ განიხილა 2019 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და შეიმუშავა რეკომენდაციები, ასევე შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადებები.
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის საკრებულოში საერთოდ არ იყო შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭო, ამიტომ საბჭოს ჩამოყალიბება პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს.
ანგარიშვალდებულება:
- ქუთაისის საკრებულოს 16 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 3 თანამდებობის პირმახარვეზებით შეავსო;
- საკრებულოს წევრებმა ჯამურად საკრებულოს სხდომები 192-ჯერ გააცდინეს. გაცდენების რაოდენობით ლიდერობენ საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ვლადიმერ კლდიაშვილი (21 სხდომა) და გიორგი უკლება (20 სხდომა), ასევე “ევროპული საქართველოდან” დავით გოგისვანიძე (19 სხდომა).
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის საკრებულოშიც გაცდენების რაოდენობით ლიდერობდნენ გიორგი უკლება (50 სხდომა) და დავით გოგისვანიძე (43 სხდომა); - ქუთაისის საკრებულოში სახელფასო ანაზღაურების სახით გაიცა 1,853,759 ლარი. სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 202,446 ლარი მიიღეს;
- ქუთაისის საკრებულომ 115,653 ლიტრი საწვავი გახარჯა.
- ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 48,906 ლარი გახარჯეს.
რეკომენდაციები
კონტროლის განხორციელება:
- საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონსაზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ინტენსიურად უნდა გააკონტროლონსახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა;
- საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე;
ანგარიშვალდებულება:
- საკრებულოს, ისევე როგორც კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მდგომარეობა მნიშვნელოვნადუნდა გაუჯობესდეს. საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები უნდა იყოს დადგენილი, გამოკვლეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული;
- თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ;
ფრაქციების საქმიანობა:
- მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ;
საკრებულოს ხარჯები:
- მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
- საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე;
პეტიცია:
- კანონმდებლობა თვითმმართველობებს აძლევს შესაძლებლობას პეტიციის საჭირო ხელმომწერთა რაოდენობა შეამცირონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ოდენობამდე. თვითმმართველობის კოდექსი აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს - 1%, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა, რთულად შესასრულებელი მოთხოვნა იყოს; იმის გათვალისწინებით, რომ საანგარიში პერიოდის განვალობაში საკრებულოში არცერთი პეტიცია არ დარეგისტრირებულა, მიგვაჩნია, რომ ქუთაისის საკრებულომაც უნდა შეამციროს პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობის ქვედა ზღვარი და 1% ნაცვლად დააწესოს 0.3 ან 0.5 რაც გაუადვილებს დაინტერესებულ პირებს პეტიციის მომზადების პროცედურას;
დასახლების საერთო კრება:
- ქუთაისში დასახლების საერთო კრება ჯერ არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს მისი ჩატარების შუამდგომლობით. მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელია დასახლების საერთო კრების ჩატარება,ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად.