ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” საჩივრები არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 5 და 6 ნოემბერს განიხილა და არ დააკმაყოფილა კოალიციის “ჩემი ხმა”, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლების სააპელაციო საჩივრები. ვასაჩივრდებდით ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის, ზუდიდის, ფოთის და სენაკის საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებითაც უარი გვეთქვა დასავლეთ საქართველოს 66 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასა და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დისციპლინური/ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
მოთხოვნების საფუძვლებად მითითებული იყო ხმის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისათვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლა, მათ შორის, მათი საჩივრების რეგისტრაციაზე უარი, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა, ხმის რამდენჯერმე მიცემა, მარკირების წესების დარღვევა, სხვის მაგივრად ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობის ან პირადი ნომრის გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და სხვა.
სააპელაციო საჩივრები ორ წარმოებად გაერთიანდა. ორივე საქმეში მონაწილეობდა მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც ხობის საკრებულოში “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები მისი აცილების შესახებ. ორივე გაერთიანებული საქმეების განმხილველ კოლეგიებში შედიოდნენ ასევე მოსამართლეები: ზაზა რამიშვილი, ხათუნა ხომერიკი და ლერი თედორაძე.