მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას

17 იანვარი, 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 იანვარს მიღებულ განაჩენს [1], რომლის საფუძველზეც მედიის წარმომადგენლებზე, 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ. აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ  ძალადობას, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ეხება. მართალია, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. საქართველოს სახალხო დამცველმა [2], მედიის ადვოკატირების კოალიციამ [3] და მისმა [4] წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს  გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა [5]. თავდასხმის შემდეგ 31 პირი [6] დააკავეს , მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში [7]. ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში [8].

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.

 

[1] სტატია: ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა https://bit.ly/3IXmHSz

[2] სახალხო დამცველის წინადადება https://bit.ly/3ITlhZj

[3] მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება: https://bit.ly/3XiG391

[4] განცხადება: თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელი დატოვა https://bit.ly/3QKj5oU

[5] სტატია: ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო https://bit.ly/3ZHNpEU 

[6] სტატია: სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ 7 პირი დამნაშავედ ცნო https://bit.ly/3CSi88e 

[7] სტატია: ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია https://bit.ly/3XiRM7J 

[8] მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება: https://bit.ly/3GLF0HM