მედიის მდგომარეობა საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მედიის მდგომარეობა საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

11 ივნისი, 2020

 

გამოკითხულთა უმრავლესობას სმენია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი „ფეისბუკის“ გვერდების შესახებ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.

ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. საქართველოში ეს პრობლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მძაფრდება, როცა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ყველაზე აქტიურად მმართველი პარტია, ყალბ გვერდებს ოპონენტების და არა მხოლოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული „ფეისბუკში“ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების შესახებ, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 53%-ს მსგავსი გვერდების შესახებ სმენია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 17 პროცენტული პუნქტით მეტია.1

გასული წლის დეკემბერში „ფეისბუკმა“ საქართველოში, „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ გამო, ასობით გვერდი წაშალა. იმ 53%-დან, რომელსაც „ფეისბუკის“ ყალბი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამ ფაქტის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, 46%-მა არ იცის, ვინ დგას ამ გვერდების უკან.

რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, წინა წლის მსგავსად, მაღალია იმ რესპოდენტების  ოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება.  კერძოდ, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება ხანდახან (45%) ან ყოველთვის (26%) ერევა მედიის საქმიანობაში.

ასევე, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც  ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).

____________________________________________

1 კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27.02.2020-18.03.2020 პერიოდში, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვერ მოხვდა „ფეისბუკის“ აპრილის თვის ანგარიში, რომელიც საქართველოში არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი გვერდების მორიგი შემთხვევას შეეხება.

print