მედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნება საფრთხის წინაშეა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ინიცირებულმა საკანონმდებლო წინადადებამ, რომელიც „საარჩევნო კოდექსში” სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას მაუწყებელთა პასუხისმგებლობას შეეხება, განაახლა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის მიერ კვლევის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. საკანონმდებლო წინადადება შეეხება კომისიის მიერ დამკვიდრებული პრობლემატური პრაქტიკის საკანონმდებლო დონეზე გაძლიერებას, რომელიც უშუალოდ მაუწყებლებს ავალდებულებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობასა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმებას.
2017 წლის არჩევნების პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების საკითხი, განსხვავებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევენებისა, აქტუალური დისკუსიისა და დაპირისპირების საგანი არ გამხდარა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წელსაც რამდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის მაუწყებელსა და ონლაინ მედია საშუალებებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.
მართალია, საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს მედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების წესებისა და დროის რეგულაციებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში პრობლემურია, თუ რამდენად დასაბუთებულია არსებული კანონმდებლობის ფარგლებშიც კი მარეგულირებელი კომიისიის მიერ მთელი რიგი არაპროპორციული მოთხოვნების წაყენება მედიისთვის. განსკუთრებულად საგანგაშო იყო კომისიის მიერ პრო-ოპოზიციური მაუწყებლის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული საქმე საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით.
არსებული კანონმდებლობა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიას საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების წესების შეუსრულებლობის გამო ედავება, მათ შორის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებთან მიმართებითაც რომელიც კვლევის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების, კვლევებს შორის განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელ მეცნიერულ ახსნა-გამარტებას და ა.შ. შეეხება. თუმცა, თუ წავიკითხავთ მე-11 პუნქტს (ა-ე ქვეპუნქტამდე) იქ საუბარი არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნებაზე. მე-11 პუნქტი (ა-ე ქვეპუნქტამდე) ადგენს, რომ „ამ კანონის (ანუ „საარჩევნო კოდექსის”) მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს” ანუ, კანონმდებელი უშუალოდ აზრის კვლევის მიმართ ადგენს ვრცელ მოთხოვნებს. ხოლო მე-11 პუნქტის ვ-) ქვეპუნქტიდან კი საუბარია საზოგადოებრივი კვლევის გამოქვეყნებისას რა უნდა მიეთითოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტიც ადგენს წესების ჩამონათვალს: “არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს”:
„გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.”
აღნიშნულ პოზიციას ამყარებს „საარჩევნო კოდექსის” 82-ე მუხლიც, რომლის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და წესების დარღვევა 1500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. „საარჩევნო კოდექსის” 82-ე მუხლის სათაურში ვკითხულობთ „არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა”, რასაც უშუალოდ დისპოზიციური ნაწილიც იმეორებს, რომ „კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.”
პრობლემატურია და დასაბუთებას საჭიროებს, ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენცია, რომელიც ონლაინ მედიაზე ვრცელდება. მარეგულირებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების მოთხოვნას უწესებს როგორც მაუწყებელს, ისე ელექტრონულ მედიას. თუმცა, ტერმინი „ელექტრონული მედია” არ გვხდება არც „საარჩევნო კოდექსში” და არც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში. სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც არ გვთავაზობს შესაბამისს დასაბუთებას.
საკანომდებლო ინიციატივა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს საკანომდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას, მათ შორის 51-ე მუხლისათვის მე-11 პრიმა მუხლის დამატებას, რომელიც უკვე ღიად აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (მათ შორის ზემო აღნიშნული სადავო ა-ე ქვეპუნქტები, რომლებიც სხვა საკითებთან ერთად კვლევის სანდოობისა და ობიექტურობის გადამოწმებას შეეხება), ხოლო მაუწყებელი რომელიც სხვისი დაკვეთით შესრულებულ კველევას ავრცელებს უნდა გაითვალისწინოს მე-11 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
წარმოდგენილი კანონპრექტი ცალსახად მიანიშნებს მარეგულირებლის განზრახვას, კანონმდებლობის ცვლილებით გაამყაროს სამართლებრივი არგუმენტი უკვე დამკვიდრებული სადავო პრაქტიკისა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთ მაუწყებელზე ვრცელდება „საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა-ე ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულებებიც. პარალელურად ცვლილება შედის იმავე კოდექსის 82-ე მუხლში რომელიც საგრძნობლად ზრდის სანქციის ოდენობას 1500 ლარიდან 5000 ლარამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევის შემთხვევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ნეგატიურად აფასებს აღნიშნულ ინიციატივას, რის შესახებაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ცნობილია. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმა მიზნად ისახავს კონტენტში ჩარევას და მარეგულირებლის მიერ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით სიღრმისეული დეტალების გადამოწმება პრაქტიკაში შეუძლებელია და ზრდის შერჩევთი მიდგომის რისკებს. კვლევის ხარისხზე პასუხისმგებელია თავად კვლევითი ორგანიზაცია და პასუხისმგებლობის მედიაზე გადატანა მიუღებელია.
წარმოდგენლმა ცვლილებამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგენაში მონაწილეობაზე, ვინაიდან გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შესაძლოა მარეგულირებლისათვის ცნობილი გახდეს კვლევაში მონაწილე პირების მიერ დაფიქსირებული პოზიცია კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისა თუ წინააღმდეგობის შესახებ.
ამას გარდა, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არც ადამიანური და არც პროფესიული რესურსი გააჩნია საზგოდოებრივი აზრის სანდოობისა და ობიექტურობის მსგავსი მეთოდებით გადამოწმების ჩატერებისათვის.
მედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების უფლება გარანტირებულია ევროპული გამოცდებილით. ევროპის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, მედიის მიერ კვლევის შედეგების გამოქვეყნება როგორც საკანომდებლო ისე ეთიკური ნორმებით შეიძლება დარეგულირდეს. მედიამ უნდა მიუთითოს დამკვეთის ვინაობა და კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია, ცდომილების მარჟა, პერიოდი და ა.შ. აღნიშნულ რეკომენდაციაში არ არის საუბარი იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც მარეგულირებელი მაუწყებელებს უყენებს, მაგალითისათვის, მაუწყებლის მიერ კვლევის სანდოობის ობიექტუროების გადამოწმებას (51-ე მუხლის მე-11 პუნქტის (ა-ე ქვეპუნქტები) და ა.შ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თავი შეიკავოს მედია საშუალებების მიმართ არაპროპორციული მოთხოვნების წაყენებისაგან, რომელიც მედიის მიერ სამომავლოდ მსგავსი კვლევების ჩატარებასა და შედეგების გამოქვეყნებას საფრთხეს შეუქმნის და შეუზღუდავს მოსახლეობას არჩევნების პერიოდში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი კვლევებისა თუ ეგზიტპოლების მონაცემებს გაეცნოს. ცალსახაა რომ ევროპული გამოცდილება ადგენს ცალკეულ მოთხოვნებს მედიის მიმართ საზოგადოებრივი კვლევების გამოქვეყნების შესახებ, მაგრამ საქართველოში დამკვიდრებული ახალი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს მედიის მდგომარეობას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარდგენილი საკანომდებლო წინადადების განხილვა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იმსჯელოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების სადაო მოთხოვნების ეთიკური სტანდარტებით დარეგულირებაზე.
