მმართველ პარტიასთან დაკავშირებული „აჭარგანათებისა” და “განათების” მონოპოლიური მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მმართველ პარტიასთან დაკავშირებული „აჭარგანათებისა” და “განათების” მონოპოლიური მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში

22 მარტი, 2022

ბათუმის მერიის ყველაზე მსხვილმა მხარჯავმა ა(ა)იპ-მა, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ” ქალაქში არსებული განათების სისტემის Led სანათებით განახლების, მათი მოვლა-ექსპლოატაციის მიზნით ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად შპს “აჭარგანათება” გამოაცხადა. სატენდერო კომისიამ მიმწოდებელი კომპანია აუქციონის გარეშე გამოავლინა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი 29,859,061 ლარი განსაზღვრა. “Აჭარგანათებამ” ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28,963,288 ლარის ოდენობით გააფორმა. გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში განათების წერტების მოვლა, განახლება და ექსპლოატაცია 2022-2026 წლებში უნდა განახორციელოს.

ვის ეკუთვნის კომპანია “აჭარგანათება”?

“აჭარგანათება” „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის საკუთრებაში სრულად გადავიდა.

თავდაპირველად კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავდა: თამაზ თოფურიძე (2010-2014 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი და ასევე, 2017-2021 წლებში ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის მამა) 52%-ით, დავით ვაშაკიძე და გია ორაგველიძე 24-24%-ით. თამაზ თოფურიძის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი წილის მფლობელი მისი მეუღლე, ზოია დოლიძე გახდა. კომპანიას ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თოფურიძეებმა კომპანიის 48% წილი ორი მესაკუთრისგან 2,400,000 ლარად იყიდეს, შესაბამისად, კომპანიის 100% მფლობელი ძმებ თოფურიძეების დედა, ზოია დოლიძე გახდა. წილის შესაძენად 2,000,000 ლარი უკვე გადაიხადეს, დარჩენილი თანხის გადახდის თავდებები კი ძმები თოფურიძეები არიან.

Როგორ იღებს “აჭარგანათება” სახელმწიფო შესყიდვებს?

„აჭარგანათებისთვის” მორგებული მუნიციპალური შესყიდვები და კორუფციული რისკები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წელს გამოავლინა. ამ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კომპანიამ 2011-2019 წლებში 26,523,383 ლარი მიიღო, მათ შორის თანხის 82% (21,744,016 ლარი) უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვებიდან.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიამ კიდევ 17 ელექტრონულ შესყიდვაში გაიმარჯვა, მათ შორის 14-ში - უკონკურენტოდ და ერთში კონკურენტის დისკვალიფიკააცის ხარჯზე, შედეგად კომპანიამ 6,614,077 ლარი მიიღო (ამ თანხის 90%-ზე მეტი - 6,002,006 ლარი - უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე).

2022 წლის 11 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს “აჭარგანათება” მარტო მონაწილეობდა.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ბათუმის მუნიციპალურ ა(ა)იპ-სთან, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან” ხელშეკრულება გააფორმა 28,963,288 ლარზე.

„აჭარგანათებამ” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 62,100,748 ლარი მიიღო, საიდანაც:

ჩვენი ორგანიზაციისა და აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მიუხედავად, ბათუმის მერია ამ დრომდე აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას: მსხვილ შესყიდვებში სატენდერო პირობებს კვლავ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირის ოჯახის კომპანიას არგებს.

რა იწვევს მიმდინარე ტენდერის პირობების „აჭარგანათებისთვის” მორგების ეჭვებს?

ბათუმის ა(ა)იპ-მა „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ” თითქმის 30-მილიონიან შესყიდვაში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ პირობად პრეტენდენტებს მოსთხოვა 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გარე განათების წერტების 5,000,000 ლარის ღირებულების მოვლა-ექსპლოატაციისა და 3,000,000 ლარის ღირებულების გარე განათების მონტაჟის  გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებსა და ჩვენს წინამორბედ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „აჭარგანათების” გარდა, ბათუმსა და ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ სახელმწიფო და მუნიციპალურ შესყიდვებში ასეთი მოცულობის სამუშაოები არცერთ კომპანიას არ ჩაუტარებია. რეგიონში გარე განათების სამუშაოების შესყიდვებში მონაწილე არცერთი კომპანიის - „მარდის”, „გუნგლის”, „გელმარისა” და „მშენებელი 5”-ის მონაცემები (მათი დაარსების დღიდან დღემდე) არ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის მიერ დადგენილ კრიტერიუმს:

„აჭარგანათებამ” ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ პერიოდში (2018-2021 წლებში) ელექტრონული ტენდერებიდან 12,475,515 ლარი მიიღო, მათ შორის 11,084,154 ლარი (შემოსავლის 89%-მდე) - უკონკურენტო პირობებში.

უკონკურენტოდ მიღებული შემოსავლის 83%-ზე მეტი - 9,249,421 ლარი კომპანიას სწორედ ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მისცა. სულ ამ ა(ა)იპის ელექტრონული ტენდერებიდან „აჭარგანათებამ” 2018-2021 წლებში 10,302,462 ლარი (ამავე პერიოდში მიღებული მთელი შემოსავლის 92%-ზე მეტი) მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ “აჭარგანათებამ” ასევე უკონკურენტოდ მოიგო ამავე ა(ა)იპის მიერ გამოცხადებული ბოლო, 500,000 ლარის ოდენობის ტენდერი და უნდა მოუაროს ქალაქის გარე განათების წერტებს 2022 წლის ზაფხულამდე, ანუ ახალი, 30-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენამდე, თუმცა ამ ტენდერსაც, როგორც აღვნიშნეთ, ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს - “აჭარგანათება”.

Როგორ განსაზღვრეს მიმდინარე ტენდერის სავარაუდო ღირებულება?

სატენდერო დოკუმენტაციაში ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება: ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ თითქმის 30-მილიონიანი შესყიდვის გამოცხადებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა და შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები. სამმართველო ირწმუნება, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სწორედ ამ მოკვლევის საფუძველზე განსაზღვრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ  შესყიდვის სავარაუდო ფასის განსასაზღვრად ა(ა)იპმა სამი კომპანიის - „აჭარგანათების”, “გლ+”-სა და „ელექტრონის” შეთავაზებები მიიღო.

შპს „ელექტრონმა” სამუშაოების შესრულების თანხად 59,718,123 ლარი დაასახელა, „გლ+”-მა - 55,239,264 ლარი, „აჭარგანათებამ” კი - 29,859,061 ლარი. მუნიციპალურმა სამმართველომ ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებად ზუსტად „აჭარგანათების” მიერ შეთავაზებული ოდენობა განსაზღვრა.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების შესწავლამ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გააჩინა ეჭვები:

  • რა გარემოებებმა განაპირობა, რომ „აჭარგანათებამ” პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით, ერთ შემთხვევაში 2-ჯერ ნაკლები, მეორე შემთხვევაში კი - 1.85-ჯერ დაბალი ფასი წარუდგინა შემსყიდველ ორგანიზაციას?
  • რატომ გადაწყვიტა მუნიციპალურმა ა(ა)იპმა ბაზრის კვლევისთვის მიემართა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც წლებია, სახელმწიფო შესყიდვებში აღარ მონაწილეობენ და არც სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა შეესაბამება მოგვიანებით გამოცხადებული ტენდერის პირობებს? კერძოდ, “გლ+” სახელმწიფო შესყიდვებში 2019 წლის შემდეგ არ მონაწილეობს, მანამდე კი ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან ჯამში 2 მილიონიც კი არ აქვს მიღებული; „ელექტრონი” დღემდე მონაწილეობს ტენდერებში, მაგრამ არც მას მიუღია 2 მილიონზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან.
  • კიდევ ერთი გარემოება: „აჭარგანათების” დირექტორი, „ქართული ოცნებიდან” საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე და ბაზრის კვლევაში მონაწილე კიდევ ერთი კომპანიის „გლ+”-ის 100% წილის მფლობელი, გიორგი ლალიაშვილი ბიზნესპარტნიორები არიან: თოფურიძემ და ლალიაშვილმა 2007 წელს „ელექტრო საქონლის შემოტანა-მონტაჟის”[1] კომპანია „ელექტრა” დააფუძნეს, თოფურიძე ამ დრომდე კომპანიის დირექტორია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამჭვირვალობისა და კონკურენციის პირობებში.

შპს “განათება” - თოფურიძეების კიდევ ერთი უკონკურენტო კომპანია

„აჭარგანათების” გარდა, თოფურიძეები ფლობენ კიდევ ერთ კომპანიას. შპს „განათება”, რომლის 100%-იანი მესაკუთრეა ნიკოლოზ თოფურიძე, სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტო პირობებში მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია - 2011-2021 წლებში კომპანიამ ელექტრონული და გამარტივებული შესყიდვებით 4,743,591 ლარი მიიღო. ამ თანხის 56%-ზე მეტი (2,668,206 ლარი) - უკონკურენტოდ, კონკურენტების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანია ამ პერიოდში 117 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა, მათ შორის 4 არ შედგა/შეწყდა. „განათებამ” 78 შემთხვევაში (69%) გაიმარჯვა. აქედან 45 შემთხვევაში უკონკურენტოდ და კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

დასკვნა და რეკომენდაციები

ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ 11 იანვარს გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა ცალსახად „აჭარგანათებისთვის” იყო მორგებული. ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუნიციპალური ორგანიზაცია ამგვარ პრაქტიკას მიმართავს, Ბათუმის თვითმმართველობა კი არ რეაგირებს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეთავაზებულ რეკომენდაციებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე.

ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გარე განათების წერტების მოწყობის სამუშოებში ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის და მისი ოჯახის კომპანიებმა „აჭარგანათებამ” და „განათებამ” პრაქტიკულად მონოპოლიური მდგომარეობა დაიკავეს. გარე განათების სამუშაოების შესყიდვის არსებული პრაქტიკა შესაცვლელია. საშუალო მოცულობის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება და სატენდერო პირობების ბაზარზე არსებული კომპანიების რესურსებისა და გამოცდილების შესაბამისად განსაზღვრა, საშუალებას მისცემს სხვა მიმწოდებლებსაც, გაიმარჯვონ ტენდერებში და შემცირდეს კორუფციული რისკები.

მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ შესყიდვების შესასწავლად, რომელიც კომპანიებმა - „აჭარგანათებამ” და „განათებამ” უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას დროულად და ამომწურავად გააცნოს.
 


 

 

[1] ციტატა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებიდან

print