მოკლე ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დაწერილ საჩივრებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მოკლე ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დაწერილ საჩივრებზე

06 ოქტომბერი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს 200 სტაციონალური დამკვირვებლის და 40 მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა. ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, რომელთაგან 12 შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსს ეხება. არჩევნების დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ იმ უბნების საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული დისბალანსი გადაამოწმა, რომელსაც აკვირდებოდა.

ორგანიზაციამ გამოყო ისეთი უბნები, სადაც საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი 1-ით მაინც მეტია ან მინიმუმ 10-ით ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე. გადამოწმების შედეგად ჩვენმა მისიამ ასეთი 12 უბნის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. ამ უბნებზე ორგანიზაცია ოქმების გაუქმებას და შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.

გარდა ამის, კენჭისყრის დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სულ 30 საჩივარი დაწერა როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათ შორის საჩივარია წარდგენილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ორგანიზაცია #7 და #13 უბნებზე დაფიქსირებული მძიმე დარღვევების, მათ შორის ამომრჩევლების მიერ ხმის მრავალჯერადად მიცემის გამო, ამ უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.