პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2020 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2020 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა

28 მაისი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, სხვა წლებთან შედარებით, ფინანსური უთანასწორობა შედარებით შემცირდა, რაც 2020 წელს რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ განაპირობა.

პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები

  • 2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში  60,221,705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29,166,087 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 8,037,276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 8,036,077 ლარით;
  • პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940  ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე;
  • სახელმწიფო დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი - 4,222,546 ლარი (მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების 42%) - მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიიღო, მეორეზე ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებული პარტიები იყვნენ (2,121,660 ლარი), ხოლო მესამეზე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (1,959,750 ლარი);
  • რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46,586,370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი -  23,881,521 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 7,975,594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე 5,740,011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ. 2020 წელს მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს პარტიების მიერ მიღებული 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან მმართველმა პარტიამ მთლიანი შემოწირულებების 84% მიიღო;
  • პარტიების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 97% ფიზიკური პირების მიერ იქნა განხორციელებული, 3% კი - იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 37%-ს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი იყო  საქართველოში. ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 83% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს;
  • მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.  
    • აღსანიშნავია შპს „გ & კ ტექნოლოგი”, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა.
    • მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს „ელ ჯორჯიას” შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101,000 ლარი შესწირეს. იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს “ელ ჯორჯიამ” ჯამში 26.4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს „ცეკურის”, შპს „გრავიტას” და შპს „ჯი-თი ჯგუფის” შემთხვევებში.
    • კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „ლ.და.კ”, რომელმაც 2020 წელს 33.9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს;
    • მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს. სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670,000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული.
  • ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს „Weekend”, რომლისგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  2020 წლის 6 აპრილს 1,329,680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4.2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს „Weekend”-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე ჯამში 125,000 ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ;
  • წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას გავს.
    • ასეთ ჯგუფებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში სტაბილურად სწირავენ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. 2020 წელს ივანიშვილთან დაკავშირებულმა 22 პირმა ჯამში 634,300 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იგივე პირებს 2011 წლიდან 3 მლნ ლარზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება აქვთ გაკეთებული. ამ ჯგუფთან დაკავშირებულმა შპს „ზიმომ”, 2020 წელს 9 მლნ ლარამდე ღირებულების  სახელმწიფო ტენდერები მოიგო.
    • მმართველი პარტიის მეორე ტრადიციულად მსხვილი დამფინანსებლების ჯგუფი შპს „ლილო-მოლთან” არის დაკავშირებული. 2020 წელს ამ კომპანიის მფლობელებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს . იგივე პირებს სხვადასხვა წელს 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირული.
    • კიდევ ერთ ასეთ ჯგუფში შპს „ბომბორა და ბავშვებთან” პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირები შედიან, რომლებმაც 2020 წელს მმართველ პარტიას ჯამში 255,000 ლარი შესწირეს;
    • მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელებიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს.
  • საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, წინა წლების მსგავსად, კვლავ მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ”  20 ოქტომბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 1 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო.

პარტიების მიერ გაღებული ხარჯები

  • კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 2020 წელს სულ 60,267,443  ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29,817,933 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოდიოდა, 7,995,487  ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, მესამეზე კი - ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 7,818,767 ლარით;
  • პარტიებმა ყველაზე დიდი ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე გასწიეს: ა) რეკლამა, ბ) შრომის ანაზღაურება, გ) უძრავი და მოძრავი ქონების იჯარა, დ) ოფისის ხარჯები, ე) ყრილობების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, ვ) სანოტარო, საკონსულტაციო, თარჯიმნის მომსახურების ხარჯები.
  • სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი (59%) შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა;
  • მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. 5,177,163 ლარით მეორე ადგილზე პარტია „ლელო საქართველოსთვის” იყო, ხოლო მესამეზე - ბლოკ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 4,453,857 ლარით. აღსანიშნავია, რომ წილობრივად ყველაზე მეტი - მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211,633 ლარი) - რეკლამაზე პარტიამ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2,473,162 ლარი) ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებელში” შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გაწია;
  • წინა წლების მსგავსად, რეკლამის კატეგორიებს შორის ყველაზე დიდ თანხას პარტიები სატელევიზიო რეკლამაზე ხარჯავდნენ, მხოლოდ ერთ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰქონდა გარე რეკლამაში უფრო მეტი დახარჯული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე. მმართველი პარტიის მიერ გარე რეკლამაში დახარჯული თანხები ამ ტიპის რეკლამაში სულ დახარჯულის 64%-ს (6,155,608 ლარი) შეადგენდა.

ფინანსების გამჭვირვალობა და მასზე ზედამხედველობა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ამ უწყებამ 2020 წელს საარჩევნო პერიოდში:
    • შემოსავლების სამსახურიდან 1,714 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია;
    • დამატებითი განმარტებებისთვის 5 პირი დაიბარა გასაუბრებაზე;
    • 161 შემომწირველ ფიზიკურ პირს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა შემოსავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო პერიოდში სულ დაიწყო 13 საქმის წარმოება, აქედან სამართალწარმოება დასრულდა 10 საქმეზე, რომლებზეც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მთლიანობაში გამოწერილია დაახლოებით 43,000 ლარის ჯარიმა;
  • ასეთ საქმეთა შორის არ მოხვდა პარტიების მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომელთა შესწავლის კუთხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სხვა წლების მსგავსად, არაეფექტიანი იყო.

რეკომენდაციები

  • ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით და შეიმუშავოს უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად.