პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N8 (2024 წლის 1 აპრილი - 30 ივნისი)
ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა. ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო, შედარებისთვის, 2020 წლის მე-2 კვარტალში პარტიებმა 5 მილიონამდე ოდენობის შემოწირულება მიიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთ მილიონამდე შემოწირულება მიიღო, რაც სხვა პარტიებზე მეტია, თუმცა არ არის იმ ოდენობის, როგორც ჩვეულებრივ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების წლების ანალოგიურ პერიოდებში იღებდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით.
შემოწირულებების სტატისტიკა
2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარის შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება (1,224,111₾). პარტიული შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 961,176 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 302,682 ლარით.
საანგარიშო პერიოდში 207-მა შემომწირველმა 276-ჯერ შესწირა ყველა პარტიას თანხა. შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი), 55 შემოწირულება მიიღო პარტიამ „შეცვალე საქართველო“ (35 დონორი), ხოლო 32 შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო (31 დონორი). პარტია „შეცვალე საქართველო“ 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო.
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ შემომწირველთა მიმოხილვა*
2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 31-მა დონორმა ჯამში 961,176 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ** 2.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. 31 შემომწირველთან დაკავშირებული ორი კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში ტენდერები მოიგო. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 81 მილიონი ლარი იყო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 294 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. დეტალურად იხილეთ ცხრილ 1-ში). პარტიამ „ხალხის ძალა“ პირველად მიიღო შემოწირულება. მას ორმა პირმა ჯამურად 96,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.
*„ხალხის ძალის“ შემომწირველები კვლევის მიზნებისთვის არ განსხვავდებიან მმართველი პარტიის შემომწირველებისგან და მათ მიმართაც ანალოგიური კორუფციული რისკები არსებობს. „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიისგან მხოლოდ ფორმალურად არის გამოყოფილი, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი სიით გეგმავენ მონაწილეობას: https://bit.ly/4bW8Qa3
** აქ იგულისხმება 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულებებიც.
სერგო ხაბულიანმა 4 აპრილს 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. მას მარტშიც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 40,000 ლარი შეწირული და ამიტომ მასზე გასულ კვარტალურ ბიულეტენშიც ვწერდით. ბიულეტენის გამოქვეყნების შემდეგ მისმა კომპანიამ „ცეკური“ კიდევ ორი ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 14.8 მილიონი ლარი; ხოლო, წლის დასაწყისიდან კომპანიას 79 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 2013 წლიდან ამ კომპანიას 294 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 448,000 ლარი შესწირეს.
ვიქტორ ჯაფარიძემ პარტია „ხალხის ძალას“ აპრილში და მაისში 38,000 ლარი შესწირა. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა წლის დასაწყისიდან 16 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 138,514 ლარი იყო.
გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ ექვს კომპანიას 2021-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში სუბსიდიები ჰქონდა მიღებული (იხ. ცხრილი 2).
ლევან ნეკრესელშვილმა და ვაჟა ციგროშვილმა ერთსა და იმავე დღეს ჯამურად 64,000 ლარი შესწირეს პარტიას (მათ სულ 434,000 ლარი აქვთ შეწირული მმართველი პარტიისთვის); ხოლო, მათთან დაკავშირებულ კომპანიებს შპს „შატო ნეკრესს“, რკ „ნეკრესელს“ და შპს „მარნისკარს“ 2021-2022 წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 1,544,783 ლარი აქვთ მიღებული.
მიხეილ ბუზალაძემ 20,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ის ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს „რთველისის“ დირექტორია, რომელმაც 2021-2023 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიას 2022 და 2023 წლებში, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 408,000 ლარი აქვს მიღებული.
ბადრი ალფაიძემ მაისში 30,000 შესწირა „ქართულ ოცნებას“. მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „ბიო ბერი ჯორჯია" (ალფაიძე მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია) 2023 წლის დეკემბერში 56 ათასი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ იმავე წლის ივლისში, პრივატიზაციის გზით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მაღლაკში 106,959 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღო საკუთრებაში.
ელგუჯა მუჭაურმა 22 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი შესწირა. მუჭაურთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს “ე.ი.ლ.ჯ” 2024 წლის 23 თებერვალს, შემოწირულების განხორციელებამდე ორი თვით ადრე, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ლიახვის ქვიშა-ხრეშის, 5 წლით, 95,400 მ3-ის ოდენობით მოპოვების ლიცენზია მიიღო.
ადელაიდა ნანიკაშვილმა 4 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, 23 აპრილს კი მთავრობის განკარგულებით მის კომპანიას, შპს „აიემსის“, 5-ჯერ გაუზარდეს მოსაპოვებელი წიაღისეულის სალიცენზიო ოდენობა.