„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება
29 ოქტომბერს, უკრაინული ვებგვერდებიდან ქართულ მედიაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ორი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარია წარმოდგენილი, ხოლო მეორე აუდიო ფაილი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს შეიცავს. საუბრის მონაწილეებმა - გიგა ბოკერიამ და ნიკა გვარამიამ უკვე დაადასტურეს სატელეფონო ჩანაწერების როგორც ავთენტურობა, ასევე შინაარსი და საჯარო განმარტებები გააკეთეს.
სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება „რუსთავი 2”-ის საკუთრების შესახებ სასამართლო დავაზეა მიმართული, ოდესის რეგიონის ხელმძღვანელი და საქართველოს ექს- პრეზიდენტი ცდილობს ტელეკომპანიის დირექტორისთვის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მითითებების მიცემას, რაც აგრესიული ქმედებებისკენ მოწოდებასაც შეიცავს.
მიგვაჩნია, რომ ნაკლებად პრობლემატურია სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე აგებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების არსებობა (რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება). ამავე დროს, დაუშვებელია ამის საფუძველზე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ მედია საშუალების კრიტიკა. დაუშვებელია ასევე პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტებისთვის და მედიის მენეჯერებისთვის მითითებების მიცემა. მითუმეტეს მიუღებელია ისეთი მითითებების მიცემა, რომლებიც სიტუაციის ესკალაციისკენ მოწოდებებსაც შეიცავს. ვთვლით, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ჟურნალისტების მიმართ უპატივცემულობა და მათი საქმიანობის გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ზუსტად ამიტომ, სოლიდარობას ვუცხადებთ „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს და მათ სურვილს გაემიჯნონ ყველა იმ მოწოდებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტელეკომპანიის საქმიანობას. მისასალმებელია, რომ „რუსთავი 2”-ის მენეჯმენტს არ განუხორციელებია, სააკაშვილის რჩევების გათვალისწინებით, რაიმე რადიკალური ქმედებები.
ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ პირადი საუბრების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ და როგორ მოახდინა საქართველოს მოქალაქეების უკანონო ფარული მიყურადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული, აუცილებელია იმ პირთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც აუდიო მასალა საჯაროდ გაავრცელა. პარალელურად დაუშვებელია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის გამოყენება ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის საბაბად.
სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ვერ აცნობიერებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და იმას, რომ მსგავსმა ქმედებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ტელეკომპანიას და არხის მომავალ საქმიანობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში „რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეებიც კი დღეს ტელეკომპანიის გულშემატკივრები არიან, რაც განპირობებულია მედია გარემოში „რუსთავი 2”-ის განსაკუთრებული როლითა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი ლიდერის მედიასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა, „რუსთავის 2”-ის მენეჯმენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა გააჩინოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერებმა გავლენა არ მოახდინოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო დავაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წილების საკუთრებასთან დაკავშირებით.
