კონფერენცია “საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა” - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კონფერენცია “საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა”

14 დეკემბერი, 2012

დაუყონებლივ გასავრცელებლად

დღევანდელი კონფერენცია ანტიკორუფციული კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ისაუბრებენ იმ  ხარვეზებზე, რაც საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემაში არსებობს. ასევე, წარმოადგენენ იმ რეკომენდაციებს, რაც ორგანიზაციების შეხედულებით სათანადო უწყებებმა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად უნდა გაითვალისწინონ.

საქართველომ 2004 წლის შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის მხრივ. წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად გაუჩინარდა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებიდან. მომსახურებამ, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები უწევენ, ასევე საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნამ, სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღებამ გაზარდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა მთელ რიგ სფეროებში. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავაც არსებობს რისკები მაღალი თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. გასული წლების განმავლობაში მრავალი მაგალითი იყო, სადაც სავარაუდოდ ელიტური კორუფციის შემთხვევას ჰქონდა ადგილი (პრივატიზაცია, ლიცენზიების გაცემა და სხვა).  

საქართველოში ეფექტური ანტიკორუფციული სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანია :

  • ჩამოყალიბდეს ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმები საქართველოს მმართველობის სისტემაში, რაც გულისხმობს პარლამენტის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას
  • შეიქმნას  დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომელიც თავისუფალი იქნება სამინისტროებისა თუ აღმასრულებელი  შტოს სხვა ორგანოების კონტროლისგან  და ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. უწყებამ უნდა შეითავსოს კორუფციის პრევენციის, გამოძიებისა და საზოგადოების ინფორმირების ფუნქციები.
  • გაძლიერდეს საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალურობისა და დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმები (შესაძლოა საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებების გაზრდის გზით).
  • საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მიზნით უნდა გაძლიერდეს მამხილებელთა დაცვის არსებული მექანიზმები. სასურველია მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გავრცელება იმ კერძო კომპანიებზეც, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს განკარგავენ.
  • უნდა გაფართოვდეს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში მოცემული თანამდებობის პირთა სია, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა ევალებათ. მიზანშეწონილია თანამდებობის პირთა მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმის შექმნაც.
  • უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. მიზანშეწონილია, რომ სამსახურის ხელმძღვანელობას შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკურად ნეიტრალური პირები შეადგენდნენ. უზრუნველყოფილ იქნეს, აგრეთვე, შიდა აუდიტის ორგანოების გამართული საქმიანობა და მათი საკმარისი დამოუკიდებლობა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობისგან.
  • უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა, რაც შესაძლოა განხორციელდეს იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკური კომპონენტისგან პროკურატურის სათანადო გამიჯვნის გზით.
  • უნდა შეიქმნას პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სათანადო გამიჯვნას უზრუნველყოფს. ამ მხრივ გაუმჯობესებას საჭიროებს საჯარო სამსახურიდან წასული თანამდებობის პირების კერძო სექტორში შემდგომი დასაქმების მარეგულირებელი დებულებები.
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს სახელმწიფო უწყებების მიერ შექმნილ ფონდებზე, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებს განკარგავენ.

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთელი კვირის განმავლობაში ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა. კვირეული დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა დათანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. 

 

print