რას ითხოვენ მოქალაქეები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რას ითხოვენ მოქალაქეები ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან?

10 აპრილი, 2019

 

გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ.

2 087 რესპოდენტის გამოკითხვა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მისი ცდომილება 2.3%-ს შეადგენს.

რესპონდენტების მხოლოდ 33% მიიჩნევს, რომ მერი საქმიანობის დროს მოქალაქეთა ინტერესებს ეყრდნობა, საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 25%-ს.

საკრებულოების შემთხვევაში რესპონდენტების აზრი თანაბრად გაიყო - 27%-მა გამოავლინა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობასთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ წინა წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცილებით არასასურველი შედეგები ჰქონდათ - 2018 წელს, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26%, საკრებულეობის შემთხვევაში კი 22% ფიქრობდა, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები მოქალაქეთა ინტერესებს გამოხატავდნენ. 2019 წლის გამოკითხვის შედეგებით, მერებთან დაკავშირებით ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხები 7 პროცენტული პუნქტით,  საკრებულოებთან კი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

კომუნალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოწყობის, პარკების, სკვერებისა და ზოგადად, გამწვანებისა და მიუსაფარი ცხოველების მოუგვარებელი პრობლემები იწვევს. ამასთან, შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი: 2018 წელს გამოკითხულთა 41% კმაყოფილი იყო მუნიციპალური ტრანსპორტით, 2019 წელს კი იმავე კითხვაზე ანალოგიურად მხოლოდ 37%-მა უპასუხა. 

წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც კმაყოფილები არიან წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებებით მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის კმაყოფილებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების სისტემების მუშაობა იწვევს.

print