საქართველოს სასამართლო სისტემის გადახალისება
სასამართლო საქართველოში ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად ითვლება, რომელთან კავშირსაც ყველა გაურბის. ამიტომაც, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე სასამართლო ხელისუფლების რეფორმა მთავრობის დღის წესრიგში დგას. სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობა გარკვეულ ტრადიციად იქცა. საბჭოთა მმართველობისა და მისი მარიონეტული სასამართლოს პირობებში გატარებული ათწლეულების შემდეგ დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა ქვეყანა ქაოსსა და სამოქალაქო ომში გაახვია, რამაც სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ ნდობის გამყარებას ნაკლებად შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სფეროში რეფორმები 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მიმდინარეობს, ამ სფეროში მნიშვნელოვანი შედეგები ჯერ კიდევ მისაღწევია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს საზოგადოებას ჯერ კიდევ უნდა აღუდგეს იმის რწმენა, რომ მოსამართლეები მიკერძოებული ინტერესებისა და ზეგავლენისგან თავისუფალი არიან და სამართლიანად შეუძლიათ მართლმსაჯულების აღსრულება.
