ცენტრალური ხელისუფლების საჯარო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსთა დიდ უმრავლესობაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებმა გაიმარჯვეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ცენტრალური ხელისუფლების საჯარო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსთა დიდ უმრავლესობაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებმა გაიმარჯვეს

28 მაისი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცენტრალური ხელისუფლების საჯარო უწყებებში 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე საჯარო მოხელეთა თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აფასებს.

ძირითადი მიგნებები

  • საანგარიშო პერიოდში 24 საჯარო უწყებაში კონკურსის წესით 1779 თანამშრომელი დაინიშნა. აქედან 187 მოსამსახურე დაინიშნა პოზიციაზე, რომელიც კონკურსის ჩატარებამდე ვაკანტური იყო, ხოლო დანარჩენ 1592 კონკურსით შესავსებ პოზიციას დროებით მოვალეობის შემსრულებლები იკავებდნენ.
  • ამ 1592 მოვალეობის შემსრულებლიდან 1376-მა ამავე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ანუ დროებით მოვალეობის შემსრულებელთა 86.5%-მა კონკურსის შედეგად თანამდებობა შეინარჩუნა.
  • საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურებში www.hr.gov.ge-ზე გამოცხადებულ თითო ვაკანსიაზე საშუალოდ 62 კანდიდატს ჰქონდა განაცხადი წარდგენილი, ზოგიერთი სამინისტროს გარკვეულ თანამდებობზე კი აპლიკანტთა რაოდენობა რამდენიმე ასეულითაც კი განისაზღვრებოდა.
  • თავდაცვის სამინისტრო, სადაც 76 პოზიცია არსებობდა რომლებიც მოვალეობის შემსრულებლებს ეკავათ და ყველა კონკურსში მხოლოდ მათ გაიმარჯვეს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსში მოვალეობის შემსრულებლების 100%-მა გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა კონკურსი 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებამდე, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს გამოცხადდა და, სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ყველა ეტაპი დასრულებული იყო.
  • ფინანსთა სამინისტროში 194 მოვალეობის შემსრულებლიდან 193-მა კონკურსის შედეგად შეინარჩუნა თანამდებობა, რაც  (99,4%)-ს წარმოადგენს.
  • იუსტიციის სამინისტროში 73 მოვალეობის შემსრულებლიდან 72-მა გაიმარჯვა (98,6%) გამართულ კონკურსებში. ამ უწყებაში ერთ საკონკურსო თანამდებობაზე საშუალოდ 180-მდე აპლიკაცია იყო წარდგენილი.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 166 დროებით მოვალეობის შემსრულებლიდან 161-მა (96,9%) გაიმარჯვა კონკურსში. ამ სამინისტროშიც თითო ვაკანსიაზე საკმაოდ ბევრი საშუალოდ 160 განაცხადი იყო წარდგენილი.
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 49 მოქმედ მოვალეობის შემსრულებლიდან 48 კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა (97,9%).
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  34-დან 33 გამარჯვებული მოვალეობის შემსრულებელი იყო (97%).
  • ახალი კადრების აყვანის კუთხით ყველაზე გამორჩეული საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, სადაც კონკურსის წესით დანიშნული 18 თანამშრომლიდან მხოლოდ 6 (33%) იყო მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი.
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეს მაჩვენებელი უმრავლესობასთან შედარებით ასევე უკეთესი ჰქონდა (65%). კერძოდ, 345 მოვალეობის შემსრულებლიდან მხოლოდ 227-მა მათგანმა შეინარჩუნა თანამდებობა.

რეკომენდაციები

საჯარო სამსახურში კონკურსების ჩატარების გამართული სისტემა საჯარო სამსახურის რეფორმისა და კადრების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. კვალიფიციური კადრების გამჭვირვალე კონკურსით შერჩევა ერთის მხრივ უზრუნველყოფს ნეპოტიზმის აღმოფხვრას ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას. საჯარო სამსახურში კონკურსების სისტემის დახვეწისთვის საჭიროა:

  • საჯარო სამსახურში შემუშავებულ იქნეს ზეპირი და წერილობითი გამოცდების მაქსიმალურად ერთნაირი სტანდარტები და პრინციპები (მაგალითად, საჯარო მოხელეთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდები, სადაც ერთ ნაწილი ყველასათვის სავალდებულო იქნება მეორე კი სპეციალიზაციის მიხედვით დაიყოფა), რომელიც სავალდებულო იქნება ყველა საჯარო უწყებისთვის.
  • ყველა თანამდებობაზე კონკურსისთვის ჩამოყალიბდეს ძალიან ნათელი, გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიკერძოების რისკი;
  • შემუშავდეს საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები;
  • კონკურსის მიმდინარეობა, მისი შედეგები და დასაბუთება უნდა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი დაინტერესებული პირებისთვის  მეტად ხელმისაწვდომი. 

  

ანგარიში  მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Sida-ს პოზიციას და ის არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

print