რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს

12 ოქტომბერი, 2018

 

28 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამებზე, რომლებიც თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენდა. ამ შემთხვევებში აშკარა იყო, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს უსასყიდლოდ აძლევდა გარკვეულ სარგებელს, რაც შემოწირულებას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების განხორციელება. ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ასეთი რეკლამები ტელეარხებზე კვლავ გადის.

ჩვენი მონიტორინგის შედეგად იმავე კანონის დარღვევა გამოიკვეთა კიდევ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მათთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის იყენებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატ კახა კუკავას სასარგებლო აგიტაციას ეწევა:

N18 აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”;

N35 გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
 

N22 ოთარ მეუნარგია  - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"

პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:

N23 ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"

მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები;
  • ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან თუ ეს ქმედება კანონდარღვევად იქნება მიჩნეული, საარჩევნო სუბიექტები შესაძლოა დიდი თანხებით დაჯარიმდნენ.