საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება გადახედვას საჭიროებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება გადახედვას საჭიროებს

25 მაისი, 2021

 

22 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელთა დიდი ნაწილი პარტიების მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ პოლიტიკურ შეთანხმებაში იყო წარმოდგენილი. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კანონპროექტში ამ შეთანხმების მთავარი საკითხები უკვე აისახა და მათი სათანადოდ აღსრულების შემთხვევაში, შემდეგი არჩევნების მიმართ მეტი ნდობა უნდა გაჩნდეს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ცვლილება  შეთანხმების სულისკვეთებასა და მიზნებს სრულად არ შეესაბამება. 

  1. პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირება პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობას გამორიცხავს და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი კანდიდატი მარტივად აირჩოს. ცვლილება შეეხება პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრების პარლამენტის მიერ არჩევის წესს და ვადებს, კერძოდ კი, ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს. პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ცესკოს წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) 5 წლის ვადით პარლამენტმა სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ით (100 ხმა) უნდა აირჩიოს. თუ არც ერთ კანდიდატს პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა არ ექნება, იგივე კანდიდატებს კენჭი ხელახლა უნდა ეყაროთ პირველი კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ცესკოს წევრის ასარჩევად კვლავ პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა უნდა იყოს საჭირო, ხოლო თუ ისევ არ მოგროვდებოდა საკმარისი ხმები, ისევ 4 კვირის შემდეგ ამჯერად უკვე პარლამენტის 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა იქნება საკმარისი. ეს მცდელობაც თუ უშედეგო გამოდგება, 4 კვირის შემდეგ პარლამენტს უკვე უბრალო უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერით შეეძლება ცესკოს წევრის დანიშვნა. ამ მექანიზმების მთავარი მიზანი ის არის, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს ჰქონდეთ ძლიერი სტიმული, საარჩევნო კომისიაში მართლაც ნეიტრალური და კომპრომისული კანდიდატი დანიშნონ. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, ყოველ კენჭისყრას შორის სავალდებულო მინიმალური ვადა 4 კვირიდან 1 კვირამდე ერთჯერად, მხოლოდ მოახლოებული ადგილობრივი  არჩევნებისთვის შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამეტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი.
  2. საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ერთი პარტიის - „ევროპელი სოციალისტების” სასარგებლოდ და მეორე პარტიის - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საზიანოდ არის შეცვლილი, რაც პრინციპულად არასწორი და არასამართლიანია. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან 9 წევრი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანიშნონ. ამასთანავე, ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ჩანაწერი იმიტომ გაკეთდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, შესაბამისად, თითო სუბიექტს თითო წევრი უნდა დაენიშნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ეს წესი არის გათვალისწინებული, თუმცა მასში შევიდა ერთი დაზუსტება, რომელიც პირდაპირ მოერგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული წევრების მიერ შექმნილ ახალ პარტიას - „ევროპელ სოციალისტებს“. ამ დაზუსტების მიხედვით, პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი დატოვებს ამ პარტიას და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. აღნიშნული ჩანაწერით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დაკარგავს ამ უფლებას, რომელიც „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცემა. გარდა იმისა, რომ ასეთ დებულებას პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებს, პრინციპის დონეზეც არასამართლიანი და არასწორია ერთი პარტიის „დასჯა“ იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.
  3. ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს. პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი უნდა იყოს. ამ ცვლილების მიზანი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებს უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეთ ცესკოს მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი იქნება, მეორე კი - პროფესიული ნიშნით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველ რიგში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრი შეასრულებს, მეორე მოადგილის არსებობა გარკვეულწილად ასუსტებს იმ მექანიზმს, რაც პოლიტიკურ შეთანხმებაში არის ჩადებული. ვინაიდან ცესკოში პროფესიული ნიშნით უკვე არჩეულ წევრებს, მათ შორის ამჟამინდელ მოადგილეს, უფლებამოსილება არ უწყდებათ და მათი მიუკერძოებლობის კუთხით წინა არჩევნებზე გარკვეული კითხვები არსებობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება.

დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს შანსი, ამბიციური საარჩევნო რეფორმა განახორციელოს, რომლის საშუალებასაც პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება იძლევა. ამ შეთანხმების მიზანი გამართული საარჩევნო პროცედურების შექმნაა, რომელთა სწორი აღსრულების შედეგად ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს. მოვუწოდებთ პარტიებს, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ. კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.