“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში დაიცავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში დაიცავს

18 აპრილი, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების “მთავარის”, “ფორმულასა” და “TV პირველის”, ასევე On.ge - ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა.

სარჩელი, კერძოდ, მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების,  მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის  შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

ახლო მომავალში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს ტელეკომპანიების “მთავარის”, “ფორმულასა” და “TV პირველის”, ასევე On.ge - ს დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეები, თავი მოუყარეს ვიდეო და  წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ჯამში 6 საათის მასალასა და 400 გვერდზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან  5 ივლისს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მოცემული საქმე თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ  სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევისას,  ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვის შესაძლებლობა გვქონდეს და სასამართლო წესით დადგინდეს  სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.  სამწუხაროდ,  სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ჯგუფებისა და მოქალაქეების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი მაგალითი გვაქვს სახეზე.

print