„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-17:00) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-17:00)

31 ოქტომბერი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.  2018 წლის საპრეზიდენტო და  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.

ჩვენ მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 31 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა

გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა „ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედია „პუბლიკას” ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დამკვირვებლების გამოძევება

ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.

დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.

თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს კაბინაში, რაზეც  თავმჯდომარე არ რეაგირებდა.

გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტის შევსებაში.

ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.

ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.

გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩვენებშიც მიაღებინეს მონაწილეობა. 

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სიტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.

მარკირების წესების დარღვევა

რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება.

გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ უმოწმებდა პირადობების მოწმობებს და მარკირებას.

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

წალენჯიხის #25.68.11 უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსეს გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.

გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.

ქუთაისი #23.59.55 უბანზე დარღვეულია გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.

საარჩევნო მისიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში ბოლო პრესკონფერენციას 20:00 საათზე გამართავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03.