საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

03 აგვისტო, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის  საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი შემცირდა.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;
  • მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც  ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა;
  • ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა - 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც;
  • კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა;
  • 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა;
  • მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად სანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

I.რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამონაწილეობით მიმდინარე წლის აპრილში უკვე გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები[i], თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს.

II.შესავალი

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას  და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების[ii] შემდეგ კი, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამ საკითხს უკვე წლებია სწავლობს და პერიოდულად აქვეყნებს კვლევის შედეგებს. ბოლო კვლევა[iii] მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა, სადაც  ნაჩვენები იყო, როგორ არის საქართველო რუსეთზე დამოკიდებული ვაჭრობით, ტურიზმით, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულით და ასევე, განხილული იყო საქართველოში მომუშავე მსხვილი რუსული  კომპანიები.[iv]

2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უფრო აქტიურად აკვირდება ამ საკითხს და მომდევნო 8 თვის განმავლობაში წარმოადგენს 3 განახლებად პუბლიკაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებაზე.

წინამდებარე პუბლიკაცია არის პირველი, რომელიც 2022 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს აანალიზებს.  მომდევნო ორი პუბლიკაციის გამოქვეყნება მიმდინარე წლის ოქტომბერსა და 2023 წლის თებერვალში არის დაგეგმილი.

III.საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები

1.საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარ-ივნისში, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი - 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ასეთი ზრდის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი საქართველოს საგარეო ვაჭრობის სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად ზრდაა. თუმცა, ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 86 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ღვინო 58 მლნ აშშ დოლარით, უალკოჰოლო სასმელები 31 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები 14 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 184 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი აირი 40 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი 30 მლნ აშშ დოლარით, ხორბლის ფქვილი 29 მლნ აშშ დოლარით და მარგარინი 26 მლნ აშშ დოლარით.

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი 3%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.2%-ით), საბოლოოდ რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში გაიზარდა. ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად მარტიდან უკრაინის ბაზარზე  ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა.

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რუსულ ხორბალზე და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად მაღალია. 2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ხორბლის ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი 14-ჯერ გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი განახევრდა. ჯამში, რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 95% შეადგინა..

ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2021 წელს  საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 1.8% იყო,[i] ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა.[ii] 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 3.5% იყო,[iii]  ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი - 49%.

განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის[iv] იმპორტში. მაგალითად, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2020 წელს ეს მაჩვენებელი 12.2%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 23.1%-ს მიაღწია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 17% იყო. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში 192 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა,[v] რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 83% იყო.

უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა და 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტი-ივნისში რუსეთში ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.1% შეადგინა, როცა 2021 წლის იმავე თვეების მაჩვენებელი 14% იყო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 57%-ით გაიზარდა და 524 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 12.8% შეადგინა, როცა გასული წლის მარტ-ივნისში 10.6% იყო.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირება ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების კლებამ განაპირობა. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 17%-ით (7.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო მინერალური და სხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი - 46%-ით (15 მლნ აშშ დოლარით). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში, რომელიც გაორმაგდა და 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს,  მარტი-ივნისში ყველაზე მეტად - 4-ჯერ (118 მლნ დოლარით) - რუსული ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა. რუსული მარგარინის იმპორტი 7-ჯერ (16 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ელექტროენერგიის იმპორტი კი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტი-ივნისში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა, კლება 13 მლნ აშშ დოლარი იყო. 55%-ით (10 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის შემოტანა, 28%-ით (8 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი.

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, ხოლო რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება გაიზარდა. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

1.ტურიზმი და ფულადი გზავნილები

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.[vi]

პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

2022 წელი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდით დაიწყო. მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი გაიზარდა. იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2022 წლის ანალოგიურ თვეებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2.8-ჯერ ნაკლები იყო. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა.

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2020-2021 წლების მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ 2018-2019 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორებისგან საქართველომ 219 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია. საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის 6 თვეში 19.1% იყო. 2019 წლის  ანალოგიური მაჩვენებელი 30% იყო.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტრადიციულად, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხები. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა.

2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. იანვარ-მარტში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა რუსეთიდან საქართველოში. გზავნილებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი ამ მაჩვენებელმა 314 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ივნისში 231 მლნ დოლარი. ჯამში, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შედეგად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში 42%-მდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 2015 წელს იყო. 2022 წლის აპრილ-ივნისის რუსეთიდან გადმორიცხვებს თუ შევადარებთ 2021 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელს, 6.5-ჯერ არის გაზრდილი. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმა საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2.პირდაპირი ინვესტიციები

ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 4.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 307 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან[vii] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[viii] 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მატების ნაცვლად, 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

I.რუსული კომპანიები საქართველოში

საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13,500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022[ix] წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში - 2,140 კომპანია , აპრილში - 1,563, მაისში 1,351 და ივნისში - 1,175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში.

მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% (5,990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 98%-ს არაქართული სახელი და გვარები აქვს. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

 

 


[i]  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/WT7ZTXe

[ii] რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი არ მოიცავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებულ რუსულ ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ხორციელდება.

[iii] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/TKFHtro

[iv] ბუნებრივ აირში იგულისხმება ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში (სასაქონლო კოდი 271121).

[v] „საქსტატი“, საგარეო ვაჭრობის პორტალი, http://ex-trade.geostat.ge/ka

[vi] საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკის მიხედვით

[vii] ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.

[viii] ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, https://cutt.ly/sT70zX5

[ix] 2022 წლის ივნისის ჩათვლით.

 

ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის  შეხედულებებს.

 

 

 

 


[i] 10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე, https://cutt.ly/6La3Tzv

[ii] „გავრილოვის ღამე“, „ვიკიპედია”: https://cutt.ly/cPbYrZ1

[iii] საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და რუსული კომპანიები საქართველოში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, https://cutt.ly/aKZ2Z1S

[iv] რუსული კომპანიების დასახელების ქვეშ იგულისხმება საქართველოში მოქმედი ის კომპანიები, რომლების სრულ ან გარკვეულ წილს რუსეთის ფედერაციის იურიდიული და ფიზიკური პირები ფლობენ