საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2020 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2020

26 ივნისი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების თანახმად (რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს), ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობს ინსტიტუტების შეფასებას ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორებიცაა დამოუკიდებლობა, რესურსები, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება და მათი როლი კორუფციასთან ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში ცალ-ცალკე ფასდება თითოეული ინსტიტუტის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და იმავე ინსტიტუტის საქმიანობა პრაქტიკაში.

კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მნიშვნელოვან პრობლემებს შორისაა:

  • ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე. არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე.
  • პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რაც ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.
  • პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების უუნარობა, ქმედითი რეაგირება მოახდინონ საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე.
  • ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე.
  • ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხმები სახალხო დამცველზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

კვლევის მიგნებების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შემდეგი რეკომენდაციები მოამზადა:

  • ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირებისა და საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის წახალისება, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების გზით.
  • უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს ამ ნორმების დარღვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ქმედითი სისტემის შექმნას.
  • ვინაიდან არსებული სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში ვერ ხერხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან. ეს სააგენტო შეიძლება იყოს მრავალფუნქციური და გამოძიების პარალელურად, კორუფციის პრევენციისა და პოლიტიკის დაგეგმვის ფუნქციებიც შეითავსოს.
  • რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან და უზრუნველყოს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება და დაწინაურება პრაქტიკაშიც მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდეს.
  • უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში, რაც მისი წევრების სისტემიდან გათავისუფლებას საჭიროებს.
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერ სახის ზეწოლისგან, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობები და დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

თითოეული ინსტიტუტის შესახებ სრული მიგნებებისა და დეტალური რეკომენდაციებისთვის იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია.

 

კვლევა მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. შესაძლოა ის არ ასახავდეს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.