საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება

01 ოქტომბერი, 2021

 


1. შესავალი და მოკლე შეჯამება

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. ამ დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ (მერი) და წარმომადგენლობით (საკრებულო) ორგანოებს აირჩევს.[1] ამომრჩევლები 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ. ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი  სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება. მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურმა გამოძიებამ გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პროცესებზე და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს პოლიტიკური პროცესი, რომელიც არჩევნებს წინ უძღოდა, კერძოდ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის მედიაციით, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება, რომლის ნაწილი, „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“ დიდწილად აისახა საარჩევნო კოდექსში, მათ შორის, საგრძნობლად გაიზარდა საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა ხვედრითი წილი, შეიცვალა არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესთან დაკავშირებული რიგი საკითხები, თუმცა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების არსებული მოდელი და საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, 2022 წელს უნდა დანიშნულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, რის მიზეზადაც მთავარი მიზნის - პოლარიზაციისა და  რადიკალიზაციის შემცირების მიუღწევლობა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დასახელდა.

2. წინასაარჩევნო კამპანია

ოფიციალური საარჩევნო კამპანია 2 აგვისტოს, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო და, წინა არჩევნების გამოცდილების მსგავსად, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა.

საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნო კამპანია „კორონავირუსის” პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია კამპანიური ღონისძიებების სიხშირესა და მასშტაბურობაზე. ოპოზიციურ პარტიათა ნაწილს რეგიონებში აქტიური კამპანია ბოლო დრომდე არ უწარმოებია და პროცესი მმართველი პარტიის დომინირებით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პარტიათა უმრავლესობას უკანასკნელ პერიოდამდე წარდგენილი არ ჰქონია საარჩევნო პროგრამა. წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრი დაპირისპირების ფონზე, პოლარიზებული მედიაგარემოსა და სოციალურ მედიაში დისკრედიტაციული კამპანიის პირობებში მიმდინარეობდა.

„ტრადიციულ“ წინასაარჩევნო დარღვევებთან, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის  შემთხვევებთან ერთად, 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდის მახასიათებლად იქცა, შესაძლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე, რაც, ძირითადად, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა მიმართ ხორციელდებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის პროცესზე იმოქმედა, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები სასულიერო პირები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ.

ძალადობრივი გარემო და ფიზიკური დაპირისპირება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა დაპირისპირების სიმწვავე, რაც გამოიხატა ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაჭრის ფაქტებში. დაფიქსირდა ოპოზიციური კანდიდატის საკუთრების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაც. განსაკუთრებით, შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი. ამ შემთხვევათა სწრაფ და სანდო გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდისა და მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის.

წინასაარჩევნო გარემოს ავნო ძალადობის პროპაგანდის შემცველი ბილბორდების განთავსების  შემთხვევებმა. 2021 წლის 24 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციიდან ორიოდე კვირაში, თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მმართველები და სამოქალაქო აქტივისტები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სისხლის ლაქებისა და ცისარტყელას ფერების ფონზე იყვნენ გამოსახული. მმართველმა პარტიამ აღნიშნულ პლაკატებთან კავშირი უარყო, თბილისის მერიამ, კი, ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო, ორი პირი დააჯარიმა. 2021 წლის 17 სექტემბერს, მსგავსი შინაარსის ბილბორდები ისევ გამოჩნდა. ბანერებზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ გამოსახულნი. ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ბილბორდების განთავსება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს და ახალისებს მათზე გამოსახული პირებისა და მათი კოლეგების/მხარდამჭერების მიმართ აგრესიას.

წინა არჩევნების მსგავსად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა, როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებს.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/ მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სამსახურიდან წასვლის იძულებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შემთხვევები იქცა. აღნიშნული ტენდენცია უმეტესად საქართველოს რეგიონებში გამოვლინდა და, ძირითადად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებისა ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. საგულისხმოა, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებები შეეხო როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისე არაპოლიტიკური თანამდებობის პირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტისაგან  და, რომ თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლება, პროფესიული უნარების ნაცვლად, პარტიული ერთგულების ნიშნით ხდება. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ პირთა ნაწილი ღიად საუბრობს მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს საჯარო შეხვედრების ჩატარებასა და საოფისე სივრცეების დაქირავებაში შეექმნათ დაბრკოლება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების წარდგენილ კანდიდატთა მიერ კანდიდატურის მოხსნის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ოპოზიციური პარტიების ცნობით, მათმა კანდიდატებმა აღნიშნული გადაწყვეტილებები ზეწოლის შედეგად მიიღეს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ე.წ „მხარდამჭერთა სიის“ მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, აქტუალური იყო საჯარო სკოლების პოლიტიზების პრობლემაც. 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

წინასაარჩევნო კამპანიაში, პარტიული მიზნით, სახელმწიფო რესურსის გამოყენება ქართული არჩევნების ერთ-ერთი მთავარ, ტრადიციულ გამოწვევას წარმოადგენს. მსგავს რესურსებზე, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ხელი მმართველ პარტიას მიუწვდება და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა საარჩევნო სუბიექტებს, ამასთან შლის ან ბუნდოვანს ხდის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. 

წინასაარჩევნო პერიოდში კვლავაც შეიმჩნეოდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და განხორციელება, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისა და მანიპულირების ნიშნებს შეიცავს. აღსანიშნავია: კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების - დარღვევის გამო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაკისრებული ჯარიმების (76 მილიონი ლარის ოდენობის) გაუქმება, მუნიციპალიტეტების განახლების 500-მილიონიანი გეგმის გამოცხადება და ა.შ. საგულისხმოა ისიც, რომ ივნისსა და ივლისში, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ბიუჯეტი შეიცვალა და თანხები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადამისამართდა. როგორც წესი, ასეთი პროექტებისა და ღონისძიებების გამოცხადება და შესრულება უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა, რაც მათი პოლიტიკური სარჩულის შესახებ აღძრავს ეჭვს.

პრობლემას წარმოადგენს მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ამავდროულად კანდიდატების აქტივობები, რომლის ფარგლებშიც, რთულია გაიმიჯნოს მათი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება და წინასაარჩევნო კამპანია. აღსანიშნავია, მათი მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ/დაგეგმილ აქციებში, სოციალური დახმარების ან მომსახურების გაწევაში მონაწილეობა და ამის ფართოდ გაშუქება.  კანდიდატისა და მოქმედი თანამდებობის პირის როლების აღრევა, რაც ამომრჩევლის თვალში ქმნის გაიგივების რისკს, სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის და ეწინააღმდეგება არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს.

არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას სამუშაო საათებში, მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრებში არაუფლებამოსილი პირების, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული სხვა პირთა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა მონაწილეობა წარმოადგენს, რასაც, ზოგჯერ, ორგანიზებული სახე ჰქონდა. რიგ შემთხვევაში, დამსწრეთა ერთიანად და ორგანიზებულად მიყვანას სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ელფერი ჰქონდა, რაც, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კანონის დარღვევას წარმოადგენს და აკრძალულია არასამუშაო დროსაც.

გამოვლინდა საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, სოციალური მედიის პლატფორმებით მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის მასშტაბური კამპანია.

წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ დაფიქსირდა მაღალი რანგის სასულიერო პირების დასწრება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და კანდიდატების წარდგენაზე. დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კამპანიაში მონაწილეობაც.

2020 წლის არჩევნების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩებოდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ჩართვა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში,  რაც ამომრჩევლის მობილიზებასა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში გამოიხატებოდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. იმის გათვალისწინებით, რომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი მმართველი პარტიის მიერ მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად აღიქმებიან. სწორედ ამიტომ, ხშირად ხდება მათი სააგიტაციო მიზნით გამოყენება, მათ შორის, იძულების გზით. დირექტორებისა და მასწავლებლების აგიტაციაში ჩასართავად გამოიყენება როგორც წახალისების (დაწინაურება, ანაზღაურება), ისე ზეწოლა-მუქარის მეთოდი (სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება, და ა.შ.). ხშირი იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ დირექტორებისა და მასწავლებლების ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ხელშეშლა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული უმუშევრობის პრობლემისა და შიშის სინდრომის გათვალისწინებით, დირექტორთა და მასწავლებელთა დიდ ნაწილს ამ პრაქტიკაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

საგანგაშო იყო ტელეკომპანია „პირველში“, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული სიუჟეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დირექტორებისა და მასწავლებლების, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესახებ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად იქცა.

სკოლების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის იძულებით ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ წესებს აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების აკრძალვის შესახებ, არამედ არღვევს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება.

დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლა

ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა მათზე ზეწოლისა და საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე საყურადღებო შემთხვევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 29 ივლისსა და 1 აგვისტოს, მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენლებზე სიტყვიერი თავდასხმები.

ტენდენციის სახე ჰქონდა დამკვირვებლების არდაშვებას მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრების უმრავლესობა გარე სივრცეში გაიმართა, სადაც კორონავირუსის რეგულაციების დაცვა იოლად იყო შესაძლებელი, დამკვირვებლებს განმარტების გარეშე უზღუდავდნენ დასწრების უფლებას. ხშირ შემთხვევაში, ითხოვდნენ წინასწარ რეგისტრაციას, მაშინ როცა, შეხვედრების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ავრცელებდნენ. დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ შეხვედრის ადგილის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც.

ამომრჩევლის მოსყიდვა

წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა. ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს ძირითადად მმართველი პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებები შეიცავდა. სავარაუდო მოსყიდვას მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის სახე ჰქონდა და როგორც წესი, საქველმოქმედო ღონისძიებების საფარქვეშ ხდებოდა.

3. საარჩევნო ადმინისტრაცია

საარჩევნო რეფორმის შედეგად შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, საიდანაც, 9-ს პარიტეტის პრინციპით, ნიშნავს 9 პოლიტიკური პარტია. ამან გაზარდა პარტიული წარმომადგენლობა და საარჩევნო კომისიების შედგენის წესი შედარებით უფრო სამართლიანი გახადა. საუბნო და საოლქო კომისიების 8 წევრს პროფესიული ნიშნით, ზედა დონის კომისიები ნიშნავენ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პროფესიულ წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტი ირჩევს. სრული ვადით (5 წლით) დანიშვნისთვის საჭირო გახდა პარლამენტის ⅔-ის თანხმობა (100 ხმა), ხოლო დაბალი კვორუმით - უბრალო უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვით განისაზღვრა.

ცესკოს თავმჯდომარისა და კანდიდატების შესარჩევად, პრეზიდენტმა საკონკურსო კომისია შექმნა, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან და აკადემიური სფეროს 6 წარმომადგენელთან ერთად, იყვნენ მიწვეულნი. პრობლემას წარმოადგენდა საკონკურსო კომისიაში პარიტეტის დაუცველობა, კერძოდ, კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები თითო წევრით. ჯამში, აკადემიური წრის წარმომადგენელთა რაოდენობა აღემატებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ წევრთა რაოდენობას, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობას ანიჭებდა. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კომისიის წევრთა ნაწილის გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებდნენ ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლების მოთხოვნას, რაც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ამ არჩევნებისათვის.   პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოში დასანიშნ პირთა პოლიტიკური კონსენსუსით, მაღალი კვორუმით არჩევა. მხოლოდ მეოთხე კენჭისყრისას, უბრალო უმრავლესობით, მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ წესმა მმართველ პარტიას შესაძლებლობა მისცა მისთვის სასურველი კანდიდატები წარედგინა საარჩევნო ადმინისტრაციაში. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისა (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა, მის მიმართ ნდობის ნაკლებობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელი დარჩა.

2021 წლის 3 აგვისტოდან, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრული, 17 წევრის შემადგენლობით დაიწყო მუშაობა. განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შესაბამისად, თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი ცესკომ პირველად აირჩია.

საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიათა წარმომადგენლობის გაზრდამ ხელი შეუწყო უფრო შინაარსიანი დისკუსიების წარმოებას, აგრეთვე, შესაძლებელი გახადა, რიგ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ინიციატივის მხარდაჭერა და მიღება ცესკოს მიერ. გაიზარდა საარჩევნო კომისიების გამჭვირვალობის ხარისხი. დადებითად უნდა შეფასდეს ადმინისტრაციის სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფაც.

საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტება

წინასაარჩევნო პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო (219 ვაკანტური პოზიცია) და საუბნო საარჩევნო კომისიები (29 312 ვაკანტური პოზიცია). დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის მიერ გასაუბრების ტრანსლაციაზე უარის თქმამ, უთანასწორო პირობები შექმნა სხვა კანდიდატებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. საგულისხმოა ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულნი. რამდენიმე შემთხვევაში გამოიკვეთა პროფესიულ წევრებად შერჩეული პირების კავშირი მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ არჩეულ წევრთა ნაწილი, მათი ამჟამინდელი ან წარსული სამსახურებრივი საქმიანობით, მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული. ყურადღება მიიქცია იმანაც, რომ 10-მდე ოლქის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკურსანტების მიერ წარდგენილი განცხადებები, ერთგვაროვნად, სავარაუდოდ ერთი პირის მიერ იყო შედგენილი და ერთი ელ. ფოსტით გამოგზავნილი. ამდენივე ოლქში დაფიქსირდა კანდიდატთა სიის წინასწარი შეთანხმების ფაქტი. უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული წევრები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის მიერ ნომინირებულები არ იყვნენ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია. საუბნო საარჩევნო კომისიების პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი საყურადღებო იყო იმითაც, რომ ყველა უფლებამოსილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად ოლქების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. შესაბამისად, ამ საუბნო  კომისიებში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების რაოდენობა პარტიების მიერ წარდგენილთა რიცხვს აღემატება.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი

19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო დავების განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარსადგენად უნდა შექმნილიყო ცესკოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მაღალი ნდობის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები უნდა შესულიყვნენ. „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ ცესკოში შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ჯგუფის წევრთა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ არსებული ეჭვის გათვალისწინებით, ორგანიზაციებმა შემრჩევი კომისიის შემადგენლობა მალევე დატოვეს.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი 13 აგვისტოს, 12 წევრის შემადგენლობით შეიქმნა. ის, რომ ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი და მათი წარმდგენი ორგანიზაციები მაღალი ნდობითა და კომპეტენციით არ სარგებლობდნენ, იმთავითვე გახდა სანდო და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. 19 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საკონსულტაციო ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. ამის მიზეზი ჯგუფის შემადგენლობიდან 7 წევრის გასვლა გახდა, რადგან დარჩენილ წევრთა რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა.

4. უწყებათაშორისი კომისია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარულად იკრიბებოდა და განიხილავდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებსა და ისმენდა მათზე სახელმწიფო ორგანოთა რეაგირების შესახებ ინფორმაციას. 

29 სექტემბერს კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების, აგრეთვე,  არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიმართ. კომისიამ საჯარო მოხელეებს მოუწოდა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას, არ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და თავი შეიკავონ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ შეხვედრებში მონაწილეობისაგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და კანდიდატებმა თავისუფალ და არაკონფლიქტურ გარემოში შეძლონ ამომრჩეველთან ურთიერთობა. კომისიამ საარჩევნო სუბიექტებს მიმართა, გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი, საჯარო მოსამსახურეებმა, თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისა და  კონტრაგიტაციისაგან. კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცა სამუშაო საათების  განმავლობაში ან სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას, მონაწილეობა არ მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით;  აგრეთვე,  სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისაგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

სხვა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კომისიას არ გამოუქვეყნებია მისი საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში. კომისიის სხდომებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ესწრებოდა, რაც აუარესებდა  საკითხების განხილვის ხარისხს.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება

არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს ფინანსურ ანგარიში დადგენილი ფორმით. 2 აგვისტოდან საარჩევნო სუბიექტებმა უკვე 2 სამკვირიანი ფინანსური ანგარიში გაუგზავნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რითაც 2 აგვისტო - 12 სექტემბრის პერიოდში მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

2 აგვისტო - 12 სექტემბრის პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების (თითოეული დაახლოებით 11-12 მლნ იყო) 70%-მდე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წილი იყო, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს. სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების დაახლოებით 4/5 კერძო დაფინანსებაზე (შემოწირულებები და საბანკო სესხი) მოდიოდა, დანარჩენი კი - სახელმწიფო დაფინანსებაზე.

სხვა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც აქტუალური იყო პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და მათზე სათანადო რეაგირების ნაკლებობა. როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი - 12 სექტემბერი) ჯამში დაახლოებით 122.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 4.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იმავე პერიოდში, დაახლოებით 2 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით, მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება იკრძალება. 2021 წელს ასეთ მსხვილ ჯგუფებს შორის კვლავ მოხვდნენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელთან, ამავე პარტიის ყოფილ თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები.

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს, სავარაუდოდ, დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ  2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა. გარდა ამისა, სექტემბერში, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები. ჩვენი ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

29 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის პერიოდში უწყებამ შემოსავლების სამსახურიდან 326 ფიზიკური და 63 იურიდიული პირის შემოსავლების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია და დამატებითი განმარტებებისთვის 10 პირი გამოკითხა. დეკლარაციების შემოწმების შედეგად, აუდიტის სამსახურმა ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც შემოწირულების განხორციელება კანონის დარღვევით, ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდა. სააგენტოს რეაგირების შედეგად ერთი დარღვევა გამოსწორებულია, ხოლო, მეორე დარღვევის გამოსწორებაზე, ანგარიშის თანახმად, მიმდინარეობს მუშაობა.

გარდა ამისა, ამ მომენტისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს 3 საქმის წარმოება, ესენია: 1) სამცხე-ჯავახეთიდან 87 პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების შემთხვევა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემომწირველი  იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულია და მათ უფიქსირდებათ საკმარისი შემოსავალი,  იმისათვის რომ განეხორციელებინათ შემოწირულება, ხოლო ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია გადამოწმების პროცესშია; 2) მიმდინარეობს შესწავლა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ მიღებულ შემოწირულებებზე, რომლებმაც ჩაატარეს ე.წ. შემოწირულების აუქციონები საარჩევნო კომისიებში წევრთა შერჩევაზე. 3) მიმდინარეობს პოლიტიკური შინაარსის წარწერიანი ბილბორდების „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“  განთავსების კანონიერების შესწავლა.

6. სოციალური მედიის საარჩევნო მიზნებით გამოყენება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას სოციალური ქსელები ინტენსიურად  გამოიყენებოდა, განსაკუთრებით სოციალური პლატფორმა ფეისბუქი. სოციალურ ქსელებს საარჩევნო მიზნით იყენებდნენ როგორც ცალკეული საარჩევნო სუბიექტები და მათთან დაკავშირებული აქტორები, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. ფეისბუქში მოქმედებდნენ ანონიმური გვერდებიც.

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალურ გვერდებზე ღია აგიტაციის შემთხვევები იშვიათად გვხვდებოდა, გამოწვევას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდებზე ინფორმაციის გავრცელება იმ მერების საქმიანობის შესახებ, რომლებიც კანდიდატებად იყვნენ მოაზრებულნი ან წარდგენილნი. პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ოფიციალური გვერდების გარდა, ფეისბუქზე მოქმედებდა სხვადასხვა ტიპის ანონიმური/არაოფიციალური აქტორიც, რომელთა ძირითად მიზანსაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. ამ გვერდებზე განთავსებული პოსტების უმრავლესობა სიძულვილის ენას შეიცავდა და პერსონიფიცირებულ თავდასხმების ხასიათი ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დონე და ხელი შეუშალა წინასაარჩევნოდ საგნობრივი დისკუსიის წარმართვას.

პოლიტიკური გზავნილები, ფეისბუქის გვერდებთან ერთად, ჯგუფებშიც ვრცელდებოდა. სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა სოციალური მედიის სხვა პლატფორმები, განსაკუთრებით ტიკ-ტოკი, ინსტაგრამი და ტელეგრამი.

7. მედიაგარემო

წინასაარჩევნო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, მთავარ გამოწვევად დარჩა ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობა. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკანონოდ ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში, „ტვ პირველის” ოპერატორი - ლექსო ლაშქარავა კი, გარდაიცვალა, კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტები ხშირი იყო 5 ივლისამდეც, ამ დღის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა მედიაზე ზეწოლა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემული 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მედიაზე თავდასხმის ფაქტები არ არის გამოძიებული.

ერთის მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა - უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემო მედიის წარმომადგენლებისთვის და, მეორე მხრივ, აგრესიული რიტორიკისა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე.

ბოლო პერიოდში, ინტერნეტში გავრცელდა დიდი რაოდენობით პირადი ჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონოდ არის გაკეთებული და მათში ფიგურირებენ მედიის წარმომადგენლებიც.  ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა საუბრის ფაქტები და შინაარსის ნამდვილობა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი პრობლემას მედიის მიერ ამ ჩანაწერების გავრცელებაში უფრო ხედავს, ვიდრე უკანონო მიყურადებაში.

ეროვნული სამაუწყებლო მედია წინა წლებზე მეტად პოლარიზებულია. ეს საკითხი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს. ტელეკომპანია „იმედის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი, იკვეთებოდა სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილის მიმართ. წინა წელთან შედარებით, აღსანიშნავია „რუსთავი 2-ის“ ტრანსფორმაცია. თუ წინა წელს მაუწყებელი მეტ-ნაკლებად კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას. წინა წლის მსგავსად, ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს საზო­გადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ კრიტიკულ მაუწყებლებში სტუმრობაზე, რაც ქმნის პრობლემას ამომრჩევლისთვის, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

პრობლემურია სისხლიანი ბანერების გამოფენის ფაქტიც, რომლებზეც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, გამოსახულნი იყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ესეც ხელს უწყობს პოლარიზაციას და ახალისებს მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას.

კითხვებს წარმოშობს ცესკოს მიერ მედიამონიტორინგის ჩატარების მიზანიც. ცესკომ თავის განცხადებაში თქვა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა, „დეზინფორმაციას“ მაინც მედიასაშუალებებს მიაწერს. შემდეგ, ცესკომ ანგარიშიდან გარკვეული ინფორმაცია ამოიღო, თუმცა, მაინც არსებობს რისკი, რომ მონიტორინგის შედეგები გამოყენებული იყოს მედიის რეგულირების მიზნით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, წინასაარჩევნო პერიოდში, წელსაც ახორციელებს მაუწყებლების თვისობრივ მონიტორინგს, რისი ვალდებულებაც მას კანონით არ გააჩნია. შესაძლოა, ეს იყოს კომისიის კიდევ ერთი მცდელობა ჩაერიოს მედიის შინაარსში.

მედიასაშუალებებისთვის დამატებით გამოწვევად რჩება „კორონავირუსის” პანდემია, რომლის გამოც, მათ, ფაქტობრივად, განახევრებული რესურსით უწევთ მუშაობა.

 


[1] არჩევნები არ ჩატარდება ხუთ მუნიციპალიტეტში (აჟარა, ქურთა, ერედვი, თიღვა, ახალგორი), რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ამ მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ორგანოები უფლებამოსილებას ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე აგრძელებენ.

print