საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია
პარლამენტმა 2019 წელს ეთიკის კოდექსი მიიღო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ამ დრომდე ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, ის ვერ განიხილავს საჩივრებს და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევებს, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა. ეთიკის კოდექსს აქვს სანქციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზიც. საკანონდებლო ორგანომ არ გაიზიარა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაცია და კოდექსში არ არის გათვალისწინებული ეთიკური ნორმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ეფექტური მექანიზმები.
კვლევის მიზანია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შეფასება, საპარლამენტო ეთიკის კოდექსის შემუშავებისა და მიღების პროცესის მიმოხილვა, იმ ძირითადი მიზეზების გამოვლენა, რომელთა გამო საპარლამენტო ეთიკის კოდექსი არ გამოდგა ეფექტური მექანიზმი საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაეთიკური ქცევის შემთხვევების აღსაკვეთად. კვლევაში საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულია რეკომენდაციები X მოწვევის პარლამენტისთვის არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცირების მექანიზმები აქვთ. შედარებისთვის არჩეულია ოთხი ქვეყანა. წარმოგიდგენთ პოლონეთის არსებული რეგულაციების ანალიზს, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკის მაგალითს, ხოლო მეორე მხრივ გაანალიზებულია კანადის მაგალითი (ანგლო-საქსონური მოდელი). საუკეთესო საპარლამენტო საქმიანობის მოდელის მაგალითებად წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პრაქტიკა.
რეკომენდაციები
სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როდესაც პარლამენტის წევრის ქცევა სცდება ეთიკის ნორმებს, თუმცა, რაც, როგორც უკვე ითქვა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. აქედან გამომდინარე, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ეთიკის კოდექსის არსებობა და ამოქმედება. როგორც ვხედავთ 2008 წელს დაწყებული მცდელობები ვერც მე-9 მოწვევის პარლამენტის დროს მივიდა მიზნამდე, მიუხედავად ეთიკის კოდექსის მიღებისა, დოკუმენტი დღემდე ფორმალურად არსებობს. აუცილებელია, მე-10 მოწვევის პარლამენტი მეტი სერიოზულობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს და უზრუნველყოს საბჭოს სრული დაკომპლექტება, რაც ქმედითად აქცევს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს.
ეთიკის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პარლამენტის მხრიდან, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. მიღებული ეთიკის კოდექსი, ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, დეპუტატისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართვის უფლებამოსილებას ითვალისწინებს.
რეაგირების ეფექტური მექანიზმის გარეშე, ეთიკის კოდექსი მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩება.
ეთიკის კოდექსის ეფექტურად ამოქმედებისათვის მნიშვნელოვანია:
- ეთიკის კოდექსის ნორმის დარღვევისას გამოსაყენებელი სანქციის სახით, განისაზღვროს ფულადი ჯარიმა, რაც დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
- პარლამენტის წევრი ვალდებული იყოს, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან;
- იმისათვის, რომ ეთიკის საბჭო იყოს ეფექტური და მიუკერძოებელი და არ გადაიქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, შესაძლოა სხდომაზე მოიწვიონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობა პარლამენტარის ეთიკის ზედამხედველობაში აპრობირებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც არსებობს ეთიკის საბჭოს ანალოგი “Parliamentary Commissioner”, ხოლო აღნიშნულ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზედამხედველობას უწევს ცალკე მდგომი კომისია “Commitee on Standards”, რომლის წევრთა ნახევარი დაკომპლექტებულია სამოქალაქო პირებისგან;