სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი შემოწირულება კითხვებს აჩენს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი შემოწირულება კითხვებს აჩენს

08 ოქტომბერი, 2018

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ კვირას კანონის შესაბამისად გამოაქვეყნა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ გაღებული შემოწირულობების ჩამონათვალი. საზოგადოებისა და მედიის (ბმული, ბმული) განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2 და 3 ოქტომბერს ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების 15-მდე ექიმის მიერ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებულმა შემოწირულობებმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ კლინიკების თანამშრომლებმა ზურაბიშვილს ორი დღის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შეწირეს. რეპორტაჟებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ექიმი საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დაიბარა და უთხრა, რომ ფული ზურაბიშვილისთვის უნდა შეეწირათ, თანხას კი თავად კლინიკის მფლობელები გამოყოფდნენ და უბრალოდ მედიკოსების პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებდნენ. ექიმებს დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და უთხრეს, რომ მათი მონაცემები საჯარო არ გახდებოდა და თანხის გადარიცხვის ოპერაციაც თავად შეასრულეს..

მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტები საჭიროებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლას, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას შეწირული თანხის ორმაგი ოდენობით.

მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული შემოწირულებების კანონთან შესაბამისობა და, საჭიროებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომები.

print