ENG

სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს!

22 ნოემბერი, 2019

 

დღეს, 22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყურადღებით აკვირდება პროცესს და მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს, არ მიიღოს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებული  გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მაუწყებლის განვითარებას, ჟურნალისტების უფლებებს და სარედაქციო დამოუკიდებლობას.

აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას აქვს ინტერესი შეცვალოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. ამ მიზანს ემსახურებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სადაო გადაწყვეტილება ნათია კაპანაძის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ჩვენს პოზიციას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ აჭარის ტელევიზიის ყოფილმა მრჩეველთა საბჭომ სამჯერ ვერ შეძლო ახალი დირექტორის არჩევა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით შეაჩერა დირექტორის ასარჩევი მეოთხე კონკურსი, მასში მონაწილე გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზე. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამჟამად  დირექტორს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ახლად დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო აირჩევს. ამან გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დრო მოიგო და სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა. დირექტორის პოზიციის დასაკავებლად განახლებულ კონკურსში გიორგი კოხრეიძე კვლავ მონაწილეობს.

თავად მრჩეველთა საბჭოს შერჩევის პროცესმაც, რომელმაც ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა ახლადარჩეული წევრების პოლიტიკურ მიკერძოებასა და კვოტირებისთან დაკავშირებით.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ,   აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქცია ოპოზიციური პარტიების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. მაშინ, როდესაც ბოლო წლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ხაზგასმული იყო სწორედ აჭარის ტელევიზიაში დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ზრდის ტენდენცია. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ, განაცხადა რომ ხელისუფლებას აქვს ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზანი. მიმდინარე პროცესებმა ჟურნალისტების ნაწილშიც გააჩინა ეჭვი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილისა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს, იმოქმედოს აჭარის ტელევიზიის და მთლიანად დემოკრატიული პროცესების სასარგებლოდ და დირექტორის პოზიციაზე შეარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომლის პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ასევე, მოვუწოდებთ ტელევიზიის ახალ მენეჯმენტს სამომავლოდ არ გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელთა მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მომხრე თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება იქნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მზად არის დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ინტერესები, თუ მათი უფლებები დაირღვევა.