ტელეკომპანია “იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაიცავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ტელეკომპანია “იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაიცავს

02 მაისი, 2019

 

“საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო” უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია “იმედიდან” პროდიუსერის, მაია სტეფნაძის გათავისუფლების ფაქტს. ჟურნალისტის  განცხადებით, ტელევიზიიდან სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვეს.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, დაიბარა ტელეკომპანიის დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და კონკრეტული კრიტიკული პოსტების გამო თანამდებობის დატოვება აიძულა.  მაია სტეფნაძეს პროდუსერად მუშაობის  ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მის გადაცემებს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რის გამოც, “იმედის” ხელმძღვანელობამ გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე წაახალისა და ანაზღაურება მოუმატა. ამ გარემოების გათვალისწინებით, გაუგებარია რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სამსახურიდან გაშვების სხვა საფუძველი. 

საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოხატვის გამო ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება  საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით დაცული  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი შემთხვევები  ხდება მედია საშუალებაში, სადაც განსაკუთრებით კარგად უნდა ესმოდეთ, გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მნიშვნელობა.  მსგავსი შემთხვევები ზრდის ჟურნალისტებში თვითცენზურას და საფრთხეს უქმნის კრიტიკული მედიის არსებობას.

ჟურნალისტის უფლებების დარღვევის მსგავსი შემთხვევები ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს მედია გარემოს ხარისხზე. მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ შეურიგდნენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და თამამად ისაუბრონ ამის შესახებ. აღნიშნული ქმედება იქნება პრევენცია იმისა, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები სხვა ჟურნალისტებთან მიმართებაში არ განმეორდეს. ჩვენი ორგანიზაცია იცავს ჟურნალისტების უფლებებს და მზადაა ყველა ანალოგიურ  შემთხვევაში დაუდგეს მათ გვერდით. მაია სტეფნაძის ინტერესებს  სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაიცავს.

print