ვინ აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახალ წევრებად? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახალ წევრებად?

27 ივნისი, 2024

27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 6-წლიანი ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრი - ქართული ოცნების კვოტით გიორგი იაკობაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით - სოსო სტურია და ომბუდსმენის კვოტით კი - იზაბელა ოსიპოვა აირჩია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აკვირდებოდა. 

პარლამენტმა ვაკანტურ ადგილებზე ღია კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან 3-ს - მიხეილ ჩიკვილაძეს (ქართული ოცნება), ბესიკ ლილუაშვილსა (აჭარის უმაღლესი საბჭო) და იზაბელა ოსიპოვას (სახალხო დამცველი) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. 

საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 3-ჯერ გამოცხადდა. ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მესამე კონკურსი პარლამენტმა 20 მაისს გამოაცხადა. საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 4 ივნისის ჩათვლით შეეძლოთ. 

კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჯამში სულ 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. კანდიდატები გასაუბრების საფუძველზე ქულებით შესაბამისმა კომისიამ შეაფასა, რომლის 4 წევრიც პროსამთავრობო “იმედის ჰოლდინგის” თანამშრომელი იყო. კომისიამ პარლამენტს საბჭოს წევრობის 11-ვე კანდიდატი წარუდიგნა. მათგან ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად - გიორგი იაკობაშვილი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ - სოსო სტურუა, სახალხო დამცველმა კი - იზაბელა ოსიპოვა წარადინა. 

გიორგი იაკობაშვილი, რომელიც კომისიამ 6 დადებითი ქულით შეაფასა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ადრეც იყო (2017-2020 წწ), ის პროსახელისუფლებო ონლაინ მედიაპლატფორმის “For.ge-ს” მთავარი რედაქტორია. არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” (MDF) ინფორმაციით, for.ge აქტიურად იყო ჩართული საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანისა და სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იაკობაშვილის საბჭოს წევრობის პირველ ჯერზე შერჩევის დროსაც წერდა, რომ იგი გამოირჩევა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. 2018 წლის თებერვალში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა და მედიის ადვოკატირების კოალიციამ იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში არასამთავრობო სექტორისადმი კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი განცხადების გამოქვეყნების გამო  პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს. 

გიორგი იაკობაშვილი უცხური გავლენების შესახებ ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერთა რიგებშიც იყო. 

სოსო სტურუა, რომელმაც კომისიისგან 7 დადებითი ქულა მიიღო, 2019-2023 წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, მმართველი პარტია ქართული ოცნების კვოტით. სტურუა 2013-2016 წლებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იგი არხის ჟურნალისტების ნაწილმა საინფორმაციო სამსახურსა და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მაშინ სტურუამ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის იმჟამინდელ უფროსს, ირინა ყურუას, რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადასვლა შესთავაზა. ირინა ყურუა და თანამშრომელების ნაწილი ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით დირექტორი ხელს უშლიდა ახალი ამბების კრიტიკულ და პროფესიულად გამართულ მუშაობას და შესაბამისად, ასუსტებდა ახალი ამბების რედაქციას. მოგვიანებით ტელევიზია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ორმა თანამშრომელმა დატოვა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2017 წელს სოსო სტურუას დირექტორობის პირობებში მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გადაუჭრელ პრობლემებზე სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხელფასების სამართლიანი გადანაწილება, კონფლიქტური ურთიერთობა მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის, ხარვეზები როგორც ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში, ასევე შესყიდვების განხორციელების პროცესში. სტურუას ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 1993-2013 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 

იზაბელა ოსიპოვა, რომელიც კომისიამ ასევე 7 დადებითი ქულით შეაფასა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მეორე ვადით გახდა. მას ეს თანამდებობა 2018-2024 წლებში ასევე სახალხო დამცველის წარდგინებით ეკავა. ამასთან, 2007 წლიდან დღემდე, ის ომბუდსმენის ოფისთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ოსიპოვას წარსულში სხვადასხვა არასამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი 1998-2007 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი და რეჟისორის ასისტენტიც იყო. 

სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოა, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. ასევე,  განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს. გენერალური დირექტორების წარდგინებით იღებს მათ დებულებებსა და ბიუჯეტებს. ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების კვარტალურ ანგარიშებს, მათ შორის, ფინანსურს. სამეურვეო საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტი 1.3 მლნ ლარი იყო. 

print