ვინ არიან რუსული კანონპროექტების ინიციატორები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან რუსული კანონპროექტების ინიციატორები

10 მარტი, 2023

უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ ორი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის  იმ 9 წევრმა დააინიცირა, რომლებიც თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ. ჯგუფი პირველად 2022 წლის აგვისტოში გამოჩნდა და დღემდე არ არის რეგისტრირებული არც ცალკე პოლიტიკურ პარტიად და არც ცალკე ფრაქციად/ჯგუფად პარლამენტში. მოძრაობის დამფუძნებლებმა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ მათ შორის ძირითად ღირებულებებში თანხვედრაა და მთავარი განსხვავება მხოლოდ იმაშია, რამდენად ხმამაღლა და ღიად საუბრობენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. განვლილმა პერიოდმა წარმოაჩინა, რომ მმართველმა პარტიამ “ხალხის ძალა” შექმნა ანტი-დასავლური გზავნილების თავისუფლად გასაჟღერებლად და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მობილიზებისათვის.

ინიციატორები:

1. დიმიტრი ხუნდაძე – დეპუტატი 2012 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე ხუნდაძე ქირურგი იყო. 2016 წელს მან განაცხადა, რომ 2006 წლიდან იყო ივანიშვილების ოჯახის ექიმი. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ხუნდაძე არაერთხელ დაადანაშაულეს კორუფციაში. ბრალდებები მოიცავს ნეპოტიზმს და მომგებიანი უძრავი ქონების შეძენას. მან ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა უძრავი ქონება. დიმიტრი ხუნდაძე იყო ერთ-ერთი მოწინავე დეპუტატი, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ეს ნაბიჯი წარმოჩენილი იყო, როგორც “ამბოხი” მმართველ პარტიაში, თუმცა, სინამდვილეში 2019 წლის ზაფხულში მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ დაპირებული რეფორმის ჩაგდების მიზნით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენდა.

2. ვიქტორ ჯაფარიძე – დეპუტატი 2004 წლიდან

ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატი 2012 წლიდანაა. მასთან მიმართებით არაერთი კორუფციული ბრალდება არსებობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ მომგებიანი სახელმწიფო კონტრაქტების მოსაპოვებლად ჯაფარიძე სავარაუდოდ, ბოროტად იყენებს ძალაუფლებას: მის ოჯახთან დაკავშირებულმა 12 კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები და 528 150 ლარის სუბსიდიები მიიღო, ხოლო კომპანიების მეწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 763 000 ლარი შესწირეს. ჯაფარიძემ არაერთხელ დაარღვია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესი და მაგალითად, უძრავი ქონება სრულად არ დაადეკლარირა.

“ხალხის ძალაში” შესვლის შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, ჯაფარიძემ იყიდა პოსტვ-ის წილების 52%. პოსტვ-ის ახასიათებს აგრესიული პრო-სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკა, ანტიდასავლური რიტორიკა და სიძულვილის ენა ხელისუფლების ოპონენტების მიმართ. ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, პოსტვ-ის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფი უწოდა.

3. სოზარ სუბარი – დეპუტატი 2020 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე სოზარ სუბარი იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი (2018-2020 წწ.), ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (2013-2018 წწ.), სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (2012-2013 წწ.), გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი (2010-2015 წწ.), სახალხო დამცველი (2004-2009 წწ.). უფრო ადრე კი დაკავებული იყო ჟურნალისტური საქმიანობით.

სუბარი, გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ რამდენიმე კორუფციულ ფაქტშია დადანაშაულებული, მათ შორისა: ეკლესიის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ზეგავლენით ვაჭრობა, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ბიზნეს საქმიანობის დამალვა, მისი მინისტრობის პერიოდში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ პატიმართა საკვების შესყიდვის და დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობების კორუფციული სქემები. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სუბარი არ დასჯილა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შედეგად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4. გურამ მაჭარაშვილი – დეპუტატი 2016 წლიდან

პოლიტიკაში მოსვლამდე 2001-2014 წლებში გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა; ბოლოს ის ბანკში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2014-2016 წლებში მაჭარაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო. სამუშაო გამოცდილებაში მაჭარაშვილს ასევე მითითებული აქვს, რომ 1994 წელს ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო.

5. ირაკლი (დაჩი) ბერაია – დეპუტატი 2016 წლიდან

პოლიტიკაში მოსვლამდე 2008-2016 წლებში დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა; ბოლოს ის ბანკში ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი იყო. ბერაიას დედა, დოდო გაბუნია, 2014 წლიდან თანამდებობის პირია. მისმა კომპანიამ 2012-2021 წლებში, მათ შორის ხობის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, 82 გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვიდან 54 266 ლარი მიიღო. დაჩი ბერაია რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.

6. მიხეილ ყაველაშვილი – დეპუტატი 2016 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე მიხეილ ყაველაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია. ის ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია – თამაშობდა ძირითადად შვეიცარიულ და ასევე რამდენიმე რუსულ საფეხბურთო კლუბში. კოლეგებისგან განსხვავებით, ყაველაშვილს ბიოგრაფიაში ოფიციალური განათლების გრაფა ცარიელი აქვს დატოვებული. 2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ რამდენიმე დარღვევა დაადგინა მიხეილ ყაველაშვილის მიერ წარდგენილ ქონებრივი დეკლარაციაში.

7. დავით კაჭარავა – დეპუტატი 2020 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე დავით კაჭარავას პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია. ის ყოფილი პროფესიონალი მორაგბეა, მათ შორის 2013-2020 წლებში თამაშობდა რუსულ სარაგბო კლუბ Енисей-СТМ-ში.

8. ზაალ მიქელაძე – დეპუტატი 2020 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2016-2020 წწ.), აჭარის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი (2013-2016 წწ) და პრაქტიკოსი პედიატრი იყო (2013 წლამდე).

9. ეკა სეფაშვილი – დეპუტატი 2020 წლიდან

პარლამენტში მოხვედრამდე ეკა სეფაშვილი იყო ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი (2020); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (2015-2016 წწ.); ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილე (2006-2013 წწ.). 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი.

print