ხარვეზები აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხარვეზები აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში

02 ნოემბერი, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და 39%-ში ხარვეზები გამოავლინა.

62 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 24-მა შეავსო. მათგან 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

12 თანამდებობის პირს არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში - წილების ფლობა და საწარმოს ხელმძღვანელობა.

11 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის.

4 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება.

3-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო შემოსავლები აკრძალული/ნებადაურთველი საქმიანობიდან.

2-მა თანამდებობის პირმა - უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ილია ვერძაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გამოასწორეს ჩვენს 2019 წლის კვლევაში მითითებული ხარვეზები, ხოლო მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არ გაითვალისწინა 2020 წლის კვლევაში ნახსენები ხარვეზი.

საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია.  გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ - კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური”.

 

*კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განუმარტა, რომ მეუღლემ, ალექსანდრე ქონიაძემ, კვლევაში მითითებული უძრავი ქონება 2020 წლის აგვისტოში გაასხვისა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება.

უზუსტობა გამოიწვია იმან, რომ კვლევაში მითითებული ქონება 2020 წლამდე  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვა საკადასტრო კოდით იყო რეგისტრირებული, ასევე, განსხვავებული იყო ქონების ფართობი - პირველ ამონაწერში ბინის ფართი 56,79 კვ.მ-ია, ბოლო ამონაწერში კი - 71,71 კვ.მ. განსხვავებულია, ასევე, იმ მიწის ნაკვეთის ფართობიც, რაზეც დგას აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი (2008 წლის ამონაწერში 1121,68 კვ.მ-ია მითითებული, 2020 წლის ამონაწერში კი 3,051 კვ.მ). გარდა ამისა, მინისტრს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს აღნიშნული ქონების ფართად 65 კვ.მ და 75 კვ.მ აქვს მითითებული.

მინისტრის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2022 წელს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას მას აღარ ჰქონდა აღნიშნული ქონების დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება და, შესაბამისად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესი არ დაურღვევია.

*კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ ორგანიზაციას განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ, თეონა ნუმანიშვილმა კვლევაში მითითებული უძრავი ქონება 2020 წლის აგვისტოში გაასხვისა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება. ამ შემთხვევაშიც ცდომილება გამოიწვია აღნიშნული ქონებისთვის საჯარო რეესტრის მიერ სხვადასხვა დროს ორი განსხვავებული საკადასტრო კოდის მინიჭებამ. შესაბამისად, რომანაძეს ამ ქონების დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება 2022 წლის დეკლარაციაში აღარ ჰქონდა.

ასევე, გიორგი რომანაძემ წარმოადგინა მეუღლის წინა სამსახურიდან გათავისუფლებისა და ახლანდელ სამსახურში დანიშვნის ბრძანებები. როგორც აღმოჩნდა, ნუმანიშვილი არ იღებდა ანაზღაურებას ერთდროულად ორი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ერთსა და იმავე პერიოდში, რადგან მიმდინარე სამსახურში წინა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, მას კვლევაში მითითებული საკანონმდებლო ნორმა არ დაურღვევია.