ჟურნალისტების უფლებების უხეში დარღვევისა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი შემთხვევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საგანგაშოდ მიიჩნევს 2020 წლის 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვითარებული საპროტესტო აქციის დროს მედიის წარმომადგენლების ფიზიკური დაზიანების და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ქვეყანაში ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფისა და მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ.
8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქციის დაშლისას პოლიციის მიერ უხეშად დაირღვა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებები და სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი წესების დარღვევით, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრაცია. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლა, ფიზიკური დაზიანების მიყენება და მათი კუთვნილი ტექნიკის დაზიანება.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის სამი წარმომადგენელი დაზიანდა, მაშინ, როდესაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული ჟურნალისტების რაოდენობა უფრო მეტია:
- „ტვ პირველის” ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა. ოპერაცია მას ღამითვე ჩაუტარდა;
- „ფორმულას” ოპერატორი, ნიკა მათიაშვილი, წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავდა. საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა;
- „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, სოფო აფრიამაშვილს, წყლის ჭავლმა დაუზიანა თვალი;
- „ფორმულას“ ოპერატორი, გიორგი ჯაფარიძე, წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა;
- „ფორმულას” ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი, ანა ბარათაშვილი, წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო;
- დაზიანდა „რადიო თავისუფლების” ორი გადამღები ჯგუფის ოთხი ჟურნალისტი;
- მსუბუქად დაშავდა „რუსთავი 2”-ის ოპერატორი;
- წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა JRC-ის ჟურნალისტი, გიგა აბულაძე. მისი განცხადებით, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.
გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და ტვ „იმედის” ჟურნალისტებს. “იმედის” განცხადებით კი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს თავს დაესხა.
აქციის დაშლის დროს დაზიანდა „ტვ პირველის” ექვსი, „მთავარი არხის” - ხუთი, „რუსთავი 2”-ის - ორი და „რადიო თავისუფლების” ერთი კამერა. დაზიანდა OC მედიას დამფუძნებლის პირადი ფოტოკამერა, რომლითაც აქციას აშუქებდა და „გურია ნიუსის” ჟურნალისტის მობილური ტელეფონი, რითიც ის აქციიდან პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს აქციის გაშუქებისას უკანონოდ ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში და ფიზიკური დაზიანებები მიადგათ. ამ მხრივ აღსანიშნავია ე.წ. “გავრილოვის ღამის” აქციის დაშლა, რა დროსაც მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის, რამდენიმე სერიოზულად. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი უმოქმედობა დამატებით ახალისებს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას და ქმნის დაუსჯელობის განცდას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოახდინოს ჟურნალისტების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდეს მედიის წარმომადგენლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უზუნველყოფილი იყოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა.