სოციალური რეკლამა თუ წინასაარჩევნო ხრიკი?
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეარხებზე ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები, რომლებშიც მოთხრობილი და ნაჩვენებია საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული საჯარო ორგანიზაციების მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასეთი ტიპის პროდუქცია ტელეარხებზე სოციალური რეკლამის სახით გადის და მისი განთავსებისთვის დამკვეთი ორგანიზაცია რეკლამის საფასურს არ იხდის. ხშირ შემთხვევაში ზემოთ ნახსენები რგოლები ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს და ისინი პოლიტიკურ რეკლამადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
სოციალური რეკლამის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება და ამ ტიპის რეკლამის უსასყიდლოდ განთავსება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ყველა მედია საშუალების ვალდებულებაა. თუმცა კანონმდებლობა ასევე მკაცრად არეგულირებს იმ საკითხს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამაა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“ აღნიშნული განმარტების ფარგლებს აშკარად სცდება სოციალური რეკლამის სახით გასული ისეთი ვიდეო რგოლები, როგორებიცაა:
- პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა;
- განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა;
- „ვარდების რევოლუცია - 8 წელი“;
- „ჩვენ ვაშენებთ სახლს“;
- „მე მიყვარს თბილისი“.
ეს ვიდეო რგოლები ერთსა და იმავე პერიოდში გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამ უკანაკსნელს კი, რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, კომერციული რეკლამის განთავსების უფლება საერთოდ არ გააჩნია. ხუთივე შემთხვევაში შესაბამისმა უწყებებმა (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია; სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ) თხოვნით მიმართეს ტელემაუწყებელს ამ რეკლამებისათვის სოციალური სტატუსის მინიჭების, და შესაბამისად ეთერში მათი უსასყიდლოდ განთავსების შესახებ.
პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლი ძალიან გავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, სადაც მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც დაპირებას იძლევა, გაზარდოს პენსიები 2012 წლის სექტემბრისთვის. აღნიშნული თარიღი კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების (რომელიც, სავარაუდოდ, 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდება) წინაპერიოდს ემთხვევა. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური რეკლამის სტატუსი მხოლოდ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ სარეკლამო პროდუქციას შეიძლება მიენიჭოს, რეგულირების გარეთ რჩება არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე მასალების გავრცელების საკითხი.
განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა ასევე სცდება სოციალური რეკლამის ფარგლებს, რადგანაც ვიდეო რგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის წარსულ მიღწევებსა და გაწეულ მომსახურებაზე. ასეთი ტიპის რეკლამას კი საქართველოს კანონმდებლობა სოციალურ რეკლამად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, იგი შინაარსით აშკარად გავს პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოიყენება ხოლმე.
რეკლამის პოლიტიკური სახე კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს ვიდეო რგოლში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის სიტყვებზე დაყრდნობით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მიღწევებსა და რეფორმებზეა საუბარი. კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ვიდეო რგოლები „ჩვენ ვაშენებთ სახლს“ და „მე მიყვარს საქართველო“ პოლიტიკური შინაარსით ნაკლებად არის დატვირთული, თუმცა მათი სოციალურ რეკლამასთან ასოცირებაც საკმაოდ რთულია. მართალია, აღნიშნულ პროდუქციაში პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება, თუმცა რგოლებში გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. აღნიშნულ პროდუქციას ძნელად თუ მივაკუთვნებთ „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართულ” რეკლამას. ამის გარეშე კი რეკლამა სოციალურად ვერ ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებს გაწეული საქმიანობის შესახებ ვიდეო თუ სხვა ტიპის რგოლების დამზადება და მათი მედია საშუალებებში განთავსება არ ეკრძალებათ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში მათ საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევთ თანხების გაღება. ზემოთ ჩამოთვლილი რეკლამები, აგრეთვე, სოციალური რეკლამის ფორმით გაშვებული სხვა მსგავსი ვიდეო რგოლები საკმაოდ ხანგრძლივია. შესაბამისად, კომერციული რეკლამის მეშვეობით ასეთი საინფორმაციო კამპანიის გაწევა დიდ თანხებთან უნდა იყოს დაკავშირებული. სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები შეგნებულად არღვევენ კანონს და სოციალური რეკლამის საფარქვეშ საკუთარი საქმიანობის რეკლამირებას ეწევიან, რითაც მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს ზოგავენ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ასეთი ვიდეო რგოლი თავისი არსით პოლიტიკური ხასიათის მატარებელია და ადმინისტრაციულირესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენების მაგალითადაც შეიძლება ჩაითვალოს.
მივმართავთ:
- საქართველოს ხელისუფლებას, რათა არ დაარღვიოს კანონი და არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსებიარასათანადოდ;
- მედია საშუალებებს, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სოციალური რეკლამის სახით გასულ ვიდეო და სხვა ტიპის პროდუქციას და მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები;
- იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არ გამოიყენონ საჯარო რესურსები პარტიული მიზნებისთვის;
- პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება.