ანაკლიელ მცირე მეთევზეებს საქმიანობის არახელსაყრელი პირობები აქვთ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანაკლიელ მცირე მეთევზეებს საქმიანობის არახელსაყრელი პირობები აქვთ

08 ოქტომბერი, 2015

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავს მეთევზეობით ირჩენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ მეთევზეებს თევზჭერა, შესაბამისად ჩვენ მათ ადგილზე, სოფელ ანაკლიაში შევხვდით.

რთული სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მაღალი ღირებულება:

ანაკლიელ მეთევზეთა უმთავრეს პრობლემას თევზჭერის ლიცენზიის უქონლობა წარმოადგენს. მეთევზეების ინფორმაციით, ლიცენზიის მისაღებად სარეწაო/თევზსაჭერი გემის ქონა, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და სხვა მნიშნელოვანი კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის საჭირო, რისი შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ. ანაკლიელი მეთევზეები მხოლოდ ჩეულებრივ ან მცირე ზომის ძრავიან ნავებსა და მარტივ თევზსაჭერ ბადეებს ფლობენ.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განგვიმარტეს, თევზჭერის ლიცენზიის მისაღებად „გარემოს ეროვნული სააგენტო“ პერიოდულად აცხადებს აუქციონს და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულ პირობებს აწესებს. ამ ეტაპისათვის შავ ზღვაში თევზაობის ლიცენზიები 2016 წლის აპრილამდე მოქმედების ვადით არის გაცემული. ახალი აუქციონი მომავალი წლის აპრილში გამოცხადდება.

ანაკლიელ მეთევზეთა ინფორმაციით, შავი ზღვის ტერიტორიაზე ინტენსიურად მხოლოდ ლიცენზიის მქონე კომპანიები, მათ შორის თურქული თევზმჭერი/სარეწაო გემები თევზაობენ, ხოლო ანაკლიელ მეთევზეებს სათევზაო არეალი მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული.

შეზღუდული სათევზაო არეალი:

თევზჭერის ლიცენზიის არქონის პირობებში თევზაობა მხოლოდ ნაპირიდან სამასი მეტრის დაშორებით არის ნებადართული, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე თევზჭერა არ ექვემდებარება ლიცენზირებას. სხვა ყველა შემთხვევაში მეთევზეები დაჯარიმდებიან „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ოდენობის შესაბამისად. ანალკიელ მეთევზეთა გამოცდილებით კი, სასურველი რაოდენობის თევზის დასაჭერად სანაპირო ზოლიდან 4-5 კილომეტრის სიღრმეზე შესვლაა აუცილებელი.

თევზჭერისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის უქონლობა:

მეთევზეები ლიცენზიის უქონლობის, მწირი რესურსების, გაუმართავი აღჭურვილობისა და მოძველებული თევზჭერის მეთოდოლოგიის პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კომპანიებს ვერ უწევენ კონკურენციას.

მეთევზეთა ინფორმაციით, არსად არის დამონტაჟებული ტივტივა ნიშნულები, თუ სად შეიძლება თევზაობა და  რომელ მონაკვეთში არის აკრძალული, რაც გაურკვევლობას იწვევს. შედეგად, მეთევზეებს ხშირად აჯარიმებენ აკრძალულ ტერიტორიაზე თევზაობისათვის. თუმცა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ინფორმაცია ნაოსნობისათვის აკრძალული რაიონების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ შეტანილია საზღვაო ლოციებში1, დატანილია საზღვაო რუქებზე და პერიოდულად ქვეყნდება „მეზღვაურთა უწყებანშიც“, ასევე ქვეყნდება ბუკლეტების სახით.

სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პრობლემა

ზღვაში გასვლამდე მეთევზეები ვალდებულნი არიან ამის შესახებ სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აცნობონ, ამავე დროს „საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის“ მიერ მე-16 საერთაშორისო რადიოარხზე ცხადდება ინფორმაცია ამინდის შესახებ, ხოლო იმ მცირე ზომის მცურავ საშუალებებს, რომელიც ზღვაში იმყოფება და არ არის აღჭურვილი რადიოკავშირის საშუალებებით, მოსალოდნელი შტორმის შესახებ მობილური კავშირის ან სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მეშვეობით  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები აფრთხილებენ.

სათევზაოდ გასვლის ოპტიმალურ პერიოდად მეთევზეები დილის 5-6 საათს მიიჩნევენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ხშირად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მათ უარს ეუბნება ზღვაში გასვლაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, თუმცა, მეთევზეთა გადმოცემით, უმეტეს შემთხვევაში ეს ინფორმაცია  არ არის ზუსტი. ზღვაში გასვლის ნებართვას მეთევზეები 10-11 საათისთვის იღებენ. მათი გამოცდილებით, როგორც წესი, ადრე დილით ზღვა მშვიდია, არ არის ქარი. შესაბამისად, თევზჭერისათვის საუკეთესო დროდ სწორედ დილის საათები ითვლება. 10-11 საათის შემდეგ ქარი მატულობს, რაც საფრთხეს ქმნის ნავის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ასევე რთულდება თევზჭერა.

თევზჭერის მიზნით მეთევზეები ზღვაში ტივტივებზე ჩამოკიდებულ ბადეებს ტოვებენ, რომლის დაფიქსირების მიზნით, ბადის ქვედა ნაწილში ამაგრებენ  ღუზებს, თუმცა ძლიერი შტორმის დროს ზღვამ ბადე შესაძლოა რამდენიმე კილომეტრით გადაადგილოს, ასევე ისეთ ადგილებში გადაიტანოს, სადაც თევზჭერა აკრძალულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მეთევზეებს შტორმის შემდეგ არ აძლევენ ზღვაში გასვლის ნებართვას, შედეგად კვდება და ლპება ზღვაში ჩამონტაჟებულ ბადეებში გახლართული თევზი. ხშირად ბადეებში იხლართებიან დელფინები და თუკი დროულად არ მოხდა მათი აშვება, შესაძლოა ისინიც დაიხოცონ. მეთევზეებს აჯარიმებენ შტორმის შედეგად აკრძალულ ტერიტორიაზე გატანილი ბადის ამოტანის დროსაც.

ლიცენზიანტ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის სირთულე

მეთევზეთა განცხადებით, ლიცენზიანტი სარეწაო გემების მიერ ინტენსიური თევზჭერის შედეგად ზღვაში ფაქტობრივად აღარ ბინადრობს ქაშაყი, მნიშვნელოვნად შემცირდა კეფალის რაოდენობაც. სარეწაო გემების ერთი ეკიპაჟი საშუალოდ 80-100 ტონა ქაფშიას იჭერს. ქაფშია კი, თავის  მხრივ, საკვებია სხვა დიდი ზომის თევზებისათვის. მათი მასობრივი დაჭერა მეთევზეთა თქმით, მნიშვნელოვნად ამცირებს ზღვაში სხვა სახეობის თევზის რაოდენობას.

საქართველოში აკრძალულია ე.წ. წითელ ნუსხაში შეტანილი ზუთხისებრთა ოჯახის თევზების დაჭერა მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მეთევზეთა ინფორმაციით, ლიცენზიის მქონე სარეწაო გემები ხშირად იჭერენ მათ. დამუშავების შემდეგ კი, ზუთხისებრთა თევზების მოჭრილ თავს ზღვაში ყრიან, რომელიც ნაპირზე გამოირიყება ან ადგილბრივ მეთევზეთა ბადეებში იხლართება. ანაკლიელი მეთევზეები არ ფლობენ ინფორმაციას დამდგარა თუ არა ოდესმე ზუთხისებრთა ოჯახის თევზის დაჭერისათვის ლიცენზიანტი გემების ეკიპაჟის პასუხისმგებლობის საკითხი.

ბოლო პერიოდში მეთევზეებს სთხოვენ სპეციალური რადიოგადამცემების შეძენას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სანაპირო დაცვას და საზღვაო პატრულს მიეწოდოს ინფორმაცია მეთევზის ნავის ადგილმდებარეობის შესახებ. მეთევზეებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი რადიოგადამცემის ქონა მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებისათვის, თუმცა, მეთევზეთა ინფორმაციით ამ ხელსაწყოს ღირებულება 1800-200 ლარს შეადგენს და მისი შეძენა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხერხდება.

„საერთაშოროსიო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით:

  • გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს თევზჭერის ლიცენზიაზე მორიგი აუქციონის გამოცხადებისას იმგვარად განსაზღვროს პირობები, რომ ლიცენზიის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მეთევზეებსაც

  • ლიცენზიის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს გამარტივებული პროცედურითა და მცირე საფასურის გადახდითაც

  • მეთევზეებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია თევზჭერის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პირობების შესახებ

  • შესაძლებელია მცირე მეთევზეებისთვის დაწესდეს გარკვეული ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც მათთვის თევზის მოპოვება ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე იქნება შესაძლებელი

  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიელ და სხვა მცირე მეთევზეთა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით შეისწავლოს თევზჭერის სფეროში არსებული პრაქტიკა და შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს რეკომენდაცები/წინადადებები აღნიშნული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით

  • მნიშვნელოვანია, მცირე მეთევზეებს მიეცეთ თევზჭერის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან მეთევზეთა მნიშნელოვანი ნაწილისათვის თევზჭერა შემოსავლის ერთადერთი წყაროა

  • ანაკლიელი მეთევზეების უმთავრეს პრობლემას არსებითად მათი მწირი რესურსები, მოძველებული აღჭურვილობა და თანამედროვე მეთოდების არცოდნა წარმოადგენს. ამგვარი ტექნოლოგიური და კომპეტენციური ჩამორჩენის კომპენსირება შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიელ მეთევზეთა გაერთიანების შედეგად. შესაბამისად, ანაკლიელმა მეთებზეებმა უნდა მოახდინონ საკუთარი რესურსების გაერთიანება და ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბება. ისინი ერთობლივი ძალებით უნდა შეეცადონ თევზჭერის ლიცენზიის მოპოვებას

______________________________________

1ზღვების, ოკეანეების, სანაპიროების მეცნიერული აღწერილობა, რომლის მიზანია გემთმიმოყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; წარმოადგენს ნაოსნობის ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოს.

ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“