ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობა ჩვენ ორჯერ უკვე შევაფასეთ: 2021-2022 და 2023 წელს.

თავი 1. ძირითადი მიგნებები
- ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
- ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა. საკრებულომ არ მოგვაწოდა საკრებულოს სხდომების ოქმები, 2024-2025 წლის ხარჯები, დეპუტატების სიტყვით გამოსვლის, ასევე, მათ მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ ინფორმაცია;
- ახალციხის საკრებულოს თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები არ გამოუვლენია. 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარის შესყიდვები მიიღეს;
- ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 17 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. როგორც მათი ქონებირივი დეკლარაციების მონიტორინგიდან ირკვევა, 6-ის ოჯახის წევრები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული 2024 წლის საარჩევნო პროცესში;
- საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ 50 სხდომა გამართა;
- საკრებულოს 39 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერ დეპუტატს, ყოველწლიური ანგარიშები არ წარუდგენია. 4-11 დეპუტატი წერს, რომ მათი ჩართულობით, 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 116 პრობლემა მოგვარდა, თუმცა მათი ნაწილი მეორდება, ნაწილი კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე მოდის.
- საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, მხოლოდ 2 წელში, ბიუჯეტიდან 678,048 ლარი გაიწერა. 2024-2025 წლის ხარჯების შესახებ საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
- ახალციხის საკრებულომ 2025 წლის 30 მაისს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ მას არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოს ნაცვლად შეიქმნა “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”.
- ახალციხის საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი ორი პეტიციიდან ერთი შეასრულა, მეორე არ დაარეგისტრირა.
- 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულოს ხარჯმა 2,276,392 ლარი შეადგინა. ამ თანხის 89% ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა;
- 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულომ 66 835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 198 889 ლარი შეადგინა. გახარჯული საწვავიდან 20 ტონაზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
თავი 2. ზოგადი ინფორმაცია ახალციხის საკრებულოს შესახებ
ახალციხის საკრებულოში 39 წევრია:
- ახალციხის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად იყო განაწილებული: “ქართული ოცნება” - 28 მანდატი, “გახარია საქართველოსთვის” - 2 მანდატი, “ევროპული საქართველო” - 1 მანდატი, 8 დეპუტატი საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მანდატით შევიდა, თუმცა მათ პარტია სხვადასხვა დროს დატოვეს;
- ახალციხის საკრებულოს 39 წევრიდან 22 იყო თანამდებობის პირი
- საკრებულოში 11 ქალია, მათგან თანამდებობა 5-ს ეკავა;
- საანგარიშო პერიოდში ახალციხის საკრებულოს 50 სხდომა გაიმართა, მათ შორის 4 იყო რიგგარეშე;
- ახალციხის საკრებულომ 123 დადგენილება მიიღო. მათ შორის ნახევარზე მეტის ავტორი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი;
- ახალციხის საკრებულოში უფლებამოსილების ვადით 5 კომისია მუშაობდა. მათ საანგარიშო პერიოში სულ 137 სხდომა გამართეს და საკრებულოს წარუდგინეს სამართლებრივი აქტის 304 პროექტი, ასევე, მოამზადეს 305 დასკვნა საკრებულოს მიერ განსახილველი პროექტების კანონთან შესაბამისობაზე;
- ახალციხის საკრებულოში 3 ფრაქცია მუშაობდა: ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბესიკ ბლიაძეს 7 მოადგილე ჰყავდა, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარეს, დავით ახალკაცს - 2, „ახალციხე საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გიორგაძეს - 1;
- საკრებულომ მუშაობას ისე დაასრულა, რომ არცერთ ფრაქციას ინიციატივა არ ჰქონია;
- ფრაქციათა მიერ გაწეული მინიმალური საქმიანობის ფონზე, შეუსაბამოდ დიდი იყო მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები. მხოლოდ 2 წელში, ფრაქციების ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 678,048 ლარი გაიხარჯა. 2024-2025 წლის ხარჯების შესახებ საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა;
- დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენის შესახებ, ახალციხის საკრებულომ სრული ინფორმაცია არცერთხელ არ მოგვაწოდა. 2023 წლიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით, 32 სხდომაზე, 29 დეპუტატის 235 გაცდენა დაფიქსირდა. მათ შორის მხოლოდ 12 იყო საპატიო. დანარჩენი დეპუტატების დასწრების, ასევე, 2021-2022 წლებში ჩატარებული 18 სხდომის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს;
- საანგარიში პერიოდში, ახალციხის საკრებულომ 6-ჯერ მისცა თანხმობა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება.
თავი 3. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა
ახალციხის საკრებულომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ სარგებლობაში გადასცა:
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ჭაჭარაქში სკოლის ასაშენებლად;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული ამბულატორიის შენობები 22 სოფელში;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთი შენობა-ნაგებობა სოფელ წყრუთში;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა/ბინა დაყოფილი 9 ფართი ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა N125-ში;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთი შენობა-ნაგებობა სოფელ აწყურში;
- არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები (320 კვ.მ. სოფელ აწყურში და 5 264 კვ.მ. ვალეში, სტალინის N18-ში) - ააიპ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტორ 2“-სთვის;
- რიტუალების სახლი ახალციხეში, ხარისჭირაშვილის N1-ში, უზუფრუქტით იუსტიციის სახლისთვის;
- ახალციხეში, კეცხოველის ქ. N 6-ის მეექვსე სართულის N13 ოთახი.
თავი 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი
- ახალციხის საკრებულომ მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და ცალკეული იურიდიული პირების მიერ წარდგენილი ყველა ანგარიში დადებითად შეაფასა;
- 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით, ახალციხის საკრებულომ ბიუჯეტში 21 ცვლილება შეიტანა. ყველა ცვლილების ინიციატორი მუნიციპალიტეტის მერი იყო;
- საკრებულომ 4 წლის განმავლობაში, არცერთხელ არ მოგვაწოდა ინფორმაცია: (1) რამდენჯერ მოიწვია საკრებულომ, ან საკრებულოში შემავალმა ფრაქციამ, კომისიამ მერიის წარმომადგენლები ამა თუ იმ საკითხის განსახილველად; (2) რამდენმა საკრებულოს წევრმა მიმართა კითხვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მერს, ან სხვა თანამდებობის პირებს და რა საკითხებზე. ასევე, ვინ იყო ყველაზე მეტი კითხვის ადრესატი; (3) რამდენჯერ ისარგებლეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით;
საანგარიშო პერიოდში, საკრებულოს რაიმე სახის გადაცდომა მერის საქმიანობაში, ან ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არ გამოუვლენია. საპირისპიროს აჩვენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევები და აუდიტის სამსახურის დასკვნები.
- 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარი მიიღეს;
- ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილის, ტარიელ ტალახაძის კომპანიამ 13,023,982 ლარი მიიღო;.
- ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის და მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზოია ბალიაშვილის რძლის [1] კომპანიამ - 10,455,585 ლარი მიიღო, ასევე, მისმა შვილმა კობა ბალიაშვილმა - 62,983 ლარი;
- დეპუტატ ზაზა მელიქიძის კომპანიამ - 194,876 ლარი მიიღო. მისი ცოლის ძმის, ხვიჩა ალავიძის კომპანიამ - 193,966 ლარი. ზაზა მელიქიძის ბიძაშვილის შვილმა, ლაშა თედორაძემ[2] წელიწადნახევარში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით - 408,724 ლარი. აქედან 345 987 ლარი (84.65%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხა. ლაშა თედორაძე, ასევე, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ნანა ბერიძის სიძეა. ნანა ბერიძის და, ეკა ბერიძე კი ახალციხის საკრებულოში, პრესსამსახურის წარმომადგენელია.
- დეპუტატ გელა ჭალიძის კომპანიებმა 300,973 ლარი მიიღო.
- სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს, „სამშენებლო სამუშაოების 3 გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობა და 135.1 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს“. აღნიშნული 3 შესყიდვიდან, ერთი, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა თავის მეგობარს და პირადი მძღოლის ძმას, გიორგი კაპანაძეს 44,095 ლარზე გაუფორმა. კაპანაძემ კიდევ ერთი პირდაპირი შესყიდვა ახალციხის მერიიდან 20,631 ლარზე მიიღო.
თავი 5. ქონებრივი დეკლარაციები
- საანგარიშო პერიოდში, 22 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაციები, სხვადასხვა დროს დარღვევებით, 12 დეპუტატმა შეავსო;
- 2025 წლის დეკლარაციების მონიტორინგიდან გამოიკვეთა რომ, საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17 თანამდებობის პირიდან 6-ის - დავით ლომიძის, დავით ტაბატაძის, დავით სამსონიძის, ამბარცუმ ბაბოიანის, ზურაბ ბარძიმაძის, იოსებ კაპანაძის ოჯახის წევრები 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი, როგორც საარჩევნო კომისიებში, ასევე, „ოცნების“ შტაბის საქმიანობაში.
თავი 6. მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში
როგორც საკრებულოდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, საკრებულოს სხდომები ანონსდება საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე, ასევე, საინფორმაციო დაფაზე, თუმცა, საანგარიშო პერიოდში გამართული 50 სხდომიდან, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთი კვირით ადრე, არცერთი სხდომა არ დაანონსებულა. მათ შორის 28 სხდომის ანონსი, წინა დღით გამოქვეყნდა.
- 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი პეტიცია დარეგისტრირდა და ორივეს ავტორი „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო“ იყო;
- პირველი პეტიცია, 2022 წლის 13 აპრილს, 360 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში, იაძის ქ. 12-ში მდებარე N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟისა და ახლის აშენების“ მოთხოვნით, დაკმაყოფილდა. ახალი ბაღი უკვე აშენდა;
- მეორე პეტიცია, 2023 წლის 7 დეკემბერს, 400 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფართის (უზუფრუქტის ფორმით) გამოყოფის შესახებ“, არ დაარეგისტრირა. საკრებულოს პოზიციით, „პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას“. თუმცა, 2025 წლის 9 ოქტომბერს, სწორედ უზუფრუქტის ფორმით, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიისთვის“ რუსთაველის 124-ში მდებარე 355 კვ.მ. ფართობის მქონე შენობა გადასცა;
- 2022-2024 წლებში ანგარიშებს, საკრებულოს მიერ დადგენილი ფორმით, წარადგენდა 32 დეპუტატი. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ექვსი წევრიდან არცერთს არ წარუდგენია ანგარიში;
- 2022-2024 წლებში ახალციხის საკრებულოს წევრებმა ჯამში 675 შეხვედრა გამართეს მოქალაქეებთან, თუმცა, საკრებულომ აღნიშნული შეხვედრების ოქმები ვერ წარმოგვიდგინა;
- საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს წევრების პირადი ჩართულობით 2022-2024 წლებში 116 პრობლემა გადაიჭრა. 2023 წელს მოგვარებული 35 საკითხიდან, 15 ერთმანეთს დაემთხვა, ხოლო 2024 წელს გადაჭრილი 66 საკითხიდან 15 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტია. ნოდარ ხითარიშვილი მისი ჩართულობით გადაჭრილი კონკრეტული პრობლემების გრაფაში უთითებს, რომ მოქალაქეებს მოტობლოკების მიწოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თავი 7. ახალციხის საკრებულოს ხარჯები
ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს ხარჯები სრულყოფილად არ გვაქვს. 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით, საკრებულომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა გახარჯა ბიუჯეტიდან.
- 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით, საკრებულოს ხარჯმა 2,276,392 ლარი შეადგინა, რომლის 88,9% (2,025,298 ლარი) ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა;
- ამავე პერიოდში საკრებულომ 66,835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 198,889 ლარი შეადგინა. გახარჯული საწვავიდან 20,878 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 62 563 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა;
- ახალციხის საკრებულოსთვის გამოყოფილი ორი ავტომობილით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე (TOYOTA - LAND CRUISER PRADO 2008) და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით ტაბატაძე (RENAULT DUSTER 2018) .
რეკომენდაციები
დღეს, როდესაც საქართველოში თვალსაჩინოა დემოკრატიული სტანდარტების სრული დაკნინება, პოლიტიკური პოლარიზაცია და თვითმმართველობების როლის უკიდურესი დასუსტება, რაც რა თქმა უნდა თვალნათლივ ჩანს ადგილობრივი თვითმმართველლობის სისტემაშიც. შესაბამისად როგორც ახალციხის საკრებულოში, ასევე ზოგადად მუნიციპალურ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული სისტემური ხარვეზების გამოსწორება და შემდგომ პრაქტიკაში რეალური განხორციელება.
ამისათვის საჭიროა:
- ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე მათი წარმომადგენლობითი ორგანოების — საკრებულოების — დამოუკიდებლობას;
- გაძლიერდეს ადგილობრივ დონეზე ბალანსის, ურთიერთკონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმები;
- საკრებულოს მიეცეს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალურად გამოყენებადი ბერკეტები აღმასრულებელი ხელისუფლების — მერიის — საქმიანობის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
- საკრებულოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საკანონმდებლო დონეზე ისე, რომ მან შეძლოს მერიის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული პროცესების სრულფასოვანი და ეფექტიანი კონტროლი, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის ან ფორმალური ჩარჩოების მიღმა.
- ასევე, ახალციხის საკრებულომ წინა წლებისგან განსხვავებით, საერთოდ არ მოგვაწოდა, ინფორმაცია 2024-2025 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ. საჯარო ინფორმაციის გაცემა მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ხელისუფლების გამჭვირვალობას, ზრდის მოქალაქეთა ნდობას და აძლეს საზოგადოებას შესაძლებლობას გააკონტროლოს ბიუჯეტის ხარჯვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემთხვევაში სრულიად დარღვეულია.
აღნიშნული გარდაქმნები კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებებლი, თუ დემოკრატიული წესით არჩეული, პლურალისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარლამენტი შექმნის ისეთი შინაარსის კანონმდებლობას, რომელიც არ იქნება მიმართული ვიწროპარტიული ინტერესების დაცვაზე, არამედ დაამკვიდრებს მოქალაქეებზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას — გამჭვირვალეს, ანგარიშვალდებულსა და რეალურად მოქმედს.
[1] ზოია ბალიაშვილის რძალი, შვილის მეუღლე, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ში“ 15% წილს ფლობს 2021 წლის ნოემბრიდან.
[2] ლაშა თედორაძემ შპს „სხივი 2018“ 2023 წლის 6 ოქტომბერს დააფუძნა და 3 ოქტომბერს, ახალციხის მერიის ტენდერი საყუნეთის შიდა გზების რებილიტაციაზე 39 544 ლარით უკონკურენტოდ მოიგო. მას სულ, 2023-2025 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული აქვს 520 994 ლარი. აქედან, 78.45% ახალციხის მერიიდან დაერიცხა.