ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 33 მილიონ ლარზე მეტი უჯდება
ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 1 626 899, წლიურად კი 19 522 796 ლარი იხარჯება. ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის 8 შპს-ს სუბსიდირებაზე 2019 წელს 13 720 200 ლარია გამოყოფილი.
ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების შენახვაზე 33,242,996 ლარს ხარჯავს, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის (154 361 000 ლარი) 21.5%-ია.
დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება ა(ა)იპ-ებში
ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში 2 497 თანამშრომელი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან დღემდე ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღების რაოდენობა 28-დან 32-მდე და შესაბამისად, ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რიცხვი 1 324-მდე გაიზარდა, 2018 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, ამ მუნიციპალური სერვისის მიღმა 600 აღსაზრდელი დარჩა, რადგან ბაღებში საკმარისი ადგილი არ დარჩა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში დამატებით ერთი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.
ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულთაგან უშუალოდ ადმინისტრაციაში 17 ადამიანი მუშაობს. ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სიმრავლით გამოირჩევა ბოტანიკური ბაღი და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოც.
ა(ა)იპ-ების მიერ მივლინებებზე გაწეული ხარჯები და გაცემული პრემიები
მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებიდან 2018-2019 წლებში მივლინებებზე ყველაზე მეტი ხარჯი - 200 000 ლარი „ბათუმის სპორტულ ცენტრს” აქვს გაწეული, გაცემული პრემიების რაოდენობით კი „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება” გამოირჩევა.
ა(ა)იპ-ებში დახარჯული საწვავის რაოდენობა
ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის საწვავი „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ (9,643.37 ლიტრი) დახარჯა.
ბათუმის მუნიციპალური შპს-ების მონაცემები[1]
ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში 8 მუნიციპალური შპს-ს სუბსიდირებისთვის 13 720 200 ლარია გათვალისწინებული. ამათგან 5 იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა სპორტული კლუბია.
მუნიციპალიტეტის შპს-ებიდან ყველაზე მეტი - 626 თანამშრომელი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ჰყავს, მათგან 99 პირი შტატგარეშეა დასაქმებული.
დასკვნა და რეკომენდაციები
საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი - ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი - საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.
დასაქმებულთა დიდი რაოდენობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 21.5% შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.
33 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად, შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ს ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგას ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე: ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.
- გადახედოს არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
- განაგრძოს სპორტული გუნდების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც ადმინისტრაციის ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს და ასევე, სპორტული გუნდების განვითარებას განაპირობებს. ამის კარგი მაგალითია საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის” 49 წლიანი მართვის უფლებით გადაცემის გადაწყვეტილება: ბათუმის საკრებულომ 2019 წლის 24 მაისს კლუბი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, სამინისტრო კი კლუბის 49 წლიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, შემსყიდველ კომპანია „ლამინ ჯგუფს” ავალდებულებს, ყოველწლიურად ბიუჯეტში 100 000 ლარი შეიტანოს, მინიმუმ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და საბავშვო საფეხბურთო აკადემია განავითაროს, სულ კი პროექტისთვის 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
[1] გამოთხოვილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა შპს „ბათუმის წყალმა” და შპს „სანდასუფთავებამ”. მათი განმარტებით, ისინი არ წარმოადგენენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რის გამოც, მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. აღნიშნულ პოზიციას არ დაეთანხმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და კომპანიების უარი ინფორმაციის მოწოდებაზე გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.