დარღვევები ტყიბულის მუნიციპალიტეტში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დარღვევები ტყიბულის მუნიციპალიტეტში

30 მარტი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს კვლევას და ამოწმებს იმერეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და მუნიციპალიტეტებში განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობას. ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტით დავინტერესდით.

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის ოლეგ ქარქაშაძის ინტერესები მუნიციპალიტეტის მიერ განხოციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში.

ოლეგ ქარქაშაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად 2014 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა . იგი საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 07 ნოემბრამდე ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული. 2013 წლიდან რეგისტრაციის გაუქმებამდე ქარქაშაძეს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან გამარტივებული შესყიდვის ფორმით 19 ხელშეკრულება გააფორმა და 873 ლარი მიიღო. ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი გაფორმებული არის არაერთგვაროვან პროდუქციაზე: ავეჯის აქსესუარებზე, ხელსაწყოებზე, საწმენდ პროდუქციზე და სხვა.

2014 წლის 7 ნოემბერს ოლეგ ქარქაშაძემ საჯარო რეესტრში გააუქმა თავისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, მაგრამ რეესტრში 2014 წლის 21 აგვისტოს, მისი მეუღლე ინგა ცირეკიძე დარეგისტრირდა . ცირეკიძეს 2015 წლის 23 მარტიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებთან გამარტივებული შესყიდვის ფორმით 46 ხელშეკრულება გააფორმა, შედეგად კი 3 811 ლარი მიიღო. ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი იმავე მომსახურებაზე არის გაფორმებული, რაც ოლეგ ქარქაშაძის შემთხვევაში იყო.

მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გამჭრვირვალე ტენდერის გზით მომსახურების შესყიდვაზე გვერდის ავლა და ერთ პირთან მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულებების გაფორმება, იმთავითვე ზრდის რისკებს შესაძლო კორუფციული გარიგების დადების შესახებ. ორმაგად მნიშვნელოვანია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხოციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში იკვეთება იმ სამსახურის (შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური) უფროსის ინტერესები, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობა, , ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვა და ასევე ეფექტიანობის გაზრდა.

2. თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები

ალეკო ფანჩულიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსია. იგი საჯარო რეესტრში 2005 წლის 24 ნოემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. მას ეს ინფორმაცია აქვს მითითებული 2014 წლის მონაცემებში, თუმცა 2015 წლის დეკლარაციაში აღარ აქვს აღნიშნული.

თამაზ კუბლაშვილი 2013 - 2014 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის მოადგილის პოზიციას იკავებდა, დღეს იგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. კუბლაშვილის მეუღლე, ნაირა ბოგვერაძე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 1 იანვრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა ეს ინფორმაცია კუბლაშვილს 2013 წლიდან დღემდე შევსებულ არცერთ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს.

თემურ ძაგნიძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა. იგი 2007 წლის 28 ივნისიდან იდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა ეს ინფორმაცია 2014 - 2015 წლების დეკლარაციებში აღნიშნული არ აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს:

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • გამოიძიოს ზემოთ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო შემთხვევები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს:

  • გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;

  • გააძლიერონ მონიტორინგის მექანიზმები, რათა არ დაუშვან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა სახელმწიფო შესყიდვების განხოციელებისას;

  • მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსებას და მიუთითონ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“