გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ არც პარლამენტის მაჟორიტარი და არც ადგილობრივი თვითმმართველობა მათ ინტერესებს არ გამოხატავს
გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ მოქალაქეთა ინტერესებს არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არც საქართველოს პარლამენტარში მაჟორიტარი დეპუტატები არ გამოხატავენ. ასეთი შედეგი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული გამოკითხვით მიიღო, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო.
შედეგების ანალიზით დგინდება, რომ თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა გაცილებით უფრო ნეგატიურად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, ვიდრე დანარჩენი მუნიციპალიტეტების ელექტორატი - მუნიციპალიტეტის გამგებლის/საკრებულოს საქმიანობას:
კითხვაზე, თუ ვინ გამოხატავს მოქალაქეების ინტერესებს ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 7% ასეთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიიჩნევს, თვითმმართველ ქალაქებში კი ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საკრებულოსთან დაკავშირებით მხოლოდ 3%-მა გასცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეების მოწონებას გამგებლები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მერები: გამოკითხულთა 15% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოხატავს მაშინ, როცა მერთან დაკავშირებულ ამავე კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა გასცა დადებითი პასუხი.
2016 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში სიახლეა ისიც, რომ ცნობილი გახდა მოქალაქეების საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისადმი დამოკიდებულებაც: გამოკითხულთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს საკრებულოში არჩეული დეპუტატი გამოხატავს, პარლამენტის მაჟორიტართან დაკავშირებით კი ამგვარად 2032 მოქალაქიდან მხოლოდ 5% (ყოველი მეოცე გამოკითხული) ფიქრობს
მაჟორიტარი და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების მუშაობის შეფასებისას აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 18% უარყოფად აფასებს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მუშაობას, არცერთი პარლამენტარის მუშაობას უარყოფად არ აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 7%.
2016 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა მუნიციპალური სერვისებისადმი დამოკიდებულების გაანალიზებაც.
მოქალაქეების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოუწყობლობა იწვევს (30%), მეორე ადგილზეა (28%) - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (პარკები, სკვერები) არასაკმარისი რაოდენობა/არსებულების მდგომარეობა, გამწვანების სიმწირე კი გამოკითხულთა 26%-ის უკმაყოფილებას იწვევს.
რაც შეეხება დადებით დამოკიდებულებას, ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით (41%), საბავშვო ბაღებით (38%) და გამწვანებით (38%) არის კმაყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულებში ყველაზე ნაკლებად უკმაყოფილებას სწორედ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა იწვევს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, საბიუჯეტო თანხების განკარგვისას მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქალაქეების საჭიროებებით - პროექტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და უზრუნველყონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა. საკრებულოს წევრებს მართებთ მეტი კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩევლებთან სწორედ იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა გადასაჭრელადაც მათ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ელექტრორატის ნდობის მანდატი მიიღეს.