განახლებადი ცნობები: საარჩევნო დარღვევები და მათზე რეაგირება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განახლებადი ცნობები: საარჩევნო დარღვევები და მათზე რეაგირება

30 ოქტომბერი, 2021

არჩევნების დღე
მეორე ტური

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მუდმივ განახლების რეჟიმში მოგაწვდით 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვან ცნობებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე

 

23:55 - ისნის მე-5 ოლქის #20 უბანზე ნამდვილად ცნეს ბიულეტენი, რომელიც ბათილი უნდა ყოფილიყო.

23:00 - ხობის 66-ე ოლქის #20 უბანზე ბათილად ცნეს ბიულეტენები, სადაც აშკარად შემოხაზული იყო საარჩევნო ნომერი 5. დავწერეთ საჩივარი.

23:00 - ფოთის 70-ე ოლქის #22, გლდანის მე-10 ოლქის #78 და #30, საბურთალოს მე-3 ოლქის #39, ხელვაჩაურის 83-ე ოლქის #46, რუსთავი მე-20 ოლქის #66, ზუგდიდის 67-ე ოლქის #77 უბნებზე ჯერ შემაჯამებელი ოქმის ასლები შეავსეს, გააგზავნეს საოლქოებში შესამოწმებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დედნების შევსება.

22:45 - ჩხოროწყუს 69-ე ოლქის #2 უბანზე 52 ბიულეტენს არ აღმოაჩნდა რეგისტრატორის ხელმოწერა. დავწერეთ საჩივარი რეგისტრატორის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე.

22:20 - ბათუმის 79-ე ოლქის #37 უბნის საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა ამავე ოლქის 83-ე უბნის ბიულეტენი.

21:35 - ფოთის 70-ე ოლქის #22 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს ბათილ ბიულეტენებზე არ მისცეს ფოტოსურათის გადაღების საშუალება. დავწერეთ საჩივარი.

19:30 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-19:30)

18:50 - ბათუმის 79-ე ოლქის #58 და #104, გვერდიგვერდ მდებარე უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების „პოლიტიკა სამართლის ობსერვერი“ თამარ თევზაძე და ასევე, „კავშირი მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი პირიმზე ხიმკილაძე, მთელი დღის განმავლობაში იდგნენ ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით, აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, ართმევდნენ მათ პირადობის მოწმობებს და ამომრჩეველთა სახელსა და გვარებს ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს. დავწერეთ საჩივარი.

17:57 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #8 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „კავშირი მწვანე დედამიწას” ერთზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა უბანზე, რაც კანონით არ არის დაშვებული. კომისიის თავმჯდომარისადმი ჩვენი არაერთი მითითების მიუხედავად, აღნიშნული პრობლემა არ აღმოიფხვრა. დავწერეთ საჩივარი თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე.

17:00 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #21 უბანზე „ენმ”-ს წარმომადგენლის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელ თინათინ კაკაჩიას განზრახული ჰქონდა უბნის ტერიტორიაზე თანხის დარიგება, რის გამოც დაიწყო დაპირისპირება. 

16:00 - ბათუმის 79-ე ოლქის #58 და #104 უბნებზე ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირი მწვანე დედამიწას" დამკვირვებლები რეგისტრატორების სიახლოვეს აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას და ამ ინფორმაციას ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირებს. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, მათ ეს ქმედება შეწყვიტეს.

14:35 - თელავის მე-17 ოლქის #42 უბანთან მყოფი პირი საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს აგრესიული ტონით ეკითხებოდა თუ ვის მისცა ხმა. შენიშვნის მიცემის შემდეგ, მან ჩვენს დამკვირვებელს დაუწყო ჩხუბი. დამკვირვებელმა ჩარევა სთხოვა იქვე მყოფ პოლიციელს, რომელმაც აღნიშნულ პირს  საარჩევნო უბნის ტერიტორია დაატოვებინა.13:30 - ბათუმის 79-ე ოლქის #2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების „სოციალური გარემოსა“ და „ანტიკორუფციული მედია ცენტრის" წარმომადგენლები რეგისტრატორების უკან იდგნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონში ინიშნავდნენ დაუდგენელ მონაცემებს. მოგვიანებით, საოლქო კომისიის წარმომადგენლის მოთხოვნის შედეგად, მათ  რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვებისას ტელეფონის გამოყენება შეწყვიტეს. 

13:40 - ქარელის 33-ე ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს.

13:30 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-13:30)

12:58 - #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.  

11.11 - ბათუმის 79-ე ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი უბანზე მოსული ამომრჩევლებისგან მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ამ ფაქტს სავარაუდოდ აფიქსირებს მის გვერდით მდგომი ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი,  რეაგირებას არ ახდენს არც კომისიის თავმჯდომარე.

10:46 - ბათუმის 79-ე ოლქის #12 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელებს და გვარებს. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ეს პროცესი გააჩერა.

10:30 - ჩხოროწყუს 69-ე ოლქის  #15 უბანზე, 10 ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

10:25 - თელავის მე-17 ოლქის #44 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს აწვდიდა მოსული ამომრჩევლების სახელებს და გვარებს, დამკვირვებელი კი მათ ვინაობას ინიშნავდა. პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების ამ ფაქტზე ჩვენი დამკვირვებლის, ზვიად ქორიძის, მითითების შემდგომ, ნაკადის მომწესრიგებელმა შეწყვიტა აღნიშნული ქმედება.

10:15 - ზუგდიდში, 67-ე ოლქში, უბნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრირებული “მწვანე დედამიწისა” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები ერთზე მეტი დამკვირვებლით იყვნენ წარმოდგენილნი. ჩვენი მობილური ჯგუფის შენიშვნის შემდეგ, ზედმეტ დამკვირვებლებს უბნის გარეთ უშვებდნენ. 

10:12 - თელავის მე-17 ოლქის #18 უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ერთ-ერთ დამკვირვებელს აწვდიდა მოსული ამომრჩევლების სახელებს და გვარებს, დამკვირვებელი კი მათ ვინაობას ინიშნავდა. პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების ამ ფაქტზე ჩვენი მითითების შემდგომ, თავმჯდომარემ ნაკადის მომწესრიგებელს შენიშვნა მისცა და ახსნა-განმარტება დააწერინა.

10:10 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

09:59 - რუსთავის მე-20 ოლქის #66 უბანზე დროებით რეგისტრატორად გაამწესეს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, იწერს მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრებს. დავწერეთ საჩივარი.

09:30 - ფოთის 25-ე ოლქის #70 უბანზე პირადობის მოწმობის არმქონე ამომრჩეველი შეუშვეს უბანზე, რეგისტრატორმა მას მარკირებაც გაუკეთა. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველს დაატოვებინეს უბანი. მოვითხოვეთ ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

08:00 - ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

27 ოქტომბერი

  • თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში 57 ოჯახს სიმბოლურ ფასად გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • გლდანის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან გაათავისუფლეს თეა ბრეგვაძე და მის მაგივრად დანიშნეს თამარ თაბუაშვილი, რომელიც ასევე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ბრეგვაძე მის გათავისუფლებას იმას უკავშირებს, რომ ის არის ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გიორგაძის დეიდა. 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის გამჭვირვალე და განჭვრეტადი შესაბამისად, აღწერილ შემთხვევაშიც, შესაძლოა იკვეთებოდეს თეა ბრეგვაძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ნიშნები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს მსგავს შემთხვევაზე სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

23-25 ოქტომბერი

  • 23 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი სადაც ჩანს, რომ სამტრედიის და რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დავალებით, ბაღების თანამშრომლებს აორგანიზებენ პარტიის მიერ თბილისში გასამართ აქციაზე წასასვლელად. გარდა ამ შემთხვევებისა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაც“ მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონებიდან საბიუჯეტო ორგანიზაციების მობილიზების შემთხვევებზე, როდესაც მათ ხელმძღვანელები პირდაპირ თუ ირიბად სთხოვენ თბილისის აქციაზე დასწრებას.

სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას აკრძალულია საარჩევნო კოდექსით და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

24 ოქტომბერი

  • 24 ოქტომბერს რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც დაშავდა 3 ადამიანი. რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, ოფისთან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ და მისი შტაბის წევრებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ოფისში ძალადობრივად შეჭრას შეეცადნენ. თვითმხილველთ მიერ გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალაში სხვა პირებთან ერთად ჩანს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” ამირან ჯანჯღავა, რომელმაც განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ვითარების განსამუხტად მივიდა და დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ინციდენტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

21 ოქტომბერი

  • 21 ოქტომბერს ხობში სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ სახლში დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ლექსო რაფავა, აგრეთვე ჩხრეკა ჩაატარეს შსს-ის ყოფილი თანამშრომლის რუსლან შამახიას სახლში. რაფავას  ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვის ბრალით წარუდგინეს, რაც 3-დან 6-მე წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  23 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რაფავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის და პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით თვითმმართველობის არჩევნებზე რუსლან შამახია, ლექსო რაფავა და სხვა ყოფილი ძალოვნები ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდნენ საარჩევნო უბნებზე კარუსელის დატრიალების პრევენციაში, რის გამოც მას ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა, ის რაფავას დაკავებას ერთმნიშვნელოვნად მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნად

13 ოქტომბერი

  • საპარლამენტო უმრავლესობის 14-მა წევრმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლითაც იკრძალება საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ „უარყოფითი დამოკიდებულების“ შემქმნელი გარე და სატელევიზიო რეკლამის გავრცელება.

    ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა გარე რეკლამის კომპანიის შპს „ალმას“ მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც ითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც უნდა შეზღუდულიყო გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და რეკლამის გამავრცელებელს მისცემოდა შესაძლებლობა, რეკლამის დამკვეთისთვის სარეკლამო მომსახურების გაწევაზე ლეგიტიმური უარი განეცხადებინა.

    შპს „ალმამ“ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც კომპანიამ 17 სექტემბერს თბილისისა და სხვა ქალაქების მასშტაბით კუთვნილ ბილბორდებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო რეკლამები განათავსა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, არ განათავსა „ევროპული საქართველოს“ მიერ დაკვეთილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კონტრაგიტაციული მასალა.

წარმოდგენილი ცვლილებები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით. საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს.

4 - 18 ოქტომბერი

  • 18 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად სასოფლო სამეურნეო მიწას გადასცემს.
  • 17 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.
  • 12 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.
  • 6 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები საიჯარო გადასახდელისგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ პირდაპირი წესით ორი წლით გაუხანგრძლივდებათ საიჯარო ვადები. მსგავსი დაპირება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძე ჯერ კიდევ 22 სექტემბერს გასცა მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან. 160-მდე ღია კაფეს მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.
  • 6 ოქტომბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ.
  • 4 ოქტომბერს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ჯამში 258 დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

არჩევნების დღე

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მუდმივ განახლების რეჟიმში მოგაწვდით 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელოვან ცნობებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე

- ნინოწმინდის მეჩვიდმეტე ოლქის #5 უბანზე ამომრჩეველმა რამდენიმეჯერ მისცა ხმა. დავწერეთ საჩივარი.

- „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მათი პარტიის აგიტატორი, 35 წლის ეივაზ მამედოვი „ქართული ოცნების" აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.

 - #17 თელავის საარჩევნო ოლქის #54 უბანზე  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი, ელიარ ხალილოვი რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეყვა იმ საფუძვლით, რომ მათ მხედველობა დაქვეითებული ჰქონდათ. დავწერეთ საჩივარი.

 - #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50 საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის შენობის გარეთ ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა.

 - #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის  #37 უბანზე გადასატან ყუთში რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა უბანზე და მას სხვა პირის გრაფაში მოაწერინეს ხელი. დავწერეთ საჩივარი.

15:59 - ბათუმის 79-ე ოლქის 74-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე მისცა.

15:41 - ახალციხის 37-ე ოლქის მე-14 უბანზე ახალციხის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების თავმჯდომარე გიორგი ბეროშვილი  ორგანიზაციიდან „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო“ (დამკვირვებელთა საერთო რაოდენობა 2338) დამკვირვებლის სტატუსით იყო რეგისტრირებული. ეს კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, ვინაიდან საკრებულოს წევრს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის უფლება არ აქვს.

15:34 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #15 უბანზე, კომისიის წევრმა ჩვენს დამკვირვებელს არ მისცა უფლება პირადობის მოწმობების სიასთან შესაბამისობა შეემოწმებინა . დავწერეთ საჩივარი.

14:54 - გლდანის მეათე ოლქის #10 უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას აღმოჩნდა, რომ სამ ბიულეტენზე არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა, რის გამოც სამი ამომრჩევლის ხმა გაბათილდება. დავწერეთ საჩივარი.

14:00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-14:00)

13:15 - ხობის 27-ე ოლქის #67 უბანზე შეიცვალა რეგისტრატორი. ის ქართული ოცნების წარმომადგენელმა ჩაანაცვლა, თუმცა ეს ქმედება ჩანაწერთა წიგნში არ ასახულა. ამასთან, ახალმა რეგისტრატორმა წინამორბედის სახელით და გვარით მოაწერა ხელი. დავწერეთ საჩივარი.

12:03 - მარნეულის 22-ე ოლქის მე-7 უბანთან აგიტატორი უბნიდან 10 მეტრის რადიუსში ეწეოდა აგიტაციას და ტერიტორიას არ ტოვებდა. რეაგირებისთვის მივმართეთ შსს-ს.  

11:03 - მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის მეშვიდე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჩვენს დამკვირვებელს  არ აძლევს ვიდეოს გადაღების უფლებას. დავწერეთ საჩივარი.

10:50 - ნინოწმინდის 41-ე საოლქო კომისიის მეხუთე უბნის დერეფანში მობილიზებულია მოქალაქეები. ინფორმაცია გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს.

10:11 - ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის #27 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად.

10:02 - ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #41 უბანზე მოქალაქე იმყოფებოდა სამკერდე ნიშნის გარეშე. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ მას დაატოვებინა ტერიტორია. დავწერეთ საჩივარი.

09:52 - #42 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა -  #10 უბანშია რეგისტრირებული.

09:42 - ახალქალაქის მე-40 საოლქო კომისიის #63 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად

09:36 - თელავის 17-ე საოლქო კომისიის #6 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი მიყვებოდა კაბინაში ამომრჩეველს, ჩვენმა დამკვირვებელმა გააპროტესტა შემთხვევა და ცდილობდა ფაქტის ფოტოგადაღებას, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით.  მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეჰყვა ამომრჩეველს, დამკვირვებელმა მას კაბინაში მიაწოდა თავისი ტელეფონი. დავწერეთ საჩივარი.

09:36 - დმანისის მეჩვიდმეტე საოლქო კომისიის #6 უბნიდან 100 მეტრის რადიუსში იდგნენ პირები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლის მიმართ, ფოტოგადაღების შემდეგ მოსთხოვეს ტელეფონის გადაცემა, თუმცა პატრულის გამოძახების თაობაზე გაფრთხილების შემდეგ, დატოვეს ტერიტორია.

09:36 - დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, კომისიამ არ მიუთითა კაბინაში შესვლისკენ; მეორე ეპიზოდში, კომისიის წევრი კაბინაში შესულ ამომრჩეველს ჩუმად ესაუბრებოდა. ორივე შემთხვევაში დავწერეთ საჩივარი.

09:28 - ფოთის 70-ე საოლქო კომისიის #33 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის" წარმომადგენელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს. საჩივარი დავწერეთ თავმჯდომარისა და დამკვირვებლის მიმართ.

08:13 - დმანისის 43-ე ოლქის #24 უბანზე დილის 8 საათზე მისულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რა დროსაც რეგისტრატორმა სხვა ამომრჩევლის ადგილას მოაწერინა ხელი. დამკვირვებლების მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ ვერ შეძლო ხმის მიცემა

08:00 - ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

07:50 - ზუგდიდის 67-ე ოლქის #27 უბანზე ჩვენი დამკვირვებელი დაეჭვდა რეგისტრატორთან მისული ერთ-ერთი ამომრჩევლის ვინაობაში და მისი ვინაობის გადამოწმება მოითხოვა პირადობის მოწმობის მეშვეობით. აღნიშნულმა ქმედებამ ამომრჩეველი გააღიზიანა და სწრაფად დატოვა უბანი

ჩვენი წინასაარჩევნო ანგარიშები:

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 3 აგვისტოდან დაიწყო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდული  განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ 1 ივნისიდან გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს:


30 სექტემბერი

  • 30 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციამ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს პირი, რომელსაც თან ოცამდე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. პარტიის წარმომადგენელების განცხადებით, კადრები გადაღებულია სოფელ რიყეში და მასში აღბეჭდილი ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ამავე პარტიის მხარდამჭერებს ართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს.

აღწერილი შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა და აღკვეთა.

28 სექტემბერი

  • 28 სექტემბერს ა(ა)იპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა, ლევან წულაიამ თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო, რის შედეგადაც ორგანიზაციის საქმიანობაც ფერხდებოდა. ზეწოლის მიზეზი გახდა ის, რომ მისი ძმა პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერია. წულაიას განცხადებით, მან ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო შეტყობინება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. მას შემდეგ რაც მან არ დატოვა თანამდებობა, დაიწყო ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა. აგრეთვე, წულაია ზეწოლის ნაწილად განიხილავს იმ ფაქტს, რომ ორგანიზაციაში ერთდროულად იმყოფება სახელმწიფო და მერიის აუდიტი.

პოლიტიკური ნიშნით მუქარა, აგრეთვე, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, სისხლის სამართლის დანაშაულია, აუცილებელია, ჩატარდეს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რათა  გამოირიცხოს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა დევნის ყველა შესაძლო ფაქტი.

25 სექტემბერი

  • 25 სექტემბერს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატმა, ბესარიონ ბენდელიანმა განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი დილით ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული დახვდა. ავტომობილი ღამით სახლის მიმდებარედ იდგა. ბესარიონ ბენდელიანი ინციდენტს თვითმმართველობის არჩევნებს და მისი დაშინების მცდელობას უკავშირებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

  • 25 სექტემბერს ქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. მერიის ინფორმაციით, ამ ადამიანებს წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ. მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

21 სექტემბერი

  • 21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი და დმანისის მოქმედი მერი, გიორგი ტატუაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, რა დროსაც, მისი განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაიჭრა ოპოზიციის ორი აქტივისტი. პოლიციამ ცივი იარაღის გამოყენებით ადამიანების დაჭრის გამო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის 1​1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცრება.

20 სექტემბერი

  • 20 სექტემბერს რუსთავში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ივანე გველესიანს, რომელმაც ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო. გველესიანის თქმით ინციდენტამდე მას  პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას სთხოვდნენ (არ ასაჯაროებს თუ ვინ სთხოვდა), წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

17 სექტემბერი

  • 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინები საკუთრებაში გადასცა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის სახელმწიფო პროგრამების/ხარჯების განხორციელება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

14 სექტემბერი

  • 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის სიმბოლიკიან მაისურებში ჩაცმული პირები ზუგდიდის უფასო მუნიციპალურ სასადილოში ბენეფიციარებს გადასცემენ საკვებ პროდუქტებს და უწევენ მომსახურებას.

პარტიის სიმბოლიკიანი მაისურით მატერიალურ ფასეულებათა გადაცემა შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდეს, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით, აგრეთვე, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. 

11 სექტემბერი

  • 11 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მცხოვრებმა რევაზ გვილიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნების“ შტაბში შეხვდა ყოფილი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზუგდიდში მამუკა წოწერია, რომლებიც მას აიძულებდნენ, შეეწყვიტა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა.

პოლიტიკური ნიშნით მუქარა/იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია, აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რათა  გამოირიცხოს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა დევნის ყველა შესაძლო ფაქტი.

10 სექტემბერი

  • 10 სექტემბერს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გამართული ბრიფინგზე ამავე პარტიის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის მე-10 ნომერმა აკაკი ბეჟანიძემ განაცხადა რომ მას ფარული ნომრიდან დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც სთხოვდა კანდიდატურის მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    ამავე ბრიფინგზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის მე-6 ნომერმა, დალი ტაკიძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა შუახევის მოქმედი მერის, ფრიდონ ფუტკარაძის წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს მისი ნათესავია, მან ტაკიძეს მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა. ტაკიძის თქმით, უარის მიღების შემდეგ მუქარა განხორციელდა მის მეუღლეზე (დაემუქრნენ ავტომანქანის დაწვით). მიუხედავად იმისა, რომ ტაკიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში ადასტურებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, შსს-ის წარმომადგენლის მიერ უწყებათაშორისი კომისიის 15 სექტემბრის სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით, ტაკიძემ გამოკითხვისას არ გაამხილა ფუტკარაძის წარმომადგენლის ვინაობა და სხვა დეტალები, აგრეთვე, მან უარყო მუქარის ფაქტები.

პოლიტიკური ნიშნით მუქარა/იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია, აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რათა  გამოირიცხოს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეთა დევნის ყველა შესაძლო ფაქტი.

  • 10 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯვარში პარტია „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ფრენბურთის მოედანს და მიმდებარე საჯარო სარეკრეაციო სივრცეს რესტავრაცია ჩაუტარეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია „ფეისბუქის“ მეშვეობით გაავრცელეს.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მიერ აღწერილი მომსახურების გაწევა შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

9 სექტემბერი

  • 9 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯვარში რამდენიმე პირმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა და ხანდაზმული ადამიანებს საკვები პროდუქტები დაურიგა. როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, პროდუქტების დარიგების პროცესში ერთ-ერთ მათგანს „ქართული ოცნების“ პარტიის სიმბოლოებიანი მაისური ეცვა.

პარტიის სიმბოლიკიანი მაისურით მატერიალურ ფასეულებათა გადაცემა შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდეს, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით, აგრეთვე, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

8 სექტემბერი

  • 8 სექტემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

7 სექტემბერი

პოლიტიკურმა პარტიამ „საქართველოსთვის” სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს რამდენჯერმე მიაწოდა ინფორმაცია პარტიის მხარდამჭერებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სწავლობს ამ შემთხვევებს. ამ ეტაპზე შემდეგი ფაქტები და გარემოებები გამოიკვეთა:

  • სექტემბრის მეორე ნახევარში გორის სახელმწიფო თეატრის დირექტორს, გივი წვერავას უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა გასდის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კულტურის სამინისტროს, პოზიციაზე მოქმედი დირექტორის კანდიდატურა წარუდგინა (დირექტორს, თეატრის წარდგინებით ნიშნავს კულტურის მინისტრი). 3 სექტემბერს გორის თეატრმა მიიღო კულტურის მინისტრის მოადგილის, იოსებ ბაღათურიას წერილი, რომლითაც რეკომენდაციას აძლევს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ თეატრის დირექტორის პოზიციაზე გივი წვერავას კანდიდატურა აღარ წარმოადგინოს, რისი მიზეზიც თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური განვითარების არარსებობაა. წვერავა ამ გადაწყვეტილებას მის მიერ გორის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას უკავშირებს. იგი პარტია „საქართველოსთვის“ პარტიულ სიაშია.
  • 23 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ბაქარ სიჭინავას ცენტრის დირექტორმა, ბადრი მამულიამ ცალმხრივად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. სიჭინავას განცხადებით, გათავისუფლებამდე მას მამულია სთხოვდა, დაეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რადგან ის პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას ძმაა. ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად სამუშაო ძალის შემცირებაა მითითებული.
  • 23 აგვისტოს ზუგდიდის ა(ა)იპ მოსწავლე - ახალგაზრდობის  სასახლის თანამშრომელ, კესარია წულაიას დირექტორმა, დავით შამათავამ შრომის ხელშეკრულება გაუწყვიტა. წულაიას განცხადებით, გათავისუფლებამდე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მას თხოვდა, შეეწყვიტა „ფეისბუკზე“ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებში აგიტაცია აკრძალული აქვთ, მაგრამ ბრძანებაში ხელშეკრულების გაწყვეტის საფუძვლად პანდემიის გამო ფუნქციების შესრულების შეუძლებლობა არის მითითებული. წულაია რეალურ მიზეზად მის მიერ პარტიის ზუგდიდის ოფისის დახმარებას ასახელებს. საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი.
  • 17 აგვისტოს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის სპეციალისტი, თეიმურაზ გვრიტიშვილი ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით იოსებაშვილმა ინსპექტირების სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა. გვრიტიშვილის თქმით, გათავისუფლებამდე ის დირექტორმა რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ შეეწყვიტა „ფეისბუქზე“ გახარიას და მისი თანაგუნდელის, კოტე ანანიაშვილის მხარდამჭერი აქტივობა.
  • 25 მაისს ბათუმის საკრებულოს თანამშრომელი, გია აბულაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტი „ფეისბუქზე“ გააზიარა. აბულაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ მას ჯერ გაზიარებული პოსტის წაშლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დაუსაბუთებელი ბრძანებით გაათავისუფლა. აბულაძემ გათავისუფლების ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.
  • 19 მაისს ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვანგერ მხეიძემ ამავე ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია დაუსაბუთებელი ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლა. დოლბაიას განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი იყო მისი ნათესაური კავშირი ფოთის მერის ყოფილ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან (რომელიც ასევე გაათავისუფლეს), რომელიც გიორგი გახარიას თანაგუნდელია. დოლბაიას გათავისუფლების ბრძანება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
  • 13 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი, გიორგი მეზვრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მეზვრიშვილის თქმით, გათავისუფლებამდე მას მერმა განცხადების დაწერა მოსთხოვა, რადგან მისი რეკომენდატორი, შალვა კერესელიძე (პარლამენტის წევრი) აღარ იყო გუნდის წევრი და შესაბამისად მასაც უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ, მერის ბრძანებით, მეზვრიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება მეზვრიშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა.
  • 13 მაისს დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა სამსახურიდან დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, თორნიკე თათარაშვილი. თათარაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მის მიერ „ფეისბუქზე“ გიორგი გახარიას მხარდაჭერა გახდა.
  • 11 მაისიდან 3 აგვისტომდე ბათუმში, თბილისში, სენაკში, ფოთსა და გორში ჯამში 7 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სხვადასხვა საჯარო უწყებაში, მათ შორის შსს-ში დასაქმებულმა პირებმა დაწერეს განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მათი თქმით, განცხადება მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო დაწერეს, რისი მიზეზიც მათ მიერ  გიორგი გახარიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, ან გახარიას თანაგუნდელებთან სხვადასხვა სახის (ნათესაური, მეგობრული) კავშირები იყო.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აგრეთვე, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია

2 სექტემბერი 

  • 2 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ჩავლეიშვილის და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანაშემწის, რომან ვანაძის განცხადებით, მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე დაემუქრა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. შარაშენიძე თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ჩავლეიშვილის და ვანაძის განცხადებით, შარაშენიძე მათ არჩევნებზე მხარდაჭერას სთხოვდა. მომხდარ ფაქტზე შსს-ს ოზურგეთის სამმართველოში დაწყებულია გამოძიება.

აუცილებელია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა და საქმის გარემოებების დადგენა.

1 სექტემბერი

  • საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების შემთხვევა გამოვლინდა. პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიასთან ან პარტიის წევრებთან კავშირი დაასახელა.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ასევე, სწავლობს საჯარო მოსამსახურეთა შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეებს, გადამოწმებული შემთხვევები პერიოდულად დაემატება განახლებად ცნობებს.

1 ივნისი - 31 აგვისტო

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ გადელიამ საკუთარი „ფეისბუქ” გვერდის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის 2021 წლის 18 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან – საბა ოდიშარიასა და ლევან უჩანეიშვილთან ერთად, იმყოფებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და შეხვდა ექიმ - ეპიდემიოლოგებს.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება, დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2,000 ლარის ოდენობით. მომხდართან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას.

  • 31 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 500-მე სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.

  • 30 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 27 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ 100-მდე ოჯახს, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით.

ფოთის ამ უბანში მცხოვრები ადამიანები მძიმე პირობების გამო წლებია ითხოვენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს, ამ გადაწყვეტილების წინასააარჩევნო პერიოდში მიღების მიზანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ამომრჩეველთა გულის მოგებაა. ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს.

  • 26 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა” პარტია „ევროპულ საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე იმ საფუძვლით უთხრა უარი, რომ ვიდეორგოლი სიძულვილის ენის ტირაჟირებას ახდენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აზრით, რეკლამაში სიძულვილის ენის ტირაჟირება არ იკვეთება და ტელეკომპანიას უფლება არ ჰქონდა მის განთავსებაზე უარი ეთქვა.

  • 25 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორმა სამცხე–ჯავახეთში, ლევან თათოშვილმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მის დედას და დეიდას (ორივე საჯარო სამსახურში მუშაობს) სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. იმავე დღეს ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება გათავისუფლების საფუძვლების შესახებ არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

  • 17-18 აგვისტოს ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ დღეს შეხვდა მუნიციპალიტეტში დასუფთავების, კეთილმოწყობის და წყალმომარაგების სფეროს წარმომადგენლებს, ხოლო მომდევნო დღეს – მუნიციპალიტეტში კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება, დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2,000 ლარის ოდენობით. მომხდართან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჩივრებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დავას სასამართლოში გააგრძელებს.

  • 22 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა.

ასეთ მოკლე დროში ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა ადგილი ქონდეს შემომწირველებზე ზეწოლას ან მესამე პირის მეშვეობით გაღებულ შემოწირულებას, რაც წარმოადგენს, როგორც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს, ასევე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევას. ამ შემთხვევაზე უფრო ვრცლად იხილეთ „საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

  • 17 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან გაათავისუფლეს თეიმურაზ გვრიტიშვილი. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კოტე ანანიაშვილის მხარდამჭერი აქტივობა, რაზეც მას გათავისუფლებამდე არაერთხელ მიუთითეს, მათ შორის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით იოსებაშვილმა.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

  • 16 აგვისტოს ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო სფეროს წარმომადენლებთან.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება. მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნორმის შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა იქვე თავადვე დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე წარმომადგენელიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის წარმოების ფარგლებშიც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უარყო თანაპარტიელის ბრიფინგზე ნათქვამი და განაცხადა, რომ შეხვედრა მხოლოდ კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შედგა. საოლქო კომისიას არ განუხორციელებია არანაირი ქმედება ფაქტების დადგენის მიზნით, პირდაპირ დაეყრდნო მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ამ საფუძვლით საჩივარი არ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დავას სასამართლოში გააგრძელებს.

  • 11 აგვისტოს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
  • 26 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება.
  • 26 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საშემოდგომო რთველის დაფინანსება 38 მილიონი ლარიდან 138 მილიონამდე გაიზარდა..

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 20 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის დასპონსორებული ვიდეორგოლი გააზიარა, რომლის სარეკლამო თანხა, ფეისბუქის თანახმად, საქართველოს მთავრობის გვერდის მიერ იყო გადახდილი.

ეს ქმედება წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების აშკარა არამიზნობრივ, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ხარჯვას. ქმედება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულებია.

  • 25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელი ბინის შეძენის ხელშეწყობის მიზნით ოჯახებისთვის ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას. პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
  • 24 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
  • 23 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები საკუთრებაში გადასცა.
  • 16 ივნისს ქუთაისსა და ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, ისინი საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში უახლოეს მომავალში უპირობოდ მიიღებენ.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 11 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე. დავითაძის განცხადებით, მისი გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ იგი ოპოზიციაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ იყო თანამდებობაზე დანიშნული. დავითაზე ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერია.

მინდია დავითაძის შრომით უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს, ვინაიდან, მიგვიჩნია, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელია.