გზა დიქტატურისკენ: „ქართული ოცნების” მორიგი რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ისეთი რეპრესიული კანონების მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებას, საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლას და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ პარტიულ დაქვემდებარებას.
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა 2025 წლის აპრილის შემდეგ.[1]
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი[2], რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების ერთ-ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს და აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებლად გვევლინებოდეს, გადაიქცა მმართველი პარტიის ნების ბრმად შემსრულებელ სტრუქტურად, რომელიც ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად იღებს მკაცრ და თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.
მიღებული და ინიცირებული ცვლილებებით:
- “ქართულმა ოცნებამ” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი საკუთარ კომფორტს მოარგო და გაუქმა კონსტიტუციური უფლების მნიშვნელოვანი გარანტიები; ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება; ჟურნალისტს შესაძლოა დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, კანონს უკუძალა ექნება და კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება;
- დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა და გაიზარდა „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ მედიაში, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა; სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობითაა შესაძლებელი
- აქციების დროს გზის გადაკეტვისათვის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა პატიმრობას იწვევს;
- სისხლის სამართლის კოდექსის რეპრესიული ცვლილებებით, რომელსაც მოქმედების უკუძალაც აქვს, მსჯავრდებულ პირებს (მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულში) შესაძლოა მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლა აკრძალოთ;
- დაზარალებულს უფლება ექნება ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირისგან, არამედ დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის ოჯახის წევრებისგან) მოითხოვოს და მათ ქონება ჩამოერთვათ;
- მსჯავრდებულს, რომელსაც არ შეუსრულებია დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აეკრძალება საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი დახმარება მიიღოს მეგობრის, ნათესავისა და ოჯახის წევრისაგან;
- სისხლის სამართლის პროცესში სასამართლო გადაწყვეტილება სხვა მტკიცებულებებთან ანონიმური მოწმის ჩვენებას შეიძლება დაეყრდნოს;
- “ქართულმა ოცნებამ” ფაქტიურად გააუქმა საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ისედაც არ ხორციელდებოდა და გაზრდილი ხელფასების ფონზე დეპუტატებს საქმე გაუნახევრა;
- “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ნებასურვილს დაუქვემდებარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღება და უკვე რიგით მეოთხე კანონი მიიღო თითქმის ყველა დაჩქარებული წესით, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას;
- გრძელდება რეპრესიები საჯარო სამსახურში და იხურება არა ერთი სსიპ-ი, რაც ათობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს;
- გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მთავარი ფუნქციაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო;
- გამარტივდა უცხოელთა გაძევება საქართველოდან, რასაც ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილ უცხოელებთან დაკავშირებით იყენებს.
1. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი გამოხატვის ჩახშობის იარაღად გადაიქცევა
“ქართული ოცნების” წევრებმა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და აზრის თავისუფლებასთან, ფუძემდებლურ საერთაშორისო პრინციპებთან და აუქმებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიებს.
- კანონში გაუქმდა მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც მედიასა თუ ნებისმიერ მოქალაქეს იცავდა საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე აზრის გამოხატვის დროს. მაგ.:
- ჟურნალისტს შესაძლოა დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, რაც აქამდე დაცული იყო პროფესიული საიდუმლოს პრინციპით;
- გაუქმდა წესი, რომლის მიხედვითაც თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობდა და ეს ეჭვი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ეჭვი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდებულიყო;
- გაუქმდა წესი, რომელიც კრძალავდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხებოდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ცოდნაც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხებოდა ვიღაცის პირად ცხოვრებას ან პერსონალურ მონაცემებს.
- ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება, მოსარჩელე, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ვალდებულებისგან გათავისუფლდება. ასევე ცილისწამების დროს მოსარჩელემ აღარ უნდა ამტკიცოს რომ ზიანი მიადგა. თუკი პირი მიიჩნევს რომ განცხადებით სახელი გაუტყდა, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს;
- ამ ცვლილებების განხორციელებამდე საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, თუ მან წინასწარ იცოდა რომ მცდარ ფაქტს ავრცელებდა. ახალი ცვლილებებით, საჯარო პირის შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობა მაშინაც დადგება, თუ პირმა არ მიიღო გონივრული ზომები, რომ ფაქტები გადაემოწმებინა ან არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა;
- დაწესდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში, რაშიც სოციალურ მედიაც იგულისხმება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიეცემა უფლება შეაფასოს და დაარეგულიროს, რას ამბობს ან ავრცელებს ადამიანი საჯაროდ და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმაზე დაყრდნობით, თუ რა შინაარსი აქვს კონკრეტულ აზრს ან გამოთქმულ ფრაზას;
- გაუქმდა გამოხატვის თავისუფლების დროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება (კვალიფიციური პრივილეგია) იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად ან იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს და აშ. ასეთ შემთხვევებში პირი ვეღარ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან თუ ფაქტი, რომელიც მან გაავრცელა მცდარი აღმოჩნდა;
- თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
ცვლილებებით გაუქმდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიები და კანონი, რომლის მთავარი აზრიც გამოხატვის კონსტიტუციური უფლების დაცვაა, ხელისუფლების კომფორტს მოერგო. მედიისა და მოქალაქეების უფლება გაავრცელონ ინფორმაცია საჯარო ინტერესის მქონე მოვლენებზე, შეიზღუდება პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით. ჟურნალისტები შეიძლება მხოლოდ იმიტომ დაისაჯონ რომ წყაროს კონფიდენციალობას არ ამხელენ. ცილისწამების შესახებ ნორმების გამკაცრება და მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე შექმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტი ან რიგითი მოქალაქე მარტივად აღმოჩნდება პასუხისმგებლობის ქვეშ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი აზრის გამოხატვა ვინმესთვის არამომგებიანი ან შეურაცხმყოფელია. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი” გამოხატვის ჩახშობის იარაღად გადაიქცევა და არა დაცვის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
2. პროტესტის მონაწილეთა დაპატიმრების ახალი შესაძლებლობები
„ქართულმა ოცნებამ” ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად გზის გადაკეტვისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა პატიმრობას იწვევს. პატიმრობას გამოიწვევს ასევე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობაც.
შეიცვალა ასევე ჯარიმების გასაჩივრების წესიც. თუ სახდელის სახედ ჯარიმა ან პატიმრობაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეიძლება. მაგალითად, თუკი გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჯარიმის ჯერ შსს-ში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრება და პროცედურულად ჩერდებოდა მთელ ამ პროცესში დაკისრებული ჯარიმის აღსრულება, შეცვლილი წესის მიხედვით, გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში იქნება შესაძლებელი.
3. “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეზღუდა
“ქართულმა ოცნებამ” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც წარმოადგენს მმართველი ძალის გაცხადებულ მცდელობას სამართლებრივი სივრცის ტოტალური კონტროლი დაიკანონოს და გააუქმოს სასამართლო ხელისუფლებაზე საზოგადოების ზედამხედველობის საჯარო მექანიზმები.
- სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა. თავდაპირველი პროექტით პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იყო მოსამართლის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. თუმცა მომდევნო მოსმენებზე სხდომების აუდიო-ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილების მიმღებად, სასამართლოს ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო განისაზღვრა.
- ასევე დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა. სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ყველა ინსტანციაში არ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, იგი საზოგადოებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი;
- სასამართლოს შეუძლია სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
- შეიცვალა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა.მოსამართლეების რაოდენობა გაიზრდა, ხოლო არამოსამართლე წევრების რაოდენობა შემცირდა - 12 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი. ცვლილებები გამოიწვევს სასამართლო კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას. აგრეთვე გაუარესდა საბჭოს გამჭვირვალობაც, რადგან იგი აღარ იქნება ვალდებული გამოაქვეყნოს მთელი რიგი საჯარო ინფორმაცია, როგორიცაა სხდომის ოქმები, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია და სხვა;
- მნიშვნელოვნად შეიზღუდა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები და გაძლიერდა მათზე კონტროლის მექანიზმები: მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ საჯარო ღონისძიებებში ან ტრენინგებში მონაწილეობდეს საბჭოს ნებართვის გარეშე. გაიზარდა მოსამართლეთა მივლინების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე; ამასთანავე, დაიშვება ამ ვადის გაგრძელებაც 2 წლით;
- გაფართოვდა „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. .„ნებისმიერი ფორმით“ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა იკრძალება, მათ შორის, შეიძლება მოვიაზროთ მოსაზრებების გამოთქმაც, რომელიც შეიძლება მიიჩნიონ სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევად.
წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს სახიფათო უკუსვლას სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით და სასამართლოს, რომლის დამოუკიდებლობის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცევს. სასამართლო პროცესების დახურვა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლოს ზედამხედველობის საჯარო მექანიზმებს.
„სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნების გაფართოება საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას. ბუნდოვანი და ღია ფორმულირებები ქმნის რეპრესიული გამოყენების საშიშროებას, სადაც საზოგადოების კრიტიკული მოსაზრებები შესაძლოა აღქმულ იქნას სასამართლოს მიმართ მტრულად და დასჯადად.
იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში მოსამართლეთა დომინირება და არამოსამართლე წევრთა შემცირება, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულების გაუქმება ქმნის მმართველი კლანის კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს და ასუსტებს საბჭოს ფუნქციურ დამოუკიდებლობას.
ცვლილებებით იზღუდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. ტრენინგებსა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის რეგულირება საბჭოს ნებართვით, მივლინების ვადების ზრდა და შესაძლო გახანგრძლივება ემსახურება მოსამართლეებზე გავლენის გაძლიერებას და მათ პერსონალურ თავისუფლებაზე ინსტიტუციურ კონტროლს.
4. ანონიმური მოწმე სისხლის სამართლის პროცეში
სისხლის სამართლის კოდექსში „ქართულმა ოცნებამ” ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება მოწმის ვინაობა დარჩეს უცნობი. კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობა უვადოდ შეიძლება იყოს დაფარული. პროცესზე ანონიმური მოწმე დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობაც დაცვას აღარ ექნება, არ ეცოდინება მოწმის ვინაობა, რაც სრულად დაარღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.
5. მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა და მიღება აიკრძალა
„ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მთავრობის სავალდებულო თანხმობას დაექვემდებარა გრანტების გაცემა და მიღება. ასევე, მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს გაცემული გრანტის მიზნობრიობის ცვლილებაც. მსგავსი წესები და აკრძალვა გავრცელდება ასევე ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ ნებისმიერ სახსრებზე, რომლებზეც ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს, რომ თავისი შინაარსით გრანტია. გრანტად ჩაითვლება ასევე გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო. ამ საქმიანობის ფარგლებში ბიუროს ფაქტობრივად უსაზღვრო უფლებამოსილება მიენიჭა.
„აკრძალული” გრანტის მიღება იწვევს გრანტის მიმღები პირის დაჯარიმებას გრანტის ოდენობის ორმაგი ოდენობით. გრანტის მიმღებს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს გრანტის მიღებიდან 6 წლის განმავლობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არიან ქცეულნი, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.
„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომ დონორის მიერ გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარ თანხმობას, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას.
აქვე აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა წინასწარ დაასახელეს მათთვის არასასურველი ორგანიზაციები, რომლებსაც არ მისცემენ თანხმობას გრანტის მიღებაზე.
27 მაისს “ქართულმა ოცნებამ” კანონში დამატებითი ცვლილებები დააინიცირა, კერძოდ აკრძალვის წესები არ გავრცელდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაზე, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამაზე ერაზმუს+ (Erasmus+), ასევე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე.
6. “ქართული ოცნება” მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას, დაკავშირებული პირებისაგან ქონების ჩამორთმევას და მსჯავრდებულისათვის ოჯახის წევრების დახმარების აკრძალვას აკანონებს
„ქართულმა ოცნებამ” სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმად დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან.
ამავე ცვლილებებით გათვალისწინებულია საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე (ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის- 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის- 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი).
დაინიცირების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მძიმე შეზღუდვები დაემატა „ოცნების” პროექტს. კერძოდ, მსჯავრდებულს აეკრძალება მცირე ოდენობის თანხაზე მეტი (საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა) დახმარების მიღება. აქ იგულისხმება საცხოვრებელი ფართით, ტრანსპორტითა თუ ნებისმიერი სახის მატერიალური დახმარება. ვინც ასეთ დახმარებას აღმოუჩენს (მათ შორის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი) დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა - 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილებები მეორე მოსმენის ეტაპზეა გაჩერებული.
სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილები შეუსაბამოა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ზიანის ანაზღაურების მიზნით საგნის/ქონების ამოღება არა მხოლოდ დაზარალებულისაგან, არამედ მისი ახლო ნათესავებისა და დაკავშირებულ პირებისაგან ეწინააღმდეგება ინდივიდუალური პასუხისგებლობის პრინციპს.
„საქართველოდან გასვლის აკრძალვის“ სოციალური დაცვის ღონისძიებად გამოცხადება სცდება დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებს, ადამიანის უფლებების პრინციპებსა და საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ასეთი აკრძალვა შესაძლებელია არასაპატიმრო ან პირობითი სასჯელის შემთხვევებშიც.
კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღვოდა სპეცსამსახურების მიერ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება და დაკავება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება დიდი ოდენობით ქონების მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები უკუძალით ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.
მსჯავრდებულისათვის აკრძალვა, მიიღოს დახმარება ახლობლებისაგან და ამისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს, ასევე ჰუმანურობის პრინციპებს.
7. რეპრესიების გაგრძელება საჯარო სამსახურში - სსიპების გაუქმება
„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.
საჯარო სამსახურში წმენდისა და რეპრესიების მორიგი ცვლილებები საგარეო უწყებას შეეხო. კერძოდ, ქართული ოცნების ინიციატივის თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, მივლინებულ პირს შეიძლება მივლინება ვადაზე ადრე შეუწყვიტონ, თუ მინისტრის დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები დაარღვია, რომელმაც „შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს”.
გარდა ამისა, გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ. როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და აღნიშნული სსიპი გადავა სამინისტროს შემადგენლობაში.
ცენტრის გაუქმებას წინ უძღვოდა NATO-ს წევრ ქვეყნებში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება, მათ შორის - ამერიკაში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაუქმდა სსიპ- ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი.
ამ რეორგანიზაციების უკან რეპრესიები იმალება, რისი სამიზნეც ის ხალხია, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დეკემბერში შექმნილ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი. შედეგად, მოველით რომ ამ ხალხის სამინისტროდან გაშვების შემდეგ, ეს შტატები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდამჭერებით შეივსება.
“ქართული ოცნების” წევრებმა მხარი დაუჭირეს “ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის ცვლილებების შედეგად, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. აპარატის თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
8. დაზვერვის სამსახურის გაუქმება
ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტო გახდა. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს ცვლილებები 2025 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში და დაზვერვის სამასახურში დასაქმებულ პირებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ დაზვერვის სამსახურის გაუქმებისა და სუსთან მიერთების ინიციატივა პირველი არ არის.[3] ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში მთავრობის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილება ითვალისწინებდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წარდგენილი კანონპროექტი არაერთ ბუნდოვან დებულებას მოიცავდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგნად იქცა.[4] რის შემდეგაც, მთავრობამ წინადადებით[5] მიმართა პარლამენტს და უკან გაითხოვა აღნიშნული კანონპროექტი.[6]
„ქართული ოცნების” მიერ ამჯერად წარმოდგენილი ინიციატივა იგივე რისკისა და გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს. ერთიანი სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახური შიდა უსაფრთხოების და საგარეო დაზვერვის მანდატით გარდაუვლად იწვევს ერთ ინსტიტუციაში ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციას. არსებობს რისკი, რომ საგარეო დაზვერვის ღონისძიებები (რომელიც როგორც წესი ნაკლებად მკაცრად არის რეგულირებული) გამოყენებული იქნეს ეროვნული უსაფრთხოების მანდატის კონტექსტშიც (რომელიც როგორც წესი უფრო მკაცრ კონტროლს ექვემდებარება).[7] აქვე უნდა აღინიშნოს უწყების პოლიტიზების მაღალი რისკი, რაც თავისი არსით დაზვერვის სამსახურის ძირითად პრინციპებსა და ფუნქციებთან შეუთავსებელია.
9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება
„ქართული ოცნების” მორიგი ინიციატივით გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურას შეუერთდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტურობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის 9 დათქმიდან[8] ერთ-ერთი იყო.
ბოლო პერიოდში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ათეულობით მოქალაქემ მიმართა პროევროპული აქციების პერიოდში სამართალდამცავი პირების მხრიდან დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თუმცა ამ დრომდე არცერთი სავარაუდო ბრალდებული არ არის გამოვლენილი და შედეგი არ დამდგარა. იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას გაეძლიერებინა ინსტიტუცია, რომლის ფუნქციაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა, მან საერთოდ უარი თქვა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობაზე. აღსანიშნავია, სწორედ საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობის ფონზე მოხდა უწყების ხელმძღვანელის კარლო კაციტაძის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მიერ. შესაბამისად, უწყების შერწყმა და ამ გზით ხელმძღვანელის გაშვება, ბოლო დროის ტენდენციის ნაწილიც შეიძლება იყოს, როდესაც ბრიტანეთის და ამერიკის დასანქცირებული თანამდებობის პირები ჩამოაშორეს საქმიანობას.
სამსახურის ყოფილ უფროსს და მოადგილეებს მიეცემათ 3 თვის კომპენსაცია. რაც შეეხება სამსახურში დასაქმებულ მოხელეებს, ლიკვიდაციის შემდეგ მათ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია მიეცემათ და სურვილის შემთხვევაში, ჩაირიცხებიან მოხელეთა რეზერვში.
10. პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებით საპარლამენტო კონტროლის გაუქმება
„ქართული ოცნების” დეპუტატებმა 2025 წლის 13 მაისს მხარი დაუჭირეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტს, რომლითაც ფაქტობრივად გაუქმდა საპარლამენტო კონტროლი და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა; პარლამენტში გაუქმდა საბჭოები, რომელთა მიზანიც ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა იყო; კომიტეტებს ფუნქციები და საქმე გაუნახევრდებათ. ეს ცვლილებები კი იმ ფონზე მოხდა, როცა 2025 წელს პარლამენტის წევრების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა - დღეს პარლამენტის წევრის ხელფასი 11 680 ლარია, თუ პარლამენტის წევრს თანამდებობა უკავია მისი ხელფასიც შესაბამისად იზრდება, მაგალითად კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი 12 556 ლარია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 14 600 ლარი. ამასთან ერთად პარლამენტარები საკუთარ კომფორტზეც ზრუნავენ და მთელი რიგ თანამდებობის პირებს დამატებითი თანაშემწის აყვანის უფლება მიეცათ.
ახალი რეგლამენტით პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი მთავარი ფუნქციის - მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე. “ქართული ოცნების” პარლამენტი პრაქტიკაში ისედაც აღარ იყენებდა მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, საბჭოები და კომიტეტები ხშირად ფორმალურად ფუნქციონირებდა და რეალურ ზედამხედველობას არ უზრუნველყოფდა. ახალი რეგლამენტის პროექტმა კი მხოლოდ დაადასტურა ის, რაც დიდი ხანია თვალსაჩინოა — ქართული ოცნების დეპუტატებისთვის მთავარი პრიორიტეტი არც გამჭვირვალობაა, არც საზოგადოებრივი ჩართულობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური კომფორტი: მეტი ხელფასი, მეტი თანაშემწე, მეტი სოციალური გარანტია და ნაკლები საქმე. ამიტომაც მოარგეს პარლამენტის მუშაობის წესები სწორედ საკუთარ ინტერესებს — ფორმალობა, ჩაკეტილობა და ძალაუფლების უკონტროლო გამოყენება.
პარლამენტის ახალი რეგლამენტით:
- გაუქმდა საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები მინისტრის საათი[9] და თემატური მოკვლევის ინსტიტუტი. საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების გაუქმება პოლიტიკური კომფორტის შექმნას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მინისტრის საათის გაუქმების საპირწონედ ინტერპელაციის რაოდენობის ზრდა არის დასახელებული, თუმცა ეს ორი მექანიზმი არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს;
- გაიზარდა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრებისათვის სოციალური გარანტიები: გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ლიდერს, თუ ისინი იკავებენ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობას, მიეცემათ ის შრომის ანაზღაურება, რომელიც მათი სტატუსის, პოზიციისა, თუ დაკავებული საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით უფრო მაღალია. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მის მიერ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის ან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დაკავების შემთხვევაში, უნარჩუნდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის გარანტიები.
- გაუქმდა კომიტეტის მნიშვნელოვანი ფუნქციები. კომიტეტი აღარ განიხილავს შემდეგ საკითხებს: თანამდებობის პირის არჩევა, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პრეზიდენტის არჩევა, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და სხვა საკითხები. კომიტეტებმა თვეში არანაკლებ ორი სხდომის ნაცვლად ერთი სხდომა უნდა გამართონ;
- ქალთა და ბავშვთა უფლებები საპარლამენტო საქმიანობის პრიორიტეტი აღარ არის. გაუქმდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო. მართალია უკანასკნელი წლებია საბჭოებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდათ, თუმცა იმის ნაცვლად რომ ქართულ ოცნებას პარლამენტის ეს სტრუქტურული ერთეულები აემუშავებინა, საერთოდ უარი თქვა მათზე.
- პარლამენტის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა კიდევ უფრო უარესდება: უქმდება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო; პარლამენტი და კომიტეტები აღარ არიან ვალდებული წარადგინონ წლის სამოქმედო გეგმები; კომიტეტი აღარ არის ვალდებული, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები, კენჭისყრის დროს დეპუტატის მიერ დარბაზის დატოვების აკრძალვა ამოღებულია, რაც წარმოშობს რისკს სხვის ნაცვლად მოხდეს ხმის მიცემა; საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტზე აღარ განიხილავენ. ამის ნაცვლად, საკანონდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გაეგზავნება, რომელთაც 1 თვის ვადა ექნებათ წინადადების შესაბამისად წარადგინონ საკანონმდებლო ინიციატივა;
- პარლამენტის წევრებისთვის პოლიტიკური გამოხატვა შეიზღუდა და ოპოზიციის უფლებები შემცირდება. ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. შესაბამისად სხდომაზე არ დასწრება გაცდენად ჩაითვლება. პლენარული და კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას მოწვეულმა პირმა თავი უნდა შეიკავოს განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტში რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ისინი მაინც ცდილობენ ინსტიტუციურ დონეზე შეამცირონ ოპოზიციის საზედამხედველო ბერკეტები: უქმდება ფრაქციის უფლებამოსილება, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს ბიუროს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარების შესახებ, ოპოზიციას გაურთულდება სხვა დროებითი კომისიის შექმნა კვორუმის გაზრდის გამო. კომისიის შექმნისთვის პარლამენტის წევრთა ¼ -ის ნაცვლად ⅓ თანხმობა იქნება საჭირო.
11. უცხოელების გაძევების შესახებ ინიციატივა
„ქართულმა ოცნებამ” საკუთარი მოქალაქეების გარდა უცხოელებზეც გადაწყვიტა რეპრესიული პოლიტიკის გატარება. ამის მაგალითია „საერთაშორისო დაცვის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები. ცვლილებებით უცხოელებისთვის გათვალისწინებულია სასჯელისა და ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ამ გზით აპირებს „ქართული ოცნება” დაუპირისპირდეს კრიტიკულად განწყობილ უცხოელებს.
მიგრაციის დეპარტამენტის აპრილის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი.[10] მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ფაქტია სამართალდამცავების მხრიდან უცხოელების მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე, ამ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. საპასუხოდ, ისინი გააძევეს ქვეყნიდან.[11]
[1] რეპრესიული ცვლილებების პირველი ტალღის შესახებ ვრცლად იხ. ჩვენი კვლევა: გზა დიქტატურისკენ: “ქართული ოცნების” რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში ((2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის მარტი), https://shorturl.at/tZM2E
[2] აღვნიშვათ, რომ ამ მიმოხილვაში ჩვენ საგანგებოდ არ ვეხებით პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს. ამ პრობლემის ირგვლივ რომ საზოგადოებაში დიდი კითხვები არსებობს, ეს ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობისგან ამჯერად თავს შევიკავებთ მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ლეგიტიმაციის საკითხმა არ დაჩრდილოს სხვა მხრივ არსებული კანონდარღვევები და პრობლემები, რომლებიც უკავშირდება რეპრესიული კანონების მიღებას.
[3] ვრცლად იხ. უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა საქართველოში (შედეგები დაგამოწვევები), თბილისი, 2018, https://www.transparency.ge/sites/default/files/sus-geo-web.pdf
[4] იხ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) პირველადი შეფასება უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, https://emc.org.ge
[5] საქართველოს მთვარობის განკარგულება საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ, https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/166231
[6] იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასება, http://www.transparency.ge/ge/post/saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelo-dadebitad-apasebs-mtavrobisgadacqvetilebas-uari-tkvas
[7] Venice Commission, Report on the Democratic Oversight of the Security Services, 2007, § 94-97 http://www.venice.coe.int/webforms/documents/CDL-AD(2007)016.aspx
[8] 2023 Communication on EU Enlargement Policy, https://enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/COM_2023_690%20Communication%20on%20EU%20Enlargement%20Policy_and_Annex.pdf?fbclid=IwAR1bJMX7lRfAMVmEzUFYyUrspewXKos9qgT472d7SGeqw7DZMmBSyjbZ1FY
[9] მინისტრის საათი და თემატური მოკვლევის ინსტიტუტი საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმებია. ისინი საშუალებას აძლევდნენ დეპუტატებს სისტემატურად დაესვათ შეკითხვები მინისტრებისთვის და გამოეკვლიათ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
[11] ვრცლად იხ. https://shorturl.at/3D88E